წიგნის გამოსაცემად ძალიან გაგვიჭირდა დაყოლიება. ალბათ იმიტომ, რომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა - მამის გარეშე მისი ტომეულის გამოცემა ეძნელებოდა. კარგა ხნის ჭოჭმანის შემდეგ მაინც დაგვყაბულდა და ჩვენმა მკითხველმაც უსაზღვროდ გაიხარა - როგორც იქნა, მუხრან მაჭავარიანის 3-ტომეული - მისი პოეტური შემოქმედების სრული კრებული ჟურნალ "გზასთან" ერთად "ჩემი რჩეულის" სერიით მიიღო.
"მამას გარდაცვალების შემდეგ მისი წიგნები პირველად დაიბეჭდა და ამ ტომეულისთვის უპირველესად, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს გამომცემლობას - "პალიტრა L"-ს. ახლა მიხარია კიდეც, გასაქანი რომ არ მომეცით და მეც დაგთანხმდით. მამა სულ ამბობდა, - ჩემი წიგნი იაფად უნდა გაიყიდოს, ყველამ რომ შეძლოს შეძენაო, - და კიდეც აუსრულდა - ალბათ, უკვე რამდენმა ოჯახმა გაიხარა! თანაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ყველაფერი გაითვალისწინეთ, რაც გთხოვეთ", - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილმა, ქალბატონმა ნანა მაჭავარიანმა რომელიც ჩვენ მიერ გამოცემული 3-ტომეულის რედაქტორ-შემდგენელიც გახლავთ.
- ჩვენი წიგნები მისი ხელნაწერებით გავაფორმეთ, ოღონდ ამ ხელნაწერებში აქა-იქ თუ ვხვდებით გადახაზულ-ჩასწორებულ სიტყვასა და სტრიქონს. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ბატონი მუხრანი ლექსებს ხმამაღლა "წერდა", ზეპირად. ეს თქვენგან ვიცი და კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიხსენოთ, როგორ იქმნებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზია.
- ლექსებს ყოველთვის ჩვენ თვალწინ, ხმამაღლა წერდა: მიმოდიოდა ოთახებში ან, თუ სოფელში ვიყავით - ეზოში და ასე, ზეპირად თხზავდა, ასწორებდა, ცვლიდა, ხანდახან მე და დედასაც გვეკითხებოდა აზრს და ლექსის მხოლოდ ბოლო ან ბოლოსწინა ვარიანტი გადაჰქონდა ქაღალდზე. ზოგჯერ ახალგაზრდობაში დაწერილ ლექსსაც მიუბრუნდებოდა ხოლმე. ერთი ლექსი აქვს, ზღვაზე, ძალიან მიყვარს: "აიზნიქება ტალღა, ლურჯი, უზარმაზარი..." გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მკითხა, ტალღა რომ აიზლაზნება, ის უკვე აღარაა ლურჯი და იმ ლექსში "ლურჯის" ნაცვლად "ქუფრი" ხომ არ დავწეროო? მაგრამ იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თითოეული სიტყვის ხმოვანებასა და ფორმას, რამდენჯერმე ხმამაღლა რომ წაიკითხა, ისევ ძველი ვარიანტი არჩია, - "ქუფრი" თითქოს ახშობს სტრიქონსო... ხმამაღლა, ზეპირად ქმნიდა ლექსებს და ამიტომ ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის ლექსებით მოლაპარაკე განსაკუთრებული ხმის ადამიანად დარჩა. ალბათ, ამიტომაც ვიცი ზეპირად თითქმის ყველა ლექსი, რომლის შექმნასაც შევესწარი.
- შორიდან კუშტი და ზვიადი ჩანდა ბატონი მუხრანი...
- პირში თქმა უყვარდა. ვინმეზე თუ გაბრაზდებოდა ან განაწყენდებოდა, კი არ გაუჯავრდებოდა, მოსწრებული ზემო იმერული იუმორით ისეთს ეტყოდა, სიტყვით გაანადგურებდა... ჩემთვის თბილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ ამ სითბოს ისე თუ იგრძნობდი, თორემ მოფერება არც მას უყვარდა, არც დედას. მხოლოდ მაშინ მკოცნიდნენ, სადმე თუ მივემგზავრებოდი ან ვბრუნდებოდი. მაინცდამაინც არც მაქებდნენ და თითქოს დიდად არც კმაყოფილი ჩანდნენ ჩემით (იღიმის). მეც ალბათ ვფიქრობდი, რომ შვილებს სწორედ ასე უნდა მოჰქცეოდა მშობელი და მგონი, მეც ასეთი ვიყავი ჩემი ქალიშვილებისადმი... თუმცა არა - მე უფრო თბილად ვექცეოდი ანიკას და სოფოს, მაგრამ რატომღაც თვითონ არ აკმაყოფილებდათ ჩემი სითბო. არ მახსენდება, მამა ძალიან გამბრაზებოდეს...
- გიფიქრიათ, რომ ბატონი მუხრანი უსამართლოდ მოექცა ვინმეს?
- არასდროს. მამა ჩემთვის ადამიანობისა და კაცობის ეტალონი, ყველაფერში მისაბაძი იყო, შეუმცდარ ადამიანად მიმაჩნდა.
- როდესაც ავიწროებდნენ, დევნიდნენ, არ გეშინოდათ, რომ დაიჭერდნენ?
- საერთოდ, ძალიან უშიშარი ვარ, ამიტომ ჩემს განცდებს შიშს ვერ დავარქმევ, უფრო უსიამოვნო შეგრძნებას ჰგავდა. მწამდა, რომ მამა ყველაფერს გაუმკლავდებოდა. ოჯახში ძირითადად, სამშობლოზე, საქართველოზე და მის გადარჩენაზე ლაპარაკობდნენ. ზვიად გამსახურდია ძალიან მეგობრობდა მამასთან, მერე ზვიადმა მონათლა კიდეც პატარა სამებაში, იმხანად 49 წლის იყო მამა... მისი დაჭერის მართლაც არასდროს შემშინებია, მაგრამ ბავშვობიდან რამდენჯერაც ჩემ თვალწინ სცენაზე ავიდოდა ან ხალხში დადგებოდა, მეგონა, ესროდნენ და მომიკლავდნენ. ჩემი განცდების არაფერი იცოდა, მაგრამ რომც მეთქვა, რა? - სისულელეებს ნუ მიედ-მოედებიო, - აუცილებლად მეტყოდა. არადა, მაინც ხომ სცენაზე დაასრულა სიცოცხლე და თუმცა იმწუთას არ უსვრიათ, დიდხანს კლავდნენ და, საბოლოოდ, მომიკლეს კიდეც. 20 წლის განმავლობაში კვდებოდა სამშობლოს დარდით და მისი ბოლო სიტყვაც "სამშობლო" იყო... მახსოვს, ჟურნალ "დილის" რედაქტორობისას მძღოლი ემსახურებოდა და შაბათ-კვირას ხშირად ვსტუმრობდით ტანძიას, სულხან-საბა ორბელიანის სოფელს. ერთხელ ბებიაც კი წამოიყვანა, თავისი დედა - თამარ იაკობაშვილი. წარმოგიდგენიათ? ბებიამ სულხან-საბა დაიტირა. ახლაც თვალწინ მიდგას ის მომენტი და ჩამესმის ბებიის ხმა: "სად არის შენი სამარე, საბავ, შენ არ გეღირსა ქართული მიწა, რა გინდა რუსულ მიწაში, შენი ძვალშესალაგი აქ არის, აქ, ტანძიაში!"... ხალხი გაოცებით შეჰყურებდა და კითხულობდა: ეს ქალბატონი ვინ ბრძანდებაო? წამოსვლისას კი ბებია თვალცრემლიანი გამოემშვიდობა ტანძიას: კურთხეულ იყოს შენი სახელი, საბავ, და ეს მიწა, მე ალბათ ვეღარასოდეს ვერ ვნახავ აქაურობასო!
გასაოცარია, რომ პირდაპირობით გამორჩეულ მუხრან მაჭავარიანს მოკრძალებული და შეფარული სიყვარული სცოდნია და სატრფიალო ლირიკაც ასეთივე შეფარული აქვს. მისი მეუღლის - ლამარა ბოკერიას მოგონებების წიგნი - "ძე ქუხილისა" დღიურსა და მეუღლესთან გასაუბრებას უფრო ჰგავს, ვიდრე მშრალ მოგონებას და თითქოს მათი დიდი სიყვარულის მთელი პოეზიაც აქ არის თავმოყრილი: "ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები ამ შენობასთან (იგულისხმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - ავტ.), ამ მშვენიერ ბაღთანაა დაკავშირებული... სწორედ უნივერსიტეტში, ლიტერატურული წრის ერთ-ერთ შეკრებაზე გიხილე შენ პირველად! უნივერსიტეტის ყველაზე დიდ აუდიტორიასთან სტუდენტების ჩოჩქოლია, იწყება ლიტერატურული წრის მორიგი შეკრება... მე და ციცინო (ქალბატონი ლამარას მეგობარი. - ავტ.) შემოვდივართ აუდიტორიაში და მოკრძალებით ვსხდებით უკანა რიგში...
რიგრიგობით გამოდიან ახალგაზრდა, დამწყები პოეტები, პროზაიკოსები... კითხულობენ ლექსებს, ნაწყვეტებს მოთხრობებიდან, კრიტიკულ წერილებს... აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა... უეცრად გამოდის ახოვანი, თმამოშვებული ახალგაზრდა და ომახიანი ხმით იწყებს ლაპარაკს...
- "მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან... მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი... - მე მჯერა!" სტუდენტები და ბესარიონ ჟღენტიც, რომელიც ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი იყო, გაოგნებული გისმენდნენ და მერე უეცრად ტაში დაუკრეს.
ეს ახალგაზრდა შენ იყავი, მუხრან, და პირველად სწორედ იქ გიხილე...
- "ეს მუხრან მაჭავარიანია, არავის არ ჰგავს - ისეთ ლექსებს წერსო" - ამბობდნენ სტუდენტები... ერთ-ერთი წიგნის შესავალში შენ წერ:
"ერთ მშვენიერ დღეს (კურთხეულ იყოს ის წუთი), გავიხედე, - რას შევხედე: სიყვარული... სიყვარული არ მეძგერა!
შორით ვკიდე თვალი: ორფერი კაბა ეცვა (თეთრი, - ლურჯი ზოლებით)...
ქალიშვილი, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა
"ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, -/ მე გული მთხოვა ერთ საღამოს იმ ქალიშვილმა./ ...და მე დილამდე ქუჩებში ვიარე.../ შინ რომ მოვედი - გულაღმა დავწექ, -/ ხელები თავქვეშ ამოვილაგე./ ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, -/ მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა. სიყვარულის მეხუთე წელს, ოცდახუთი წლისამ შევირთე ქალი, - ლამარა ბოკერია"...
ეს იყო ერთ მშვენიერ მაისის საღამოს... მწერალთა სასახლეში მწერლებსა და სტუმრებს მოეყარათ თავი. "ერთი ლექსის საღამო" - ხშირად ტარდებოდა სასახლეში, და აბა, ამას როგორ გავაცდენდით მე და ჩემი მეგობარი ციცინო... შესვენებისას გარეთ გამოვედით და ბაღში, სკამზე დავსხედით, პატარა წყაროსთან ახლოს...
მოულოდნელად მოვიდა ჩვენთან პოეტი ნაზი კილასონია, რომელსაც არცთუ ისე ახლოს ვიცნობდით. "მე გამომგზავნა თქვენთან პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა" - და ხელი გაიშვირა მოშორებით მდგარი ორი ახალგაზრდისკენ. "თქვენი გაცნობა სურს, თუ შეიძლება!" ჩვენ გაოგნებულებმა გამოვიხედეთ იქით და შენ დაგინახეთ... - "როგორ არა, როგორ არა," - ვთქვი და ორივენი ფეხზე წამოვცვივდით... შენ ნელი ნაბიჯით წამოხვედი ჩვენკენ... ჩვენ მოკრძალებით გამოგიწოდეთ ხელი...
- თუ შეიძლება გაგაცილებთ, მეც იქით ვცხოვრობ, ვერაზეო, - თქვი მორიდებით... და წამოვედით ერთად, ნელი ნაბიჯით, გამოვიარეთ რუსთაველის გამზირი, ლენინის ქუჩა (ახლა კოსტავასი) და ჩემს სახლთან კიროვის (ახლა ვერის) ბაღის პირდაპირ (სადაც ახლა ფილარმონიაა) შევჩერდით... - "მე აქ ვცხოვრობ!" - გითხარი.
- მე ეს ძალიან კარგად ვიციო! - მიპასუხე. - "მართლა, საიდან?" და გახარებულმა, ფრთაშესხმულმა ავირბინე კიბე! იმ საღამოს შენთან შეხვედრისას თითქოს დიდი ნათელი ჩამეღვარა გულში და დღემდე იმ ნათელით ვსულდგმულობ...
"ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ. -/ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი/ არაერთს ისე მოეღო ბოლო, -/ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის./ ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -/ სად არის იგი! -/ ეს ღმერთმა იცის! -/ იმ ერთის ხილვის, -/ იმ ერთის პოვნის, -/ ათასში ერთი გამხდარა ღირსი."
ალბათ არსთაგამრიგემ ინება, რომ მე და შენ გვეპოვა და ჭეშმარიტი სიყვარულით გვყვარებოდა ერთმანეთი გარდაცვალებამდე და შემდგომაც!.."
ნანა მაჭავარიანი:
- მუხრან მაჭავარიანის შვილობა ბედნიერებასთან ერთად, დიდი ტვირთიცაა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს პასუხისმგებლობა წარმოუდგენლად გაიზარდა. მისი დანატოვარი ბევრი რამ მაქვს მისახედი - მუზეუმი არგვეთსა და თბილისში, ირაკლი აბაშიძის 48-ში, ასევე მისი სახელობის ფონდი მამას გარდაცვალების შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ იურიდიულად, ქაღალდზე დავაარსეთ. მუზეუმისთვის გამოყოფილ 3 ოთახს არგვეთის სახლში და თბილისის ფილიალსაც რესტავრაცია სჭირდება. მუხრან მაჭავარიანის ფონდის პრეზენტაციას მისი დაბადების დღისთვის - 12 აპრილისთვის ვაპირებთ და ვფიქრობ, კარგ საქმეებს გავაკეთებთ, თუკი თანხა შემოვა. მუხრანის ვებგვერდის და ელექტრონული წიგნის გაკეთება, ასევე, მასზე ფილმის გადაღება გვინდა, მისი სახელობის სტიპენდიასაც დავაარსებთ და შიგადაშიგ, 2-3 სემესტრის განმავლობაში დავაფინანსებთ ხოლმე მისი უძვირფასესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს. კიდევ, შემოდგომობით, ოქტომბერში, რთველის შემდეგ "მუხრანობის" დღესასწაულის დაწესებაც მინდა საჩხერეში, არგვეთის მუზეუმი კულტურის ცენტრადაც მინდა, ვაქციო. გული მწყდება, რომ მისი სახელობის სკოლა არ არის საჩხერეში და ალბათ 85 წლის იუბილესთვის - 2014 წლისთვის ამასაც გაითვალისწინებენ. ცოტა ხნის წინ მუზეუმების სარესტავრაციოდ "ქართუ ჯგუფში" განცხადებაც შევიტანე და ვნახოთ, რას გვეტყვიან. ვიმედოვნებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მუხრან მაჭავარიანის ხსოვნას შეეფერება.
ლამარა ბოკერიას წიგნიდან: "ღმერთო დიდებულო, როგორ მიჭირს ამ სტრიქონების წერა: ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის და ქაღალდს მისველებს, სტრიქონებს ვეღარ ვხედავ, - ეს იყო ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთები. შენ ზანტად წამოდექი, დინჯად აიარე სცენისკენ ამავალი კიბე და ფრიდონს გადაეხვიე, - მიულოცე იუბილე: - "არც მე ვარ პატარა, 81-სა ვარო!" - უთხარი. ავანსცენაზე იდექი... შენებურად ომახიანად დაიწყე... მისასალმებელი სიტყვა: ვაჟას სიტყვები "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლეო"... თქვი და უეცრად შეჩერდი, მაღლა აიხედე... წამიც და მოცელილივით გადავარდი უკან... თითქოს ტყვიით განგმირული მეომარი დაეცაო ბრძოლის ველზე... დარბაზმა ამოიგმინა... ალბათ ხალხის გმინვა და დრტვინვა მარადისობის გუგუნად ჩაგესმოდა... ყველა ფეხზე წამოდგა... ჩვენ სცენაზე ამოვცვივდით... ჩვენი შვილიშვილი, ოთხი თვის ფეხმძიმე ანიკა, მუხლებზე დაჩოქილი ცდილობდა შენს გადარჩენას...
შენ კი ფართოდ გახელილი უძრავი თვალებით შორეთს გასცქეროდი... მთელი საქართველოს თვალწინ გაგიჩერდა გული, სასწაულებრივად გაჩერდა შენი მაჯის საათიც... გაზაფხულზე დაიბადე და გაზაფხულზე გადახვედი მარადისობაში... გასაოცარი და სულისშემძვრელია, რომ 1959 წელს დაწერილ ლექსში "წინასწარ ხილვა" - შენ იწინასწარმეტყველე შენი აღსასრული: "ოდნავ ზარმაცი მოძრაობით წამოდგა ფეხზე:/ აღმართა ხელი, -/ ყურადღება ითხოვა უხმოდ./ წუთიც და.../ მძლავრი,/ ღონიერი,/ მსუნთქავი ლექსი -/ უძრავ სახეებს განეფინა,/ ვითარცა შუქი./ მივჩერებოდი:/ ის, - ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსი, -/ დროგამოშვებით ირხეოდა,/ ვით ქარში მუხა.../ წარმოვიდგინე:/ მოძრაობის შეწყვეტა მისი,/ ცხოვლად ვიხილე:/ პირისახე პოეტის, -/ უხმო."
შენი გარდაცვალება ასეთი უჩვეულო და გამორჩეული ალბათ არსთაგამრიგეს, - ღვთის ნება იყო... ყოველ დროს, ყველაფერში გამორჩეული ბედისწერა..."
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)