საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ ბერძენიშვილმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არხის ხელმძღვანელის, გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა. "სულ ცოტა ხნის წინ, გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით, მე აღარ ვარ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, ისმის შეკითხვა - პროფესიონალი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქმნის არხის პოლტიკას "მოამბის" გუნდთან ერთად და ეს პოლიტიკა ყველა რეზოლუციაში, დასკვნაში ითვლება, როგორც ერთ-ერთი დაბალანსებული სამსახური, რატომ მიიღო არხის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ამით მეც დავინტერესდი და ბარათაშვილს ვკითხე კიდეც, მაგრამ მას არგუმენტი არ აქვს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს, უშუალოდ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას კი მაუწყებლის გუშინდელ ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

"მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი ვარაუდები. მე ველოდი, რომ ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, განსაკუთრებით გუშინდელი რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც იუსტიციის მინისტრის განათლებას შეეხებოდა. ბარათაშვილი რამდეჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო, თუმცა რატომ არ უნდა გასულიყო ეთერში, პასუხი არ ჰქონდა. ამან დააჩქარა ის პროცესი, რაც ჩემთან დაკავშირებით ბოლო ერთ თვეში მიმდინარეობდა. მან რამდენჯერმე ღიად დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება "მოამბის" საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. არის შეკითხვა, რა შეიძლება არ მოსწონდეს მას, როცა "მოამბეში" ყველა მხარის პოზიცია და ინტერესი დაფიქსირებულია. მისი სურვილი იყო, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა საკითხი, რომელიც ახალი ხელისუფლების ქმედებებს უკავშირდება, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში განხილულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ეს არაა კერძო ტელევიზია და არის საზოგადოებრივი მაუწყებელი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გათავისუფლებამდე გიორგი ბარათაშვილისგან მან სამი წინადადება მიიღო. "იყო რამდენიმე წინადადება, პირველი - შემომთავაზა ფული, მეორე - შემომთავაზა სხვა თანამდებობაზე გადასვლა, რაც დღესაც ძალაში რჩება და მესამე – თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნას, მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას. მან რამდენჯერმე მითხრა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომ მე საინფორმაციო სამახურიდან წავიდე. იგივე პრობლემა გვქონდა 2 ოქტომბრის შემდეგ გია ჭანტურიასთანაც, მაგრამ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და არხიდან თვითონ წავიდა. ამასთან, არავისთვის არის უცხო ბარათაშვილის ნათესაური კავშირები კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ირაკლი ტრიპოლსკისთან. მათ შორის იყო გარკვეული გარიგება, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე და საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი ყოფილიყო სხვა ადამიანი", - განმარტა მან.

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს მიმართავს და აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, იქამდე, ვიდრე მომხდარზე ბორდი გადაწყვეტილებას არ დადებს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"მინდა სამეურვეო საბჭოს მივმართო, დაინტერესდეს რა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს არხის გენერალური დირექტორი, როცა ამბობს, რომ საინფორმაციო პოლიტიკის გამო მას აქვს პრობლემები. მინდა ასევე მივმართო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართული არიან მაუწყებლის განვითარების პროცესში - ჩაერთონ და გამოიკვლიონ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მინდა "მოამბის" მთელ კოლექტივს ვთხოვო, მშვიდად განვაგრძოთ მუშაობა, არსად არ მივდივარ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე", - დასძინა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები