ხობის მუნიციპალიტეტში გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლაშა ფარულავა აცხადებს , რომ ხობის გამგებელმა კახა ბენიძემ და მისმა მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ სცემეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაზარალებული აცხადებს, რომ 2 იანვარს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ცდილობდა ოფიციალურად მიეღო პასუხი მიზეზებზე.
ლაშა ფარულავას განცხადებით, ის გუშინ კიდევ ერთხელ შეეცადა გამგებელთან შეხვედრას, თუმცა ახალმა გამგებელმა მასთან შეხვედრა არ ისურვა.
მისივე თქმით, მის მიერ პროტესტის გამოხატვის შემდეგ, რამდენიმე წუთში, გამგეობის შენობასთან ახლოს გამგებელი და მისი მოადგილე დაეწივნენ, რომლებიც ფარულავას განცხადებით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნულ ბრალდებას გამგებელი უარყოფს. კახა ბენიძის განცხადებით, ლაშა ფარულავას ისინი თავს არ დასხმიან და დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნება, სხვაგან აქვს მიღებული. ბენიძე ირწმუნება, რომ მისი მოადგილე, მახარე ჩოკორაია სახლში მიდოდა და ეზოდან გასულს თავს დაესხნენ, აგინეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "ამის შემდეგ ჩავერიე და გავაშველე",-განაცხადა გამგებელმა.
საქმეს პოლიცია იძიებს, ხოლო ლაშა ფარულავას ზუგდიდში ექსპერტიზა უტარდება.