ცნობილი მხატვარი - გია ბუღაძე 9 წლის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო და სულ რამდენიმე თვეა, რაც თანამდებობა დატოვა. გია ბუღაძე წლების მანძილზე წინა ხელისუფლების ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, დღეს იგი დუმილს არღვევს და სრულიად მოულოდნელ განცხადებებს აკეთებს.
- სამხატვრო აკადემიის რექტორი 9 წლის განმავლობაში იყავით. შემდეგ თანამდებობა მოულოდნელად დატოვეთ…
- სამხატვრო აკადემია სერიოზული ორგანიზაციაა, მას მოვლა-პატრონობა სჭირდება და იმედი მაქვს, ახლანდელი მთავრობა უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენს, ვიდრე წინა მთავრობა იჩენდა.
- თქვენ ყოველთვის ითვლებოდით წინა მთავრობის ფავორიტად...
- ალბათ იმიტომ, რომ თავიდან მხარი დავუჭირე მათ მოსვლას. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ზურაბ ჟვანიასთან. ზურას შემდეგ მმართველობის სტილი ძალიან შეიცვალა... რომ გავიცანი, 18 წლის იყო. კარლო კაჭარავამ მოიყვანა ჩემთან სახელოსნოში. მახსოვს, როგორ გამაოცა ზურას საოცარმა ნიჭმა, ზუსტი ანალიზის უნარმა. ბიოლოგი ბიჭი მოვიდა ჩემთან, დახეული "კედებით" (მაშინ მოდაში არ იყო, უბრალოდ მეტის საშუალება არ ჰქონდა). როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მიხაროდა, ზურა რომ ჩაერთო. სწორედ იმ პერიოდში გავიცანი მიხეილ სააკაშვილი. იგი ჩემთან სახლში მოიყვანა პირველი მოწვევის პარლამენტის ყოფილმა პარლამენტარმა - გელა ჩორგოლაშვილმა. მახსოვს მიშას მოღიმარი სახე და დიდი ფეხსაცმელები... როდესაც ზურა ჟვანია პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა, შემომთავაზა, დიდი გამოფენა გამეკეთებინა პარლამენტის ისტორიულ შენობაში. მთელი ორი წელი იყო ნამუშევრები გამოფენილი. როგორც კი ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წავიდა, მე თვითონ მივედი და ნახატები ჩამოვხსენი. ერთი ამბავი ატყდა, ჟურნალისტები მოცვივდნენ და უამრავ შეკითხვას მისვამდნენ. მე ახლაც ვამბობ, რომ ის გამოფენა ზურასთვის გავაკეთე, მას შემდეგ ის ნახატები სარდაფში ყრია. ზურაბ ჟვანიას პარლამენტის ხელმძღვანელობისას გავაკეთე მეფეთა დარბაზის მოხატულობა პარლამენტის შენობაში. ეს დარბაზი სპეციალური შეხვედრებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და ძალიან ამაყი ვიყავი... როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს და კოლინ პაუელი ჩამოვიდა, პრესკონფერენცია სწორედ ამ ჩემს მოხატულ დარბაზში მოეწყო. სამახსოვრო ფოტოც მაქვს... აი, რატომ მიაჩნდათ, რომ მთავრობის საყვარელი პერსონა ვიყავი... ეს დარბაზი ისტორიულია, იქ თავის დროზე ბერია იჯდა; ამ დარბაზში იდგა მაგიდა, რომელთანაც ზვიად გამსახურდია მუშაობდა. მაგიდას ნატყვიარებიც ამჩნევია. ზვიად გამსახურდიასაც კარგად ვიცნობდი, რადგან 1978-1979 წლებში პატრიარქის სტიქაროსანი გახლდით. ბატონი ზვიადი ეკლესიაში მარცხენა სვეტთან იდგა ხოლმე და ერთმანეთს ვესაუბრებოდით.