მალე "იმედის" ეთერში საბავშვო "ახალი ხმა" გავა. საინტერესოა, რომ ძველი მწვრთნელებიდან წითელ სავარძლებს მხოლოდ დათო ფორჩხიძე და სტეფანე დაიკავებენ, ხოლო მერაბ სეფაშვილი, მაია დარსმელიძე და ნინო ჩხეიძე მწვრთნელები აღარ იქნებიან. დათო იმედაშვილს სიახლეების გასაგებად დავუკავშირდით. როგორც გვითხრა, პროექტი ეთერში აპრილის პირველ კვირაში დაიწყება. ფორმატი მოითხოვდა იმას, რომ პროექტის საბავშვო ვერსიაში ძველი მწვრთნელებიდან ორი სახე გადასულიყო, ხოლო მესამეს, ქალბატონს, პროდიუსერი ახლა არჩევს. საინტერესოა, რომ საბავშვო პროექტში სულ სამი ადგილია, დათო ფორჩხიძე და სტეფანე კი იმის მიხედვით შეარჩიეს, რომ მათ საუკეთესო შედეგი და ნომრები აჩვენეს.
დათო იმედაშვილი:
- ძველი მწვრთნელებიდან დავტოვეთ ის ადამიანები, რომლებმაც საუკეთესო ნომრები გვიჩვენეს, ასევე საზოგადოებრივი აქტიურობის მიხედვით, ვის როგორი რეიტინგი ჰქონდა და ვის კონკურსანტებსაც უფრო გულშემატკივრობდა მაყურებელი. აქ სულ სამი სავარძელია, ორს დათო და სტეფანე დაიკავებენ, ხოლო მესამეს მერაბ სეფაშვილი ვერ დაიკავებდა, რადგან, ფორმატის მიხედვით, მესამე ქალბატონი უნდა იყოს.
- და ნინო და მაია რატომ არ შეიძლებოდა, დარჩენილიყვნენ?
- გადავწყვიტეთ, ახალი სახე შეგვერჩია, თუმცა ჯერ ბოლომდე არ გადაგვიწყვეტია, ვინ იქნება.
მწვრთნელებიდან ერთ-ერთს, ნინო ჩხეიძეს დავუკავშირდით იმისთვის, რომ მისი პოზიცია გაგვეგო აღნიშნულთან დაკავშირებით.
ნინო ჩხეიძე:
- არაფრის საქმის კურსში არ ვარ. არც მე მითქვამს უარი საბავშვო "ახალი ხმის" მწვრთნელობაზე და არც არავის შემოუთავაზებია. არ ვარ ამ პროექტში ჩართული.
- გქონდა საბავშვო პროექტის მწვრთნელობის სურვილიც?
- კი, მექნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, საბავშვო პროექტი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე დიდების გახლდათ. ბავშვებთან მუშაობა ბევრად რთულია. თავისი რეპერტუარის შერჩევა სჭირდებათ. ძალიან საპასუხისმგებლოა, როცა ბავშვს არ შემოუტრიალდები და მერე უნდა აუხსნა, რატომ არ დააჭირე ღილაკს ხელი.
- არ დაინტერესდი, რატომ არ შეგარჩიეს ბავშვების მწვრთნელად? მით უმეტეს, სტეფანე და დათო ფორჩხიძე მწვრთნელებად კვლავ რჩებიან...
- მართლა არ ვიცი. ალბათ დათო იმედაშვილს მიაჩნია, რომ ისინი უფრო კარგად გაუძღვებიან ამ საქმეს. დათო ფორჩხიძე რომ უნდა ყოფილიყო ბავშვების პროექტშიც, ეს ადრეც ვიცოდით. ამაზე უკვე ლაპარაკობდნენ. სრულიად საქართველო მირეკავს და მეკითხებიან, ვიქნები თუ არა მწვრთნელი, ისიც არ ვიცი, სტეფანესა და დათოს გარდა ვინ იქნება.
- ნინო, აუცილებლად მინდა გკითხო იმ ვიდეოზე, რომელიც ტელეპროექტ "ბრავოს" უკავშირდება და "ფეისბუქზე" ვიღაცამ გაავრცელა, თუმცა ვიდეოში მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო ნაჩვენები და მას არ მოსდევდა თავად შენი გამოსვლა "ბრავოში", სადაც საოპერო არია შეასრულე.
- მეც გამიკვირდა, რომ ეს ვიდეო ახლა გავრცელდა "ფეისბუქზე", რადგან პროექტი ოთხი წლის წინ იყო. ჩემს ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე დადებულიც მქონდა. სოციალურ ქსელებში კი სხვა სათაურით გავრცელდა, მოსამზადებელ პერიოდში კვერცხის გული დავლიე და სწორედ ასეთი იყო სათაური, "ნინო ჩხეიძე, ოპერა და კვერცხი". ხალხმა, ვისაც პროექტი არ ჰქონდა ნანახი, არასწორად გაიგო ეს ვიდეო, რადგან ამ მოსამზადებელი პერიოდის აღწერას არ მოჰყვებოდა "ბრავოში" ჩემი გამოსვლა. ამიტომაც იფიქრეს, რომ საოპერო ჟანრში ვცდიდი ბედს (იცინის). ამ ვიდეოს ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეიძლება, ნებისმიერ ადამიანზე დადო რაღაც და ანტიპიარი გაუკეთო. არ ვიცი, ვინ გაავრცელა არასრული სახით ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში.
- შენი კეთილისმსურველები არ იქნებოდნენ...
- ვერ გეტყვი, მაგრამ ვფიქრობ, შემთხვევითი არ ყოფილა. ეს ვიდეო ჩემს გვერდზე ოთხი წელია დევს. "ბრავოს" დროს უფრო აქტუალური ვიყავი და მიკვირს, მაშინვე რატომ არ გახდა გაზიარების თემა. ახლა ეს შემთხვევით, ჰაერიდან არ მოსულა.
ეს ვიდეო "პალიტრა ტვ"-მაც დადო, სადაც დავრეკე და რედაქტორმა გაითვალისწინა ჩემი პოზიცია, შეცვალეს სათაური, ასევე დაამატეს ჩემი გამოსვლაც. როცა იმ ერთი გამოსვლისთვის ვემზადებოდი, პედაგოგმაც, გადამღებმა ჯგუფმაც, მაყურებელმაც კარგად იცოდა, რომ ეს მხოლოდ ერთი გამოსვლა იქნებოდა.
სხვათა შორის, "პალიტრა ტვ"-ში დამიდასტურეს, რომ ამ ვიდეოთი, გაზიარებებისა და ნახვის კუთხით, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მეორე ადგილზე ვიყავი. ეს რომ გავიგე, "ფეისბუქზე" ხუმრობით დავწერე, ასეთი რეიტინგი თუ მაქვს, სხვა რამეზეც ხომ არ ვიფიქრო-მეთქი (იცინის). ამას უნდა მიაწეროთ, რომ ვხუმრობ, არავინ იფიქროს, პოლიტიკოსობას აპირებსო (იღიმება).
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)