თანამედროვე ქართველი სპარტანელები და "თეთრი ბაირაღების" ამერიკული ვერსია

თანამედროვე ქართველი სპარტანელები და "თეთრი ბაირაღების" ამერიკული ვერსია

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში ქართული თეატრი დაარსდა, სადაც ცოტა ხნის წინ მსახიობ ხათუნა იოსელიანის სპექტაკლის - "თეთრი ბაირაღები" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, არაერთი არაპროფესიონალი თამაშობს. რეჟისორმა თავის გუნდს სპარტანელები დაარქვა და ხშირად აღნიშნავს, რომ თავისი 10 მსახიობი სამასზე მეტს უდრის...

- ჩვენს თეატრში ეს პირველი სპექტაკლია, რომელიც მე დავდგი. ისე კი, ამ სცენაზე გამართულ 3 სპექტაკლში ვმონაწილეობდი. გარდა ამისა, ორი საბავშვო სპექტაკლის - "ნაცარქექია" და "ჰელადოს" რეჟისორობაც ვიკისრე. რაც შეეხება "თეთრ ბაირაღებს", მასში ძირითადად, არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, მაგრამ საქმეს არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. მე ამ ადამიანებით ვამაყობ! ტიგრანას როლი გიორგი ფოცხვერიამ მოირგო. ეს არაჩვეულებრივი, არტისტად დაბადებული, პროფესიით დიპლომატი ბიჭია. გოგოლის როლში ზურა სიხარულიძეა, გამცემლიძის - გიორგი ნარიმანიძე. სპექტაკლში მონაწილეობს არაჩვეულებრივი მსახიობი სოსო თოლორაია, რომელმაც გამაოცა თავისი კაცური საქციელით. ის შოშიას ასახიერებს. ამ სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობი დავით ტოპრაკაშვილიც მოვიწვიეთ, რომელმაც თეატრალური ინსტიტუტი მეოთხე კურსიდან მიატოვა და საცხოვრებლად ამერიკაში ჩამოვიდა. დათო ლიმონას როლს თამაშობს. ირექს ლებანიძემ ჭეიშვილის როლი მოირგო და სრულიად სხვაგვარად დაგვანახვა ეს ადამიანი. სასაფლაოს დირექტორი - მებურიშვილი თენგო ილიაევმა განასახიერა, მოშიაშვილი - თემურ ჟღენტმა, ძია ისიდორეს როლი კი მამუკა ბერიკამ მოირგო. მე და მამუკა უკვე მეორედ შევხვდით ერთმანეთს სცენაზე. საქართველოში სპექტაკლ "მაკბეტში" ვთამაშობდი, რომელიც მან მუსიკალურად გააფორმა. ზაზას როლს ანრი კალანდაძე თამაშობს, ნუნუ ექიმს - ცუცა კაპანაძე, გამომძიებელს - ირინა ჭილაშვილი, რომელიც პროფესიონალი მსახიობია. მოკლედ, უნიკალური დასი მყავს, ხალხო, უნიკალური და ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული. ვფიქრობ, როგორც რეჟისორს, ძალიან გამიმართლა. დასის წევრები მსახიობობის პარალელურად ცხადია, სხვა ადგილასაც მუშაობენ და ამიტომაც, რეპეტიციებს საღამოს 8 საათზე რომ ვიწყებდით, ღამის 2 საათზე ვასრულებდით, დილის ხუთ საათზე კი ჩემი ბიჭები სამსახურში წასასვლელად იღვიძებდნენ. აქ სამუშაო დღე 6-7 საათზე იწყება.

- რამდენად იოლი აღმოჩნდა ამერიკაში სპექტაკლის დადგმა?

- ჩვენს პირობებში სპექტაკლის დადგმა ძალიან რთული იყო. მით უმეტეს, რომ სამსახურის დასრულების შემდეგ ბიჭები საათზე მეტხანს უნდებოდნენ თეატრში რეპეტიციაზე მოსვლას: ზოგი მანჰეტენზე ცხოვრობს, ზოგი - ბრონქსში და ზოგიც - ბრუკლინში, მაგრამ რეპეტიციები ყოველთვის დროზე იწყებოდა. ჩემი მეგობარი, ლევან მეტრეველი და მისი მეუღლე რომ არ ამომდგომოდნენ მხარში, ვერაფერს გავაკეთებდი. სპექტაკლს დაფინანსება საერთოდ არ ჰქონდა და ბატონმა გელა საჩალელმა საჭირო ინვენტარი შეგვიძინა. დავით ჭკუასელი სპექტაკლის კომპოზიტორი გახლდათ, მამუკა მეტრეველი კი მხატვარი. რამაზ ზურაბაშვილი კი, რომელსაც სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და აქაც სარეჟისოროზე სწავლობს, სპექტაკლის გამნათებელი გახლდათ. აქ ყველა ქართველი ერთმანეთს პატივს ვცემთ და ერთიმეორეს მხარში ვუდგავართ.

- რატომ მაინცდამაინც "თეთრი ბაირაღები"?

- ვგიჟდები ნოდარ დუმბაძეზე; მისი ნაწარმოებები ძალიან მიყვარს. ეს სპექტაკლი ჩემს ძმას მივუძვენი... მინდოდა, ამ სპექტაკლით დედა-შვილის დამოკიდებულებაც მეჩვენებინა. მიყვარს ჩემი შვილი. როცა ვეუბნები, - დედიკო, შენს ლამაზ თვალებს ვენაცვალე-მეთქი, - გული რაღაცნაირად "ჩამივარდება" ხოლმე და იმწამს ირინა ენუქიძე წარმომიდგება თვალწინ, რომელიც თავის შვილს დააკვდა...

- როგორ იპოვეთ დასის წევრები?

- ერთხელ ვთქვი, - სპექტაკლის დადგმა მინდა-მეთქი და იმდენი ადამიანი მოგროვდა, კასტინგის ჩატარება გახდა საჭირო. ერთმანეთი მოჰყავდათ და 7 თვის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ. ამის გამო ჩემს ბიჭებს სპარტანელები დავარქვი. ერთხელ რეპეტიცია გვქონდა და ირინამ დაკითხვის სცენა ისე კარგად ითამაშა, ბიჭებმა ტაში დაუკრეს, მე კი საცოდავად ვიდექი კუთხეში და ვწუწუნებდი, - ახლა მივხვდი, რა საშინელება ყოფილა, როცა სპექტაკლის დასრულების შემდეგ ყველა მე მკოცნიდა, რეჟისორს კი ყურადღებას არავინ აქცევდა-მეთქი. გიორგი ფოცხვერია მომიბრუნდა და მითხრა, - კარგი, რა, ხათუნა, რა მოგივიდა, ყოველდღე, დილა-საღამოს 300 სპარტანელი გკოცნის და რა შეგშურდა ამისთანაო?! მშვენიერ დროს ვატარებდით ერთად. ერთ-ერთ რეპეტიციაზე, ისევ ირინას სცენის თამაშისას, ირამ შესანიშნავად გააკეთა ყველაფერი... ვუყურებ სცენას და უცებ, ჩაბნელებული კუთხისკენ გამექცა თვალი, სადაც სოსო იწვა. თავისი სცენისთვის ემზადებოდა - პირსახოცი აიღო, თავი შეამზადა... მე ხომ არტისტი ვარ და მიყვარს ყველაფერი, რასაც მსახიობი თავისი როლის შესასრულებლად აკეთებს... სოსოს კაციშვილი ვერ ხედავდა, ჩემ გარდა. ირამ სცენა დაასრულა და ჩემგან შექებას ელოდება, მე კი წყნარად ვუთხარი: - გმადლობ, ირა, თქვენ თავისუფალი ხართ... შემდეგ გავხედე სოსოს და დავიძახე: - ყოჩაღ, სოსო! ყველანი გადაირივნენ, რა დაგემართაო (იცინის)?! მას შემდეგ, დასის რომელიმე წევრს თუ მოვიკითხავ, პასუხად, მწერენ: - "ყოჩაღ, სოსო!" სხვათა შორის, "თეთრი ბაირაღების" პრემიერაზე დაინგრა დარბაზი, ამერიკაში შეკრებილი ამდენი ქართველი ჯერ არ მინახავს.

- სპექტაკლში გამომძიებლის როლზე ქალი რატომ დაამტკიცეთ?

- (იცინის) ასეთი ტენდენცია წამოვიდა: ქალი გამომძიებელია, ქალი მოსამართლეა, ქალი ძლიერი ძალაა. ქალები მებრძოლები ვართ. მე ვისურვებდი, რომ გვერდით პატრონი მყოლოდა, რომელიც თავზე ხელს გადამისვამდა, მომეფერებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მინდა გითხრათ, რომ ბინა მივიღე მანჰეტენზე. აქ ჩემს რეგალიებს გადახედეს და გადაწყვიტეს, რომ ღირსი ვარ, საკუთარი ბინა მქონდეს. ხომ წარმოგიდგენიათ, თბილისში ბინა არ მაქვს, ნიუ-იორკში კი მომცეს...

- ქალბატონო ხათუნა, ამ სპექტაკლის საქართველოში ჩამოტანაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- ძალიან მინდა, რომ ეს სპექტაკლი საქართველოშიც იხილონ. მინდა, შევეხმიანო კულტურის მინისტრის მოადგილეს - ქალბატონ მანანა ბერიკაშვილს და იმედი მაქვს, ამ საქმეში მხარს დაგვიჭერს.

- მეშვიდე წელია, უცხო ქვეყანაში ხართ...

- ეს არ არის იოლი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე მაინც, ჩემი ძმის გარდაცვალება იყო. მას შემდეგ ვეღარაფერი მაშინებს. აქ მცხოვრები არც ერთი ქართველი არ სწყდება სამშობლოს. ცუდია თუ კარგი, საქართველო ყველას გვიყვარს, მაგრამ მენტალიტეტი სრულიად შემეცვალა: რაც საქართველოში აღელვებთ, მე ის პრობლემადაც არ მიმაჩნია. ჩვენს სამშობლოში ხალხი 30 წლის შემდეგ "აღარ ვარგა", მე კი, ამხელა ქალმა, აქ თავი პატარა გოგოდ ვიგრძენი. ჩემს 69 წელს რას უყურებთ, ჩემს ტვინს, ჯანს, მოქმედებას შეხედეთ და ნახეთ, რა შემიძლია. ვიდრე არშიყი შეგიძლია, უნდა იარშიყო; ვიდრე კითხვა შეგიძლია, უნდა იკითხო; ვიდრე კოცნა შეგიძლია, უნდა იკოცნაო და ვიდრე ნაშრომის დაწერა შეგიძლია, უნდა წერო! მე არც როლი მაკლდა საქართველოში და არც ხალხის სიყვარული. ერთხელ სამარშრუტო ტაქსიდან რომ ჩავედი, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები შემომეხვივნენ, - ქალბატონო ხათუნა, "მარშრუტკით" რატომ მგზავრობთო? მე ვუთხარი, - დედიკო, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩემ შორის?! მეც ისევე მიჭირს, მილხინს, მტკივა და მიხარია, როგორც თქვენ-მეთქი! ადამიანი სულ უნდა მოძრაობდეს, რაიმე ახალს ქმნიდეს. 60 წელს ვიყავი გადაცილებული, როცა უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრება დავიწყე. ცხოვრებას არ უნდა შეუშინდე და ხელები გულზე არ უნდა დაიკრიფო! ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ არის, ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა გვიწევს, მაგრამ უფლის წყალობით, ყველა ოცნების განხორციელებაა შესაძლებელი.

- ქალბატონო ხათუნა, დღეს თუ ხართ შეყვარებული?

- ვერ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლების რაოდენობას ვუჩივი, მაგრამ ბოიფრენდი არ მყავს. მე ჩემი სიყვარული 20 წლის წინ დავასაფლავე. სიყვარული ქვეყანაზე მხოლოდ ერთია, სურვილი და ნდომა კი სულ სხვა რამ არის... სურვილი როგორ არ მაქვს, თვალებსაც კარგად ვაბრიალებ და თვალებსაც მიბრიალებენ, მაგრამ ჩემმა ნამდვილმა სიყვარულმა თავი მოიკლა. დღეს ჩემს მდგომარეობას ქალი უკაცოდ ჰქვია.

- ცხოვრებაში გადატანილი არაერთი რთული პერიოდის შემდეგ, როგორ იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, ისევ ფეხზე დამდგარიყავით?

- უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. საერთოდ, ყოველგვარი სირთულის მიუხედავად, ადამიანმა თავი მაღლა უნდა ასწიო და ის გზა გააგრძელო, რომელზეც დგახარ. 2 ძმა დავკარგე, უახლოესი ადამიანები გამომეცალა ხელიდან და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ.

ჩემი ასაკი არასოდეს დამიმალავს და ამას არც არასოდეს შევუწუხებივარ. არც იმას დავმალავ, თუ პატარა გოგოსავით ვიქნები შეყვარებული. თუკი ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ, უფრო დიდ საქმეებს გააკეთებენ.

- დაბოლოს, კიდევ ხომ არ აპირებთ სპექტაკლის დადგმას ამერიკაში?

- ძალიან მინდა, სპექტაკლის - "შთამომავლობა" დადგმა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება