ვინც კოცონი დაანთო, ცეცხლს ის მოიმკის, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, გადაწყვეტილება ლოგიკური იყო და სასამართლოზე გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი ლეგალური საფუძველი არ ჰქონდა, აღმკვეთი ღონისძიების იმ ფორმების მოთხოვნის, რაც მოითხოვეს.
"მე ვარ სიმართლის დადგენაში დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება და დამთავრდება იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიწვავს ხელებს ის ადამიანი თავის დანთებულ ცეცხლზე, ვინაიდან მათ გადაწყვიტეს ამ გზის არჩევა", - აღნიშნა უგუავამ.
მისივე თქმით, ეს არის აბსურდის თეატრი და გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი. თბილისის მერი ითხოვს, რომ ყველა სასამართლო სხდომა იყოს საჯარო, მათ შორის ტელეკამერები სხდომას ბოლომდე დაესწრონ და არა სამი წუთი.
მისი თქმით, იგი მის მეგობრებთან ერთად მზად არის დაადასტუროს უდანაშაულობა და ბრალდების წმინდა პოლიტიკური მოტივები. "მე არ გავურბივარ არც ერთ შეკითხვას, პირიქით, ახლა უკვე მე ვითხოვ ყველა შეკითხვაზე პასუხს და რამდენიმე მათგანზე დღეს ბრალდებას არანაირი პასუხი არ ჰქონდა", - დასძინა დედაქალაქის მერმა.