არჩევნების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი გაუქმდა და შეიქმნა ორი ახალი სამსახური: სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ანტიკორუფციული დეპარტამენტი. გურიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს აკაკი სიხარულიძე უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულ სამსახურში თანამშრომლებად ინიშნებიან კუდ-ის ძველი თანამშრომლები ირაკლი ანდღულაძე და გიორგი გიორგაძე, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის განყოფილებებებს ხელმძღვანელობდნენ.
კუდ-ის გურიის სამსახურის უფროსი ვანო ბარამიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ქობულეთის სამსახურის უფროსად დაინიშნა, მისი მოადგილე ვანო საჯაია კი აჭარაში ანტიკორუფციული დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებაში ინიშნება. "გურია ნიუსი" კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს დაუკავშირდა, ზოგმა დაადასტურა ახალ თანმდებობაზე დანიშვნა, ზოგი კი დანიშვნის მოლოდინშია.
"ნებისმიერ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს სახელწიფოს და იდგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მე იმედი მაქვს, რომ როგორც ბატონმა მინისტრმა განაცხდა, უნდა მოხდეს ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია და მოხდება კიდეც", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა აკაკი სიხარულიძემ.