ახლახან გამოვიდა გაქირავებაში ბოევიკი "კერკეტი კაკალი-5", რომელშიც ბრიუს უილისთან ერთად ითამაშა 29 წლის რუსმა მსახიობმა იულია სნიგირმა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გოგონამ სწორედ ჰოლივუდელ კინოვარსკვლავთან მუშაობის პერიპეტიებზე ისაუბრა.
ფილმის რუსულ პრემიერაზე იულია არა მხოლოდ ბრიუს უილისსა და სხვა ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად გამოჩნდა, არამედ რუს მსახიობ დანილა კოზლოვსკისთანაც პოზირებდა და დაადასტურა კიდეც საჯაროდ, რომ წყვილს რომანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იულია ბოლო დროს ჰოლივუდში მეტ დროს ატარებს, რადგან იქ კარიერის აწყობით არის დაკავებული, წყვილი ერთმანეთის ნახვას მაინც ახერხებს. მით უმეტეს, რომ მალე ჰოლივუდში კოზლოვსკიც გადაბარგდება - როგორც გაირკვა, რუს მსახიობს ჰოლივუდელმა რეჟისორმა მარკ უოტერსმა შესთავაზა როლი ტრილოგიაში "ვამპირების აკადემია".
ფილმში "კერკეტი კაკალი: კარგი დღეა იმისთვის, რომ მოკვდე", იულია რუს ბოროტმოქმედს თამაშობს, რომელიც ძირითადად ინგლისურად ლაპარაკობს. ფილმის გადაღებები უმთავრესად მოსკოვში მიმდინარეობდა, ნაწილობრივ - ბუდაპეშტში. ბრიუს უილისსა და იულიას ბევრი საერთო სცენა არ ჰქონიათ, თუმცა უილისმა მაინც მოახერხა რუს მსახიობზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა. "ბრიუსი ძალიან ქარიზმატულია. მარტო მისი მიმიკა რად ღირს! როგორ იღიმის!.. და ის, რა თქმა უნდა, ვარსკვლავია. ის მშვენიერია", - ამბობს აღტაცებული იულია და იმასაც დასძენს, რომ ბრიუსს თურმე გვერდიდან არ შორდებოდნენ მისი ცოლი ემა ჰემინგი და ახალშობილი გოგონა მეიბლ რეი.
რაც შეეხება თავად იულიას, გადაღებები მისთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა. მას მოუწია სიმაღლის შიშის დაძლევა, რადგან ერთ-ერთ სცენაში კარღია ვერტმფრენით დაფრინავდა. გარდა ამისა, ხშირად ისროდა ავტომატს, რაც ასევე არ არის მარტივი. "ძალიან მეშინოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს ორგანიზმს ამ ძალისმიერ ქმდებებზე. იმასაც კი ვშიშობდი, გონება არ დამეკარგა!" - აღიარა მსახიობმა.
"მინდა, საკუთარ თავზე ყოველ წამს ვიმუშაო"
"სამწუხაროდ, ყოველთვის არ მყოფნის დრო ახლობლებისთვის და ამას ხშირად განვიცდი. არადა, მენანება ის დრო, რომელსაც ხანდახან ფუჭად ვხარჯავ. იმაზეც კი ვლანძღავ თავს, თუ "ფეისბუქში" ზედმეტად შევალ. ჯერჯერობით დროსთან ურთიერთობები ვერ დავალაგე. მინდა ვისწავლო მისი სწორად განაწილება. ვერ ვარ იმდენად დისციპლინირებული, მაგრამ საკუთარ თავზე ვმუშაობ.
საზღვარგარეთ დროისადმი გაცილებით სერიოზული დამოკიდებულება აქვთ. განსაკუთრებით დიდ სტუდიებში. გადაღებების განრიგი ძალიან მკაფიო ინსტრუქციაა. და თუ იქ წერია, რომ სავარძელში 12:01-ზე ჩავჯდები, ხოლო 12:06-ზე ავდგები, ასეც იქნება. ისინი ჩვენზე გაცილებით პუნქტუალურები არიან.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მომავალსაც ვერ ვგეგმავ და ერთი კვირის შემდეგაც კი ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ძალიან კარგი ანდაზაა: "კაცი ბჭობდაო...", მერე თქვენც იცით. მე კი ოცნებისაც მეშინია. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მინდა კარგ კინოში თამაში. მინდა, რომ როდესაც ჩემი ახლობლები ნახავენ ფილმს ჩემი მონაწილეობით, თქვან: "იულია, ეს შესანიშნავია". აი, ჩემი ამბიცია".
"კრიტიკა მაკლია"
"გადაღებებისთვის რომ ვემზადებოდი, არ დამიგეგმავს, უარყოფითი გმირი მეთამაშა. ვეძებდი მოტივაციას, მიზეზებს, რაც განაპირობებდა ამ გოგონას საქციელს. ვიპოვე კიდეც. საერთოდ, კინოში ჩემთან უფრო ახლოს გამჭრიახი გმირები არიან. შჩუკინის სასწავლებელში "თავკომბალას" მეძახდნენ. ეტყობა, კარგად გამომდის აზროვნების პროცესის გამოხატვა... თუ როლი საინტერესოა, ყველაფრისთვის ვარ მზად. და ეს ნორმალურია. ნებისმიერი მსახიობი ასე გიპასუხებთ.
რაც შეეხება კრიტიკას, მართლაც მაკლია ეს. სერიოზულად ვამბობ! ადამიანები მეტისმეტად დიპლომატიურები არიან. როცა ხვდები, რომ ადამიანი არასოდეს არაფერს გეტყვის მკვეთრად, უკვე მისი კარგი ნათქვამისაც აღარ გჯერა".
"გამხდარს ვერ მიწოდებთ"
სილამაზის სალონებში შემიძლია დღე და ღამე გავატარო, მაგრამ როცა ვმუშაობ, ისე ვერთობი, რომ მანიკიურის გაკეთებაც მავიწყდება. ეს კი პრობლემაა - თვითონ არ შემიძლია გაკეთება და დავდივარ ასე... შეხედეთ ჩემს ხელებს... რკინის კანონი მაქვს, რომ მაკიაჟით არასდროს დავწვები. აუცილებლად გავიწმენდ სახეს ძილის წინ. მიყვარს სხვადასხვა სახის საცხების გამოყენება და მოსინჯვა, სახის საწმენდი, მკვებავი თუ დამატენიანებელი კრემების ფანი ვარ. ალბათ ეს არის სილამაზის მთავარი საიდუმლო. კიდევ აუცილებელია კარგი ძილი, საკვები და სულის ჰარმონიული მდგომარეობა. თუმცა მე ჯერჯერობით მხოლოდ კვების რეგულირებას ვახერხებ, იმასაც ყოველთვის ვერა.
სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან არაქალური და მეტისმეტად გამხდარი მეგონა თავი. როგორ დავძლიე კომპლექსები? ახლა ნამდვილად ვერ მიწოდებთ გამხდარს და კარგი მადაც მაქვს!
ერთი მხრივ, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, მეორე მხრივ - დროს მწვავედ განვიცდი და ხშირად მინდება მისი გაჩერება..."
(გამოდის ორშაბათობით)