...თბილისში მაშინ მეტი სივრცეც იყო და მეტი ჟანგბადიც. გარეგნულად ასე ჩანდა. შიგნით, გულის გულში რა ხდებოდა, ამას მერე იტყვიან, როდესაც ეროვნული მოძრაობის მკვლევრები დაწერენ, რომ 60-იანი წლებიდან კიდევ უფრო გაძლიერდა დისიდენტური მოძრაობა. თავისუფლების ჩვენთვის დახურული ქვეყნებიდან როგორღაც მაინც აღწევს ხმა მოდური ტენდენციების შესახებ და თბილისელი გოგონები თამამად იმოკლებენ კაბებს... საქართველო უახლესი ისტორიის ჭრილობებს ჩუმად იშუშებდა იმ გარემოში, სადაც ჩართული ტელევიზორიდან საინფორმაციო გადაცემა მხოლოდ "დიადი ქვეყნის" წარმატებებზე გიყვებოდა, სადაც არავინ აჩენდა გულზე დაკიდებულ ჯვარს, სულში ჩარჩენილ ნაღველს, ტკივილს, რომელსაც ატარებდა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ფილმი, რომელზეც უკვე 50 წელიწადია, აღფრთოვანებით ლაპარაკობს მსოფლიო, - "ჯარისკაცის მამა". მაშინ ქართველმა მაყურებელმა რეზო ჩხეიძის ეს ახალი შედევრი, რომელიც ჯერ არავინ იცოდა, რომ საუკუნის ფილმად დარჩებოდა, ისე მიიღო, როგორც ბუნებრივი, ჩვეულებრივი... თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შეჩვეული იყო შედევრებით ტკბობას. სერგო ზაქარიაძემ სცენარის წაკითხვის შემდეგ ფეხზე წამომდგარმა დასვა კითხვა, - ნუთუ მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ როლს შევასრულებ?!.
ბატონ რეზოს "სამების" მონასტერში ვესაუბრე.
- პირველი თოვლი იყო თბილისში. სცენარი უკვე მქონდა. სულიკო ჟღენტმა რამდენიმე დღით ადრე მომიტანა და ეს 8 თუ 9-გვერდიანი სცენარი გახდა ჩემი ფიქრის მთავარი საგანი. ვფიქრობდი, რომელი არტისტი დამეკავებინა მთავარ როლში. ტროლეიბუსში ვიჯექი და რუსთაველის პროსპექტს გავყურებდი. მარშრუტი: მოედნიდან - ოპერისკენ. რუსთაველის თეატრის გვერდით ფოტოაპარატების მაღაზიის რკინისრიკულებიან მოაჯირს ვიღაც კაცი გადაჰყუდებოდა და რაღაცას ჩასცქეროდა. ღონიერი სხეული, ძლიერი ფეხები, გაშლილი მხრები, მყარი დგომის პოზა... ტროლეიბუსი მიდიოდა, მე ისევ ამ კაცს მივჩერებოდი. ჯერ ისევ ვხედავდი... იმ დროს, როცა მაღაზიის ვიტრინას მიჩერებული კაცი ჯერ კიდევ ჩემი მზერის არეში იყო, ის წელში გაიმართა და მოტრიალდა. ვიცანი. ან როგორ ვერ ვიცნობდი - ეს ხომ სერგო ზაქარიაძე გახლდათ! ჩემმა გონებამ, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ გიორგის როლის შემსრულებელს დაეძებდა, ეს კაცი თითქოს პირველად დამანახვა. მეორე დილით დავურეკე და კინოსტუდიაში დავპატიჟე, ახალი სცენარის გასაცნობად.
- სულიკო ჟღენტი, რამდენადაც ვიცი, თქვენი თანაკურსელი და მეგობარი იყო. როგორ მოუვიდა ამ სცენარის დაწერის იდეა? "ჯარისკაცის მამა" ერთად ჩაიფიქრეთ თუ ეს მთლიანად მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო?
- დიახ, მე და სულიკო მეგობრები ვიყავით. მოსკოვში მე კინოსარეჟისორო, ის კი კინოსასცენარო ფაკულტეტზე ერთადროულად ვსწავლობდით. ორი, ერთნაირი ინტერესის მქონე, ერთი ქვეყნის შვილი წარმოუდგენელი იყო, არ დავმეგობრებულიყავით. "ჯარისკაცის მამა" სულიკოს იმ გადატანილმა ომმა დააწერინა, რომლის მონაწილეც თავად იყო. ის საკუთარი ნებით, მოხალისედ წავიდა ომში. ამიტომაცაა ეს ფილმი მართალი. სცენარის იდეა და შესრულება მთლიანად მას ეკუთვნის, მე კი პირველი წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს გვერდზე გადასადები სცენარი არ იყო. ნებისმიერ ტრაგედიას თავისი რომანტიზმი ახლავს, ხელოვანის დანიშნულება კი სწორედ ამის დაფიქსირებაა.
- ბატონო რეზო, "ჯარისკაცის მამას" უკვე მერამდენედ ვუყურე და ისევ აღმოვაჩინე ახალი დეტალები. პირველივე სცენაში, როდესაც კახელი გლეხი, გიორგი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე მიდის და სოფელს ემშვიდობება: - გზა მშვიდობისა, გიორგი! - ქვის ყორედან ხელს ყოფს და გზას ულოცავს თანასოფლელი ქალი. პირჯვარს სწერს თითქოს. მერე იქვე: "რას შვრები, გიორგი, ლოცულობ?" "ილოცოს, თუ გული ითხოვს, ილოცოს"... გამიკვირდა - როგორ ახერხებდით ამას? "ჩვენ ეზოში" - ხატი, "ღიმილის ბიჭებში" - ეკლესიის სცენა; მაშინ ეს ყველაფერი საოცრებად ჩანდა.
- ვწუხვარ, რომ ამ მხრივ უფრო მეტი ვერ შევძელი. გაინტერესებთ, როგორ იქმნებოდა ფილმი. მინდა, ამასთან დაკავშირებით ვთქვა, თუ როგორ გარემოში იქმნებოდა ის. საქმე ის გახლავთ, რომ მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ვგრძნობდი, პატრიოტული განწყობილება ხალხში ყოველთვის იყო. ამდენად, რუსეთთან დამოკიდებულება, თემა, რომელიც ახლაც აქტუალურია, მაშინაც საინტერესო იყო. ტყუილად არ იყო ახლა პატრიარქი იქ წასული. ეს პოლიტიკა რომ საზიანო იყოს საქართველოსთვის, პატრიარქი არ წავიდოდა...
- ფილმში არის მომენტები, რომელზეც ძალიან ბევრი ითქვა. ვთქვათ, - სცენა ვენახში. ეს გასაგებიცაა - გასაოცარი სამსახიობო ხელოვნება, ჩანაფიქრი, ყველაფერი ერთად, მაგრამ ნაკლები ითქვა იმაზე, რაც უფრო მეტად რეჟისორის ნამუშევარია. მხედველობაში მაქვს სცენა, სადაც გიორგი ტანკებს გადაუდგება. ხომ არ ვცდები შეფასებაში?.. როგორ იღებდით იმ სცენას?
- არა, მართალი ხართ. გადაღებები ბექობზე მიმდინარეობდა. ტანკები კორიანტელს აყენებდნენ, ბატონი სერგო კი ამ კორიანტელში დარბოდა და შვილს ეძახდა. რამდენიმე რეპეტიცია გავიარეთ მიყოლებით. სანამ გადაღებას დავიწყებდით, შევისვენეთ. სწორედ ამ დროს მოვიდა წინამძღოლი ტანკის ლეიტენანტი ჩემთან და მეუბნება: "მომისმინეთ, უთხარით თქვენს მოხუცს, ასე ახლოს ტანკთან ნუ მოდის, პირდაპირ მუხლუხს უვარდება ქვეშ; გადავუვლი და მერე პასუხისგებაში მიმცემთ. გააფრთხილეთ თქვენი მოხუცი!" იმან რა იცოდა, ვისზე საუბრობდა?!. მოკლედ, გავაფრთხილე ბატონი სერგო და, - უჰ, კაცო, ეგ რა მიქნია, აღარ ვიზამ ასეო, - შემპირდა. დავიწყეთ გადაღება და რას არ იზამს?! თავით უხტებოდა ტანკებს "გუსენიცებში"! მადლობა ღმერთს, რომ კარგად დამთავრდა ყველაფერი.
- ისე მიყვებით, თითქოს გუშინ მოხდა. საინტერესოა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა თუ გაუთვალისწინებელიც შეგემთხვათ რამე?
- მეღიმება ახლა. გახსოვთ ის ცნობილი პლაკატი, სადაც სერგოა ავტომატით ხელში? ყველას ჰგონია, რომ ეს კადრია ფილმიდან, სინამდვილეში კი ასე არ არის. ასეთი სცენა იყო ჩაფიქრებული: ბატონი სერგო ხედავდა, როგორ ცდილობდა ჩვენი ტანკი მტრის თვითმფრინავისთვის ტყეში შეესწრო. მოკლედ, მისდევდა ამ ტანკს ავტომატმომარჯვებული, "გოდერძის" ძახილით და, როგორც შეეძლო, იცავდა. გადავიღეთ ტანკისა და გიორგის სცენა და აღმოვაჩინეთ, რომ ისეთი თვითმფრინავი, როგორითაც მაშინ გერმანელები დაფრინავდნენ, მსოფლიოში აღარ არსებობდა. შევწუხდით, რადგან ის ძალიან კარგი სცენა დასრულებას მოითხოვდა. მერე დიდი გაჭირვებით, რაღაც მსგავს თვითმფრინავს მივაკვლიეთ. როგორც იქნა, მოფრინდა ეს მფრინავი ამ ნაოცნებარი თვითმფრინავით და საქმიანად მოითხოვა, აგვეხსნა მისთვის, თუ რა ევალებოდა. ბუნებრივია, ავუხსენით, რომ მიწასთან რაც შეიძლებოდა ახლოს უნდა ეფრინა, რომ დევნის ეფექტი გაგვემძაფრებინა, და გადასაღები მოედნის მომზადებას შევუდექით. ჩვენმა გახარებულმა პიროტექნიკოსმა, რომ ბოლოს და ბოლოს, მივაღწიეთ საწადელს, დიდი მონდომებით დანაღმა ის ადგილები, რომლებიც მოვუნიშნეთ, და დავიწყეთ გადაღება. აფეთქებები სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც თვითმფრინავი იმ ადგილის თავზე იქნებოდა. მოკლედ, ომის საშინელ, დაუნდობელ სცენას ვიღებდით. არადა, აღმოჩნდა, რომ ზედმეტი მოგვივიდა. ერთი ნაღმი ისე აფეთქდა, რომ მიწასთან ახლოს მყოფ თვითმფრინავს ცალი ფრთა დაუზიანა. გადმოვიდა ის კაცი თვითმფრინავიდან. სრულიად გადათეთრებული იყო შიშითა და სიბრაზით. მანამდე გაიძახოდა - იოლი ამოცანა დამისახეთო, - ბოლოს კი კარგად გვაგინა და გვლანძღა და ხმას როგორ ამოვიღებდით?!. უკვე ფილმის გადასაღებად განკუთვნილი დღეები გვეწურებოდა და დრო აღარ გვეყო ახალი თვითმფრინავის მოსაძიებლად. ალბათ ვეღარც ვიპოვიდით მსგავსს ვერაფერს. ასე რომ, კადრი მხოლოდ პლაკატზე დარჩა.
- კინო სინთეზური ხელოვნებაა და არ შეიძლება, არ ვისაუბროთ იმ გუნდზე, რომელიც ამ ფილმს ქმნიდა. როგორც ტიტრებში ამოვიკითხე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა.
- ფილმის კომპოზიტორი სულხან ცინცაძე გახლდათ. ამით ბევრი რამე ვთქვი... მის მუსიკას კი თბილისის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრი ასრულებდა, ლევან კილაძის დირიჟორობით. მყავდა ორი არაჩვეულებრივი ოპერატორი - ლევ სუხოვი და არჩილ ფილიპაშვილი. მართლაც ძლიერი გუნდი იყო.
- ფილმში ბევრი კადრი ჰგავს ნახატს. უხერხულია, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, - ეს მხატვრის დამსახურებაა თუ მთლიანად თქვენი?
- ვიცნობ რეჟისორებს, რომლებიც კადრში მხატვარს არ ახედებენ. ანუ მხატვრის ფუნქცია მხოლოდ სამუშაო ფონის მომზადებაა, მერე მას არავინ არაფერს ეკითხება. მე და თენგიზ აბულაძეს წესად გვქონდა, რომ მხატვარს აუცილებლად შეემოწმებინა კადრი. ასე იყო "ჯარისკაცის მამის" შემთხვევაშიც. პირველად ამ წესის სიკეთე "მაგდანას ლურჯაზე" გამოვცადე. მგონია, რომ "ნატვრის ხემაც" ბევრი მოიგო ამით. "ჯარისკაცის მამა" კი, თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ კინონახატია.
- ფილმს სამხედრო კონსულტანტი ჰყავდა - ვლადიმიროვი. ამ კაცმა მართლაც გაგიწიათ დახმარება თუ ეს ფორმალობა იყო, როგორც ბევრი სხვა რამ კომუნისტების დროს?
- ჩვენი სამხედრო კონსულტანტი, ვლადიმიროვი ომის დროს არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ არტილერისტები ყველაზე კულტურულ ხალხად მიიჩნევა არმიაში. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ მათემატიკური მეცნიერებების ცოდნა მოეთხოვებათ, რათა დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ. ამდენს იმიტომ ვაქებ ახლა, რომ ეს კაცი მართლა ძალიან დაგვეხმარა. მერე, როდესაც ფილმი დასაცავი გახდა მოსკოვში, ზუსტად ამ ჭკვიანი კაცის ნათქვამმა გადაგვარჩინა. კარგად მახსოვს ის დღე - გადაღებისთვის ვემზადებოდით, ბიჭები სანგარში ისხდნენ და ყველამ იცოდა, რომ დაიწყებოდა გადაღება და გერმანელები შეტევაზე გადმოვიდოდნენ. დადიოდა ეს ჩვენი კონსულტანტი და ათვალიერებდა, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. წესრიგის მოყვარული კაცი იყო. გავიგონე, რომ ერთ ჯარისკაცს შენიშვნა მისცა, - საყელო რატომ არ გაქვს შეკრულიო?! - რა დროს საყელოა, სიკვდილს ველოდებითო! - იხუმრა ჯარისკაცმა. - სიკვდილის წინ ყველა ადამიანი ფიქრობს, როგორი იქნება მისი გარეგნობა სიკვდილის შემდეგო, - ხუმრობა არ მიიღო ვლადიმიროვმა. მაშინ ჯარისკაცმა ბატონ სერგოზე მიუთითა: ის მთლად გაღეღილი იჯდა. იცით, როგორ შეიცხადა ვლადიმიროვმა ეს საქციელი? - მაგრამ ის ხომ ჯარისკაცი არ არის, ის ხომ გლეხიაო!.. აი ამ ფრაზამ, რომ გიორგი მახარაშვილი ჯარისკაცი კი არა, გლეხია, გადაგვარჩინა, როდესაც მოსკოვში თავდაცვის სამინისტროში ვიყავით დაბარებულები იმის გამო, რომ გავბედეთ და ჩინით უფროსი ვაცემინეთ მთავარ გმირს. სხვათა შორის, არავინ გვედავებოდა იმაზე, რომ ქართველმა რუსი გალახა. სამხედრო ჩინის უპატივცემულობას კი არაფრით გვაპატიებდნენ, რომ არა ეს ჩვენი კონსულტანტი. გლეხია? თუ გლეხია, ვალდებული არ არის, ვინმეს დაემორჩილოს! ამიტომაც ერთი სილის გაწვნა ჩვენც შეგვრჩა და გიორგი მახარაშვილსაც.
- გადაღებებში მოსკოვის, ბალტიისპირეთისა და ამიერკავკასიის საჯარისო ნაწილები მონაწილეობდნენ. გერმანიის კადრები როგორ გადაიღეთ?
- იქ ტანკებს, რა თქმა უნდა, ვერ წავიყვანდით. ამიტომ მხოლოდ ფონს ვიღებდით გერმანიაში. ძალიან მარტივად იყო ყველაფერი. განცხადებით უნდა მიგვემართა თავდაცვის სამინისტროსთვის და მძიმე ტექნიკასაც და საჯარისო ნაწილებსაც ულაპარაკოდ გვაწვდიდნენ. ყველა მასობრივი სცენა ნამდვილი ჯარისკაცების მონაწილეობით შევასრულეთ. სიხარულით მონაწილეობდნენ ის ბიჭები ჩვენს ფილმში, არავის დაუწუწუნია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების პროცესი, ვინც იცის, დამეთანხმება, რომ საკმაოდ დამღლელია.
- "ჯარისკაცის მამის" პირველი ჩვენება...
- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფილმი პირველად პიონერთა სასახლეში ვაჩვენეთ. იქ კინო და თეატრალური წრეები მაშინაც იყო. მოკლედ, კინოსა და თეატრის მომავალი მუშაკები დავასწარით პრემიერას. ბავშვები ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან. მათი სახეებით დავრწმუნდი, რომ ფილმი გამოვიდა.
- თავისი ბედი დაჰყვება ყველაფერს. ფილმი 50 წლის წინ დაამთავრეთ და მასზე მუშაობა ახლაც გრძელდება. აი, ამდენი წლის, ამდენი აღიარების შემდეგ, თქვენი ფილმი ჰოლივუდის პროექტში მოხვდა და ახლა "ჯარისკაცის მამა" ფერადია. ეს თქვენი ინიციატივა იყო?
- არა, მათ თავად მომმართეს. სხვათა შორის, არ მინდოდა ფილმის გაფერადება, რადგან მეშინოდა, ფერებს დრამატიზმი არ წაეშალა ფილმისთვის. ამიტომ სინჯები მოვითხოვე. აკეთებდნენ სინჯებს და მიგზავნიდნენ. მერე მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვშიშობდი, მაგრამ ჩემი მოთხოვნა, რომ ფილმში არ შესულიყო მყვირალა ფერები, ბოლომდე უცვლელი დარჩა. იუნესკომ ეს წელი "ჯარისკაცის მამის" წლად გამოაცხადა და სულ მალე აღნიშნავენ ამ თარიღს.
- "ღიმილის ბიჭები" სხვანაირი ფილმია, მაგრამ ისევ - ომზე. რატომ აირჩიეთ იგივე თემა?
- ეს ბავშვობაში დადებული ფიცის ასრულება იყო. ჩემი კლასიდან იმ ომში ოთხნი დაიღუპნენ. ახლაც ვხედავ იმ სურათს. გაგანია ომი იყო. თბილისში თუ ერთად შეკრებილ ხალხს დაინახავდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქუჩაში ჯარისკაცი გამოჩნდა და ხალხი მას ეხვეოდა. ეკითხებოდნენ ამბებს, კანფეტებს, თეთრ პურს უჩურთავდნენ ხელებში. მე კამოზე ვსწავლობდი, ჭავჭავაძის სახელობის მესამე სკოლაში. ერთად გამოვდიოდით ბიჭები პლეხანოვზე, მოედნამდე მივდიოდით და მერე ვიშლებოდით; ზოგი ფეხით აგრძელებდა გზას, ზოგი - ტრამვაით... იმ დღესაც ასე ერთად მოვდიოდით და დავინახეთ გუნდად მომავალი ხალხი. გაჩერდნენ ერთ ადგილას. ვდგავართ და ვუყურებთ. დგას ლამაზი ყმაწვილი, საბჭოთა კავშირის გმირის ორდენი და ტანკისტის ნიშანი აქვს მკერდზე და ყველა რაღაცას ეკითხება. თავადაც დაგვინახა და დაგვიძახა, - რა გინდათო? ჩვენი კლასელის, ლევან ჩხიკვაძის ამბავი გვინდოდა გაგვეგო... ჰოდა, გავიგეთ კურსკის ბრძოლის ამბავი, სადაც 3000 ტანკი მონაწილეობდა. იქ ეს ჩვენი ლევანიც იყო, რომელიც ომში წასვლამდე ჩემს დადგმულ სასკოლო სპექტაკლში გიორგი სააკაძის როლს ასრულებდა... ქუჩაში ვიდექით, წინ ეს უცნობი, ახალგაზრდა ლამაზი ბიჭი გვედგა თავჩაღუნული, რაკიღა ლევანის სახელი გაიგონა. - ერთ ტანკში ვისხედით; ტანკს ნაღმი მოხვდა, აალდა; მე ამოვასწარი, ლევანმა კი - ვერაო.
- ყველა ის ჩინი გაქვთ მიღებული, რაც კი საბჭოთა რეჟისორს შეიძლებოდა მიეღო, და კიდევ ერთი საპატიო წოდებაა - მსოფლიოს მშვიდობის ელჩი, და ახლა ეს ელჩი სამების მონასტერში ცხოვრობს.
- აქ პატრიარქმა მომიპატიჟა და პერიოდულად ვცხოვრობ ხოლმე... აქ ყოფნამ ერთი კარგი სტატია დამაწერინა. კოკისპირული წვიმა იყო, ხანდახან ელვა გამოანათებდა. ჩემი ფანჯრები სამებას გადასცქერის. ვუყურებ და ვხედავ, რომ ეს სამება კი არ არის, ნოეს კიდობანია. ჩავდივარ, ტაძარში შევდივარ და ახლა იქ ვხედავ, რომ ეს ნამდვილად, ნოეს კიდობანია და მის საჭესთან პატრიარქი დგას. დავწერე მერე ეს...
სამებიდან თავდაღმართზე ვეშვები და თბილისი რატომღაც, უფრო ვიწრო მეჩვენება. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, ბატონ რეზოს პოლიტიკაზე რომ არ ვესაუბრე. მთავარი ხომ სხვაა - რეზო ჩხეიძემ მთელ საბჭოეთს დაუგო მახე - გიორგი მახარაშვილი ჯარისკაცი არ არის, ის გლეხია! მან ფილმი ომზე კი არა, ქართულ უტეხ სულზე გადაიღო, საამაყო ქართველ გლეხკაცზე, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია ავისა და კარგის, თეთრისა და შავის გარჩევა. ასე ხდება - გავა კიდევ 50 წელიწადი და ვიღაც ჩემნაირი ახალგაზრდა ქალი ჩვენი დროის აღწერას ასე დაიწყებს: - თბილისი მტვრიანი იყო და ეჭვიანი, მაგრამ ელიას მთაზე ამაყად იდგა პირველყოფილი სილამაზის სამება. ეს ნამდვილად ვიცი! სხვა რა დარჩება, იხილეთ 50 წლის შემდეგ.
დეა ცუცქირიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)