სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსის კახი ღვინიაშვილის მიმართ, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, თელავის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს განაჩენით, კახი ღვინიაშვილს გირაოს სახით გადახდილი 10 000 ლარი უკან დაუბრუნდება.
"ჯერ გვითხრეს, რომ მიმართავდნენ სასამართლოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით, მერე განრიდებაზე ალაპარაკდნენ. შემდეგ ორჯერ დაგვიბარეს პროკურატურაში და დაშინების მცდელობა იყო, მაგრამ მამუკა წიკლაურმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა" - განაცხადა კახი ღვინიაშვილის ადვოკატმა თამაზ კილანავამ.
კახი ღვინიაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის დეკემბერში, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. იმავე წლის 30 იანვარს, ღვინიაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.