პარტნიორები:

    ჯერ "გულაობს" უგულავა

    ჯერ "გულაობს" უგულავა

    ვანო მერაბიშვილი რომ პლაკატებით დაიწყებდა სიარულს, ალბათ, რამდენიმე წლის წინ სუპერფანტასტიკა იყო. ჰოდა, თბილისის მერ გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ გვენახა ერთ დროს "ხერხემალი" პლაკატით - "გიგი! არ დაუთმო თბილისი ბიძინა ივანიშვილს".

    უგულავა თანამდებობის დათმობას ნამდვილად არ აპირებდა და ამას ვერც წარმოიდგენდა. თუმცა ამ ოხერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადამკიდე, ეს უკვე მის ნება-სურვილზე აღარ არის დამოკიდებული. გაგიკვირდებათ და გამოძიება მას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ბრალი უკვე წაუყენეს - პირველი მუხლი 7-იდან 11-მდე, მეორე კი - 9-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    დაკითხვისას უგულავამ დუმილის უფლება გამოიყენა. სამაგიეროდ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ აქციაზე ბევრი ილაპარაკა. თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. მას ალბათ, გულში ეთანხმებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ძმა პალიკო, რომელიც პლაკატიანი მერაბიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად გულმხურვალე მხარდაჭერას უცხადებდა თბილისის მერს.

    ხვალ პროკურატურა უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. სასამართლო პროცესებზე ფსონების დადება რომ შეიძლებოდეს, დავწერდით  - ”გირაოს შეფარდება”. ყოველ შემთხვევაში, თბილისში რომ ქვა ააგდო, გირაოთი გამოშვებულ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანს მოხვდება და რაღა უგულავა იქნება გამონაკლისი.

    თუ მოხდა სასწაული და უგულავას პატიმრობა შეუფარდეს, აი, მაშინ კი გადაირევა შინ და გარეთ "ნაციონალური" პროპაგანდისტული მანქანა. თბილისზე კი, უგულავა ნუ ინერვიულებს - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, მოადგილედ 22 თებერვალს ვანო მერაბიშვილი დაუნიშნეს.

    თუმცა უგულავას სულაც არ ეტყობა ნერვიულობა. ეტყობა მასში რწმენა, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება, ღრმად არის გამჯდარი.

    ასე რომ, ჯერ "გულაობს" უგულავა, დანარჩენი კი სასამართლოს შემდეგ ვთქვათ.

    გიორგი კვიტაშვილი

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა