სკანდალი უზენაეს სასამართლოში და საიდუმლო, რომელიც კუბლაშვილს საკუთარ ლექტორთან აკავშირებს
27 წელია, რაც სევდიასთან უშუალო შეხვედრის და მასთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის პატივი არ მქონია, მაგრამ ერთს ვიტყვი: "მთისა და მიწის უფალმა საჯოს ესევითარი განუსჯელობა"
"უზენაეს სასამართლოში საიდუმლო თათბირებს ატარებენ და ცდილობენ, მოსამართლეები დაამუნათონ, შეაშინო ან დააშანტაჟონ და ისე მიაღებინონ ესა თუ ის გადაწყვეტილება."
"ნაციონალებს" უგულავზე ძალიან სერიოზული ფსონი აქვთ დადებული, პრეზიდენტობისთვის ამზადებენ"
"უკუღმართი და მაკვარანცხული აზროვნება "ნაციონალებისთვის" დამახასიათებელია, ასე რომ, არ გამიკვირდებოდა
უგულავა ციხეში რომ ჩაესვათ და წამებულის ეკლიანი გვირგვინით შეემკოთ. ეკლიანი გვირგვინიდან კი დაფნის გვირგვინამდე ძალიან ცოტა მანძილია."
"ამ 9 წლის განმავლობაში გამომძიებელმა და მოსამართლემ ფუნქცია დაკარგეს. იყო მხოლოდ ერთი კაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა, კანონმდებელიც ის იყო, აღმასრულებელიც, აკადემიის რექტორიც, გამომძიებელიც და ტარიელ ონიანიც."
"კოტე კუბლაშვილს მოვუწოდებ, ნებაყოფლობით მონობას თავი დაანებოს. რამდენჯერ მოვიკლა თავი მისი გაზრდისთვის?" - ამბობს სამართალმცოდნეობის დოქტორი, ყოფილი მოსამართლე და კოტე კუბლაშვილის ლექტორი მინდია უგრეხელიძე. როგორც ცნობილი გახდა, პარლამეტის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა მალე კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. კუბლაშვილი ირწმუნება, რომ ეკა ბესელია უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს.
- ბატონო მინდია, რამდენად მოსალოდნელია იმპიჩმენტის პროცედურა გამოყენებულ იქნას კოტე კუბლაშვილის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ეს უბრალოდ არასერიოზულობაა ეკა ბესელიას მხრიდან?
- კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის პროცედურას ექვემდებარება. ასე რომ, კუბლაშვილს არასერიოზულობის მაგიერ დაფიქრება მართებს…
- კუბლაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს ფაქტები, რის გამოც მისი იმპიჩმენტის დაწყება შესაძლებელი გახდებოდა...
- არსებობს თუ არა ასეთი ფაქტები, ამას გამოძიება გვიჩვენებს. თუმცა, პირადად მე იმდენი სამდურავი მესმის მის შესახებ, აქედან ერთი მესამედიც კი რომ აღმოჩნდეს მართალი, ეს მისი იმპიჩმენტისთვის საკმარისი საფუძველი იქნებოდა. სხვათა შორის, იმპიჩმენტი უაღრესად დემოკრატიული საშუალებაა ხელისუფლების თავგასული წარმომადგენლების მშვიდობიანად ჩამოცილებისათვის და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ იყენებენ მას საქართველოში, თუნდაც პრეზიდენტის მიმართ. ძალიან მიკვირს, რატომ იკლავენ თავს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, როცა შეუძლიათ გამოუცხადონ პრეზიდენტს იმპიჩმენტი და შემდეგ გამოიყენონ კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრა, მას უფლება აღარ აქვს, განახორციელოს რაიმე ტიპის ღონისძიება მთავრობისა და პარლამენტის დაშლის თაობაზე. ახლა რაც შეეხება კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. მოდით ორი ასპექტი გამოვყოთ: ერთი, რომელიც შეეხება კუბლაშვილის მფარველობაში მყოფ მოსამართლეებს, რომლებსაც თურმე იურიდიული განათლება არ ჰქონიათ. თუ გაირკვა, რომ მოსამართლეს იურიდიული განათლება არ აქვს, მისი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიულ ძალას კარგავენ. თუ ეს ამბავი დამტკიცდა, უზენაესი სასამართლო ძალიან დიდ სკანდალში გაეხვევა.