სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ქიბარ ხალვაშის ბიზნესსა და ქონებას რა ბედიც ეწია, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. ხალვაშს და მის პარტნიორებს არა მარტო ჩამოართვეს კომპანიები: "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი", "ლივო გრუპი", არამედ გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა "არტის" შენობა. 2007 წლიდან მოყოლებული ქიბარ ხალვაშის პარტნიორი მალხაზ ოსაძე ერთადერთი იყო, ვინც ბედავდა და ამხელდა იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც მისი მტკიცებით, ქიბარ ხალვაშისთვის ქონების წართმევის მაქინაციებში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, უშუალოდ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას ბრძანებით დაწვეს "არტის" შენობა. რა ბედი ეწია აღნიშნულ ქონებას და დაიწყო თუ არა გამოძიება? - ამას სწორედ ბატონი მალხაზ ოსაძისგან შევიტყობთ:
- ხელისუფლების შეცვლისთანავე განცხადებით მივმართეთ როგორც პროკურატურას, ისე იუსტიციის სამინისტროს. შესაბამისად, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. უკვე დამკითხეს მეც და ჩემი რამდენიმე თანამშრომელიც. პროკურატურა იმ ორასზე მეტი ადამიანის დაკითხვასაც გეგმავს, ვინც ქიბარ ხალვაშისა და უცხოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიების განადგურებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, მზად ვართ გამოვითხოვოთ ჩვენი სარჩელი სტრასბურის სასამართლოდან. ამასთანავე, თხოვნით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ გამოძიების დასრულებამდე (რომელიც, სავარაუდოდ, კარგა ხანს გაგრძელდება) დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მეპატრონეს და გაიყინოს ის ვალდებულებები, რაც წარმოიშვა სააკაშვილის მიერ შეთითხნილი ყალბი აქტებით. თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ კომპანიის მეპატრონეებს აქვთ გარკვეული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, მზად ვართ, დაუყოვნებლივ გადავიხადოთ ეს დავალიანება. ვფიქრობ, სახელმწიფოც უნდა იყოს დაინტერესებული, დროულად ამუშავდეს ეს კომპანიები და ჩადგეს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის პირველი ოქტომბრის პოლიტიკურმა ცვლილებამ უამრავი ადამიანი იხსნა ამ ხელისუფლების მზაკვრობისგან. მეგობარი მიყვებოდა ამას წინათ, როგორ დაიბარეს და მოსთხოვეს რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ატმის ბაღის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის წართმევითა და ციხეში ჩასმით დაემუქრნენ. ბაღი მამამისის გაშენებული იყო და შვილივით უვლიდა, ამიტომაც ეხვეწებოდა თურმე შუამავლებს, ფულს გადაგიხდით, ოღონდ ამ ბაღის დათმობას ნუ მომთხოვთ, მამაჩემი თავს მოიკლავსო... არაფერმა გაჭრა, რადგან პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო იმ ადგილას სათბურების გაშენება. ვკითხე, რამ გიშველა-მეთქი და, ახალმა ხელისუფლებამ მომისწრო სულზეო. საშინელებაა, როდესაც ხელისუფლება ჯალათივით ექცევა თავის მოსახლეობას.
- ბატონო მალხაზ, 2007 წლიდან მოყოლებული ბრძოლა არ შეგიწყვეტიათ, არ გეშინოდათ?
- როგორ არა... ოქტომბერში ვიგრძენი, რომ ისევ თავისუფალი ადამიანი ვარ. მანამდე ყოველდღე ველოდებოდი, რომ ან ჩემს შვილს მოუწყობდნენ პროვოკაციას, ან მეც ისევე დამიჭერდნენ, როგორც ბევრი სხვა დაიჭირეს. ხშირად მახსენდება ერთი შეხვედრა: იმხანად გლდანის ციხეს ვაშენებდით. შეკრებას ესწრებოდნენ ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. სწორედ ადეიშვილმა გამოგვიცხადა, დღეს ქვეყანას ჰყავს 12 ათასი პატიმარი, სექტემბერში უნდა გვყავდეს - 20 ათასი, წლის ბოლოს კი 30 ათასი უნდა გვყავდესო. ეს ხდებოდა 2007 წლის დასაწყისში. უკვე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს გეგმა მათმა ბელადმა, სააკაშვილმა დაუსახათ. მერაბიშვილ-ადეიშვილიც გადაჭარბებით ასრულებდნენ გეგმას. 2007 წელსვე დაიწყო ბიზნესმენთა ტოტალური დატერორება, ციხეებში შეყრა და შემდეგ მათთან ვაჭრობა.
- აქამდეც ხშირად ჰყვებოდით იმ უსამართლობაზე, რასაც სასამართლო სისტემაში წააწყდით...
- დიახ, "ყველა სიახლის" ფურცლებზე არაერთი მოსამართლე ვამხილე და არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია - წაუყრუეს. ახლა კიდევ ერთხელ ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ღალატი ჩაიდინეს - სააკაშვილს და მის გუნდს უკანონო გადაწყვეტილებები "გაუპრავეს", რის შედეგადაც 5 ათას ადამიანს სამუშაო წაართვეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმჟამინდელი დავების საბჭო, ფინანსთა მინისტრის, შემდგომში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, ეს იყო მოღალატეების კრებული, რომელშიც შედიოდნენ: კახა ბაინდურაშვილი - იმჟამად ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ასევე მოადგილეები:
პეტრიაშვილი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, იმხანად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი, რომელსაც მოგვიანებით სააკაშვილმა "გაქსუებული" ეძახა. ასევე, მიქელაძე, ლომიძე, გოდაბრელიძე. მათ ქვეყანას წაართვეს ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი 5 ათასი სამუშაო ადგილი. არ ვიცი, არის კი სადმე სხვა ქვეყანა, სადაც ისეთი სასამართლო და მოსამართლეები არიან, როგორებიც კუბლაშვილის "კანტორაში" ვნახე. მოსამართლეები: მირანდა ერემაძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი შენგელია, იოსელიანი, თეა თადაშვილი, მარიამ ცისკარიძე, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე... მოსამართლეები, რომლებმაც განიხილეს "არტისა" და "პიზას" საქმე - არიან სამართლის "კილერები". მათ შეასრულეს სააკაშვილისა და კუბლაშვილის დავალება. ჩაიდინეს დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა ხელისუფლების დაკვეთა, ისინი საკუთარი ნებით ამას არ ჩაიდენდნენ. ეს მოსამართლეები დამნაშავეებად სააკაშვილმა და კუბლაშვილმა აქციეს.
2007 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია თავის მოადგილეებთან - კახა ბუცხრიკიძესა და რეზო ჭარბაძესთან ერთად გვევაჭრებოდა ადამიანების თავისუფლებით. გვეუბნებოდნენ, თუ "ბილდინგ კომპანის" დაგვითმობთ, მძევლად აყვანილ თქვენს თანამშრომლებს გავათავისუფლებთ, თუ არადა, მათ 10-15 წელს მივუსჯითო. მანამდე კი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ჩვენგან 17 მილიონ ლარს მოითხოვდა. ქიბარ ხალვაშის კომპანიების დარბევასა და ძარცვა-განადგურებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ფინანსური პოლიცია, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი სიტყვით, ყველა ის ინსტანცია, რომლის შექმნასაც ასე ხშირად გვამადლის ხოლმე ნაცმოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული გვამი დავით დარჩიაშვილი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს დღეს მაინც შეაწუხებს თავმოყვარეობა და რომელიმე განაცხადებს, რომ მე მათ დაუმსახურებლად შეურაცხვყოფ, მზად ვარ, ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში თუ სასამართლო დარბაზში წარმოვადგინო მათი დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტები.
მიხეილ ვადაგასულმა ამას წინათ იკითხა, სად არის ნავთობის საფასურიდან ის 50 თეთრი, ვითომ მისი რეალიზაციიდან რომ ვიღებდიო?
მივმართავ სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, დღეს ისევ იმ მონოპოლისტ კომპანიებს უკავიათ ნავთობის ბაზარი, რომელიც თქვენ შექმენით. უკეთ რომ გითხრათ, ისევ თქვენი ჯიბის ბიზნესმენები აკონტროლებენ ნავთობს. მათ ხელშია ყველა ნავთობბაზა და ყველა საწვავ-გასამართი სადგურიც. ის თქვენი 50 თეთრი რომ გამოჩნდეს, აუცილებელია მრავალი ახალი მოთამაშის შემოსვლა ამ ბაზარზე. მაგრამ მათ მოუწევთ მთელი ქსელის შექმნა, როგორც საბაზისო, ისე საწვავ-გასამართი სადგურების, რასაც დრო სჭირდება. ქურდები და ყაჩაღები სააკაშვილს იმისთვის არ დაუჭერია, რომ ბიზნესი გათავისუფლებულიყო. ამით მოწილეები ჩამოიშორეს. თუ ქურდი ბიზნესმენს ფულს გამოსძალავდა, მაშინ სააკაშვილსა და მის ბანდას რაღა წაერთმიათ?
არის მეორე გზაც პრეზიდენტის წილი 50 თეთრის გამოსაჩენად - ფინანსთა სამინისტრომ კარგად უნდა შეამოწმოს ეს კომპანიები და უთხრას მოსახლეობას, რა მოგების მარჟაზე მუშაობენ ეს ბატონები.
დღეს ნაცმოძრაობის ლიდერები ერთხმად გაიძახიან, რომ არ შემოდის ინვესტიციები და შეჩერდა ეკონომიკის განვითარება. თვითონ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო და არის სარკოფაგი ეკონომიკის განვითარებისთვის. კოტე კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში შეუძლებელია ნორმალურ ბიზნესგარემოზე ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, თავისუფალი ფული ქვეყანაში ჯერ არ შემოვა. დღეს თუ რაიმე ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, ესეც პრემიერ-მინისტრის პირადი ნდობისა და ბიზნესსამყაროში მისი შეულახავი ავტორიტეტის წყალობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ყოველი დღე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი იქნება!
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)