საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
"ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. დღეს, შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ალასანიასთან. მე მოხარული ვარ იმ რეფორმებით, რაც მან გამაცნო. ჩემთვის ეს ძალიან პროფესიონალურ დონეზეა ჩამოყალიბებული და ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება. მეორეს მხრივ, საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება. კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს. გვსურს, ქვეყნის შიგნით მხარეები ძირითად და არსებით საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიალოგი მათ შორის მიმდინარეობს და გვინდა, რომ შეთანხმებას მალე მიაღწიონ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით კი, ხვალინდელ მინისტერიალზე კონკრეტულად განიხილავენ, თუ რა მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის დასრულების შემდეგ საქართველო ავღანური და გლობალური უსაფრთხოების დაცვაში.
"ნატოს-გან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, თუ რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში. ამ დღეებში ამ საკითხებს უფრო მეტად მოეფინება ნათელი. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც პრაქტიკულად შერჩეულია. ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში ნატო-ს ქვეყნებთან მეტი ინტეგრაცია მოხდეს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსა და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს, გენერალ ჯოზეფ დანფორდსაც შეხვდება.
თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.