გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი, რიგით მე-7 ფრაქცია "კახეთი - ღვინის გზა" შეიქმნა. ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ანაზღაურებადია და ყოველთვიური ხელფასი 1350 ლარს შეადგენს, ეს ადგილი კი ნოდარ ღვლიღვაშვილმა დაიკავა. ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობიდან" "რესპუბლიკელებში" გადავიდა, ახლა კი ეს ფრაქციაც დატოვა.
საპარლამენტო არჩევნებამდე საკრებულოში 2 ფრაქცია არსებობდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფრაქციები მაღალი ანაზღაურების გამო იქმნება, თუმცა ამბობს, რომ კანონით, დეპუტატს ფრაქციის შექმნა შეუძლია და ამას ვერ აუკრძალავს. ფრაქციების შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წელიწადში 113 400 ლარი უჯდება.