ხაშურის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, 373 ოჯახს სოციალური დახმარებები შეუწყდა. სააგენტოს ხელმძღვანელის, გოჩა ბარბაქაძის განცხადებით, ეს ოჯახები შემოსავალს მალავდნენ, ხოლო მათი აღმოჩენისთანავე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიიღო.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გაესაუბრა იმ ადამიანებს, რომელთაც სოციალური დახმარება შეუწყდათ და ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 82 წლის ევგენია ქობეზაშვილი ძმის შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს და აცხადებს, რომ სოციალური დახმარებების შეწყვეტით უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა.
"ძმის შვილიშვილებთან ერთად ვცხოვრობ. ბავშვების დედა საბერძნეთშია, ხოლო მამამ, რამდენიმე წლის წინ, მიატოვა. მათ ჩემს გარდა არავინ ჰყავთ. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი პენსია და ის სოციალური დახმარება იყო, რომელსაც იანვრამდე ვიღებდი. თებერვლიდან კი შემიწყვიტეს", - ამბობს ქობეზაშვილი.