დედაქალაქის მერი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ქალბატონი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორის კვალდაკვალ, დენისა და დასუფთავების საკითხზე გამოძიების დეტალების შეგნებულ გაყალბებასა და გარემოებების ზერელე ცოდნას ავლენს. იუსტიციის მინისტრი ცრუ განცხადებას აკეთებს, როდესაც საკრებულოს მიერ დასუფთავების ახალი ტარიფის მიღებას გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდს უკავშირებს. მათი გუნდის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური განცხადება ერთხელ უკვე გააკეთა მთავარმა პროკურორმა. დღეს იგივეს იუსტიციის მინისტრიც იმეორებს. მინდა ვუთხრა ხელისუფლების ორივე წარმომადგენელს, მოეშვით საზოგადოების შეგნებულად მოტყუებას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენ როგორც ჩანს თავად ვერ ერკვევით თქვენივე უწყების მიერ წარმოებული გამოძიების დეტალებში.
კერძოდ, უნდა იცოდეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს შპს ,,თბილსერვის ჯგუფში" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექმნასა და მოქალქეების დასაქმებასთან დაკავშირებით, რაც 2009 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა. რაც შეეხება, დედაქალაქში დასუფთავების ახალ ტარიფს, შეგახსენებთ, რომ ის გაცილებით გვიან, 2011 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. აღნიშნული კი საკრებულოს, ქალაქის არჩევითი კოლეგიალური ორგანოს, გადაწყვეტილება იყო, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურად შეიძლება შეფასდეს და არა საგამოძიებო კუთხით.
აქედან გამომდინარე, უკვე მერამდენედ პირადად თქვენ, პირადად კბილაშვილი, პირადად ხადური, ღარიბაშვილი ვერ გარკვეულხართ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებში. თქვენი შეფასებები ყველა ნორმალური საერთაშორისო სტანდარტით არის და იქნება აღქმული, როგორც გამოძიებაზე ზეწოლა და გამოძიებაზე კონკრეტული მცდარი მიმართულების მიცემა. და თუ მაინც პოლიტიკური ბრალმდებლების როლში ყოფნას აგრძელებთ, მეტი დამაჯერებლობისთვის ფაქტობრივი გარემოებები მაინც შეისწავლეთ, რომლებიც თქვენივე სტრუქტურებში მოგეპოვებათ", - აღნიშნულია განცხადებაში.