რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონს, რომელიც 1 ივნისიდან შევა ძალაში.
როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ამით ხელს შეუწყობენ მოწევის მოყვარული რუსი საზოგადოების გაჯანსაღებას.
კანონის თანახმად, მოწევა აიკრძალება რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. კანონი ორი ეტაპად განხორციელდება.
1 ივისიდან მოწევას ვეღარ შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტისა და რკინიგზის სადგურის მგზავრები, ასევე დაუშვებელი იქნება მოწევა ადმინისტრაციულ შენობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში.
2014 წლის ივნისიდან კი მოწევაზე აკრძალვა დაწესდება გემებზე, მატარებლის ბაქნებზე, სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში.
პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი ასევე კრძალავს თამბაქოს პროდუქტის რეკლამირებას ისევე, როგორც ღონისძიებებზე თამბაქოს მწარმოებელი ფირმების სპონსორობას.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ახალგაზრდობის 40%-ზე მეტი მწეველია და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მოწევაზე კანონის გამკაცრება სწორედ ამან აიძულა.
ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ცნობით, არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და არც პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სიგარეტს არ ეწევიან.
კანონპროექტი სახელწოდებით - "მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა პასიური მოწევის საფრთხისა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული შედეგებისგან" რუსეთის დუმაში 20 თებერვალს მიიღეს.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.