მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მძლეოსანი და კარატისტი ამირან ბიწაძე, რომელსაც არაერთი მოწინააღმდეგე დაუმარცხებია რინგზე, საშინელი ძალადობის და წამების მსხვერპლი გახდა. არადა, იგი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამბობს, რომ სააკაშვილის გუნდის სამიზნე განსხვავებული აზრის გამო გახდა... გლდანის საპყრობილეში ორი თვე გაატარა და იმ პირობით გამოუშვეს, თუ საქართველოს დატოვებდა.
ამირან ბიწაძე: - მიშამ მტრად იმ დღიდან გამომაცხადა, მარჯანიშვილზე აქციის მონაწილეები რომ დახვდნენ, მათ რიცხვში მეც ვიყავი. პოლიციელები მომიტინგეებს დაერივნენ, მე კი ხალხს ვშველოდი. მაშინ სიძულვილით შეპყრობილმა სააკაშვილმა ჩემი განადგურება გადაწყვიტა. პირველად 2009 წლის 28 მაისს დამიპირეს დაკავება. რუსთავში, ჩემს სახლში, მეუღლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. თბილისში კარვები იყო გაშლილი და აქციები იმართებოდა. სახლთან უამრავი ძალოვანი მოგროვდა. მივხვდი, ჩემი და ჩემი ძმის, ტარიელის (ტარიელ ბიწაძე მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია. - ავტ.) დაკავებას აპირებდნენ. მაშინვე დავურეკე ჩემს ნათესავს, ბადრი ბიწაძეს... განყოფილებაში წაყოლა მომთხოვეს, შენმა მოწაფემ ვიღაც დაჭრაო, გვარიც არ იცოდნენ...
ამ დროს ნინო ბურჯანაძეს მიტინგზე გამოუცხადებია, რუსთავში მივდივარ, იქ სპეცოპერაცია იგეგმებაო. არ ვიცი, ეს იყო მიზეზი თუ სხვა ბრძანება მიიღეს, მაგრამ ფაქტია, წავიდნენ. მეორე დღეს, ჩემი მეუღლის სახელზე გაფორმებულ მაღაზიაში საგადასახადო შევიდა - რუსთავში ტექნიკის მაღაზია გვქონდა. მისი დაკავება მოინდომეს, ამით ჩემი გამწარება უნდოდათ. ვიღაც ზურასთან შემიყვანეს, უფროსიაო. მეუბნება, - გაფრთხილებ, ყველაფერი ვიცი თქვენზე და ჯობია ყველაფერი აღიაროო. მაშინ დავემუქრე, თუ დავაშავე, მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ მეუღლეს თუ რამეს მოუწყობთ, კაცი არ ვიყო, თუ არ მოგკლა-მეთქი. საბუთების ფალსიფიცირებას გვედავებოდნენ, საბოლოოდ 3 800 ლარით დამაჯარიმეს. მეუღლის გამო დავთმე.
2009 წლის 2 აგვისტოს კი ბიძაშვილთან, დათო ბენდელიანთან ერთად მანქანით ცხვარიჭამიის გზაზე მივდიოდით, როცა "ჯიპმა" გზა ჩაგვიჭრა. ახლობელი მეგონა და მანქანა გადავაყენე. უცებ ჩემ გვერდით სამარშრუტო ავტობუსი გაჩერდა, უკან - "ნივა", "ბმვ" და "07" - ალყაში მომაქციეს. მივხვდი, რაღაც ხდებოდა და დათოს ვუთხარი, არ გაინძრე-მეთქი. მანქანებიდან ნიღბიანები სროლა-სროლით გადმოცვივდნენ, შესაშინებლად ჰაერში ისროდნენ... უცებ ვიგრძენი, რაღაც მომხვდა ფერდში... (როგორც შემდეგ გავარკვიე, რეზინის ტყვიები ყოფილა) ჩემი ბიძაშვილი მანქანიდან გაიტაცეს, მე საჭეს ჩავებღაუჭე და წმინდა გიორგის დახმარება შევთხოვე, ამ საშინელებიდან ვაჟკაცურად გამომიყვანე-მეთქი. მერე ღვთისმშობლის ლოცვაც წავიკითხე...
უცნაურია, მაგრამ უცებ თვალწინ ჩემი შვილები და ჩემი ცხოვრება კადრებად დამიდგა. მშობლები ადრე დამეღუპნენ და გავიფიქრე, ნუთუ მეც ადრე უნდა მოვკვდე-მეთქი, ჩემი ოჯახი შემეცოდა... მერე ისევ რეალობაში დავბრუნდი. მანქანიდან ჩემს გადმოთრევას ცდილობდნენ, მივხვდი, წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა... არმატურით მცემდნენ, იმდენი მირტყეს, ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, მერე ვიღაცამ ელექტროშოკი მომადო და ავყვირდი. უნდა გენახათ, როგორ გაუხარდათ. მერე კიდევ 5-ჯერ მომადეს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შიგნით მთელი სხეული დამეგლიჯა. ვყვიროდი, თუ მკლავთ, კაცურად მაინც მომკალით-მეთქი...
ჩემს წამებაში მორაგბეები და მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ნიღბები ეკეთათ, მაგრამ მათი ვინაობა ვიცი, მალე დავასახელებ. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც არიან... სამარშრუტო ავტობუსის ჭერზე სისხლის კვალი შევნიშნე, გავიფიქრე, ის მანქანა ხომ არ არის, სადაც გია კრიალაშვილი მოკლეს-მეთქი... დამაგდეს და წიხლებით შემდგნენ, თან არმატურას მირტყამდნენ. პარალელურად, ვიღაცას რაციით ელაპარაკებოდნენ. მერე, წავედითო და მანქანა დაიძრა.