2013 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვასილ გიორგაძე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, სოფელ პატარძეულში, პატრულის მანქანით დაედევნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კუთვნილ ავტომანქანას, მოსთხოვა გაჩერება და მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
მანქანაში იმყოფებოდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორიც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განუმარტეს, რომ მოძრაობის წესები არ დაურღვევიათ. ამის მიუხედავად, პატრულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მძღოლი 100 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ფაქტის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაშინვე შეატყობინა შსს-ს გენერალურ ინსპექციას ცხელ ხაზზე, საიდანაც საპატრულო პოლიციაში გადაამისამართეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს და მოითხოვს, შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ აღკვეთოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების უკანონოდ დაჯარიმების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.