მსოფლიო მოდის ბიზნესი ისეთი სისწრაფით ვითარდება, ცნობილ სახლებს კრიზისი არასოდეს ეხებათ. ამ სფეროში გამძაფრებული კონკურენციის მიუხედავად, ბევრი დიზაინერი სწორედ კოლეგების მიერ უკვე გამოგონილი და შექმნილი სამოსით იხიბლება და მის მსგავსს კერავს. მართალია, ყოველწლიურად მოდის ტენდენცია ყველა დიზაინერისთვის ერთია, მაგრამ ბევრი ქართველი დიზაინერი მსოფლიოში ცნობილი სახლების კოლექციებს თამამად იპარავს და ბევრი კოსტიუმის კოპირებას აკეთებს.
გადავწყვიტეთ, რამდენი მათგანის ფოტოშედარება შემოგთავაზოთ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო მოდის ბიზნესი არ კრძალავს, ერთმა დიზაინერმა მეორისგან აიღოს რომელიმე კოსტიუმის იდეა.
შედარებას "ანუკი და ბიჭოლას" 2011 წლის კოლექციის ყვითელი კაბით დავიწყებთ, რომელიც ძალიან ჰგავს ელი სააბის 2008 წლის კოლექციიდან აღებულ საღამოს თეთრ კაბას, რომელიც ძვირფასი თვლებითა და ისეთივე დეტალით არის დამშვენებული, როგორითაც ქართული ბრენდის აღნიშნული კაბა.
"ანუკი და ბიჭოლას" 2010 წელს კოლექციის ჩვენებისას გამოტანილი ბოლო ნამუშევარი, სადაც მოდელს თავსაბურავი მთლიანად უფარავს თავს, ძალიან ჰგავს ცნობილი ბრიტანელი დიზაინერის ალექსანდრე მაკქუინის 2009 წელს პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციაში გამოყენებულ თავსაბურავებს.
მსოფლიოში მაღალი კლასის დიზაინერებად წოდებული "ვიქტორი და როლფის" 2005 წლის ბალიშების კოლექციიდან აიღო ალბათ თავისი მთავარი იდეა ქართველმა დიზაინერმა ბიჭოლა თეთრაძემ.
"ანუკი და ბიჭოლას" საყვარელი ბრენდი, სავარაუდოდ, "ვიქტორი და როლფია", რადგან მათი გასული წლის კაბებიც, ამ ბრენდის კაბების მსგავსად, მხრებიდან მაჯებამდე ფუშფუშელებით არის გაწყობილი.
ამავე მოდის სახლს შეუკვეთა ანუკი არეშიძემ საქორწინო კაბა, რომელშიც, როგორც ოჯახთან დაახლოებულმა პირმა გვაცნობა, მოდელმა 150 ათასი ევრო გადაიხადა. საქორწინო კაბა, როგორც აგვიხსნეს, "ვიქტორი და როლფის" 2010 წლის კოლექციიდანაა, რომელმაც ჩვენება დახურა და მსოფლიოს უამრავი ადამიანისთვის საოცნებო ბრენდმა კაბა ულამაზესი ქართველი მოდელის ტანზე გადააკეთა. აქვე ისიც გვითხრეს, რომ ანუკის გარეგნობით თვით ცნობილი დიზაინერებიც მოხიბლულან.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ანუკი არეშიძემ და კახი კალაძემ ქორწილი ვაჟის შეძენის გამო გადადეს, ძვირად ღირებული საქორწინო კაბა კი ალბათ ახლო მომავალში გააოცებს ქართულ ელიტას.
"ვიქტორი და როლფის" კოლექციის მიერ შთაგონებული აღმოჩნდა კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე და მისი 2013 წელს კიევში წარმოდგენილი კოსტიუმებიც.
თუმცაღა, თბილისური ბომონდი ავთანდილს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ "ადანაშაულებდა" სახელგანთქმული ფრანგული მოდის სახლ "ლანვინის" კოლექციის თითქმის სრულ მიბაძვაში.
2009 წლის მაღალი მოდის ღირსეული წარმომადგენლის, დიზაინერ ელი სააბის საქორწინო კაბების მსგავსია ავთანდილის წლევანდელი კოლექციაც. ორივე დიზაინერის მიერ შექმილ შიფონის კაბებს იმავე ქსოვილისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის ვარდები ამშვენებს.
შიფონის კაბის იმავე ქსოვილის ვარდებით გაფორმება მოსწონთ, როგორც ჩანს, ანუკისა და ბიჭოლას.
7. ანუკის და ბიჭოლას კოლექციაში გამოტანილი ბორდოსფერი კაბის მსგავსი კი ლანვინმა რამდენიმე წლის წინ, "ეიჩ ენდ ემისთვის", ოღონდ მკვეთრი წითელი, უკვე შექმნა, რომელიც მსოფლიო მოდის კულტად აღიარებულ ანა დელო რუსოს ეცვა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში განთქმული დიზაინერების ნამუშევრების მსგავს კოსტიუმებს ქართველი დიზაინერები მხოლოდ კოლექციებში არ იყენებენ. როგორც ჩანს, ცნობილი ბელგიელი დიზაინერის რაფ საიმონის მიერ მამაკაცის პიჯაკის ახლებური ფორმით შეკერვით მოიხიბლა სკანდალურად ცნობილი ქართველი დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე. მან მსგავსი დიზაინის პიჯაკი, რომელსაც საყელო არ აქვს, "თავისი" დიზაინით თავადვე შეიკერა, მილანში მოდის კვირეულზე წასულმა ეს პიჯაკი ჯერ თავად მოირგო, მერე კი ერთ-ერთ ქართველ მოდელს ჩააცვა და "ფეშენ ტვ"-ს ობიექტივში მოახვედრა.
(გამოდის ორშაბათობით)