ირაკლი ღარიბაშვილი - "საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა ვერ იარსებებს"

ირაკლი ღარიბაშვილი - "საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა ვერ იარსებებს"

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სამართალდამცავების საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, 8 თებერვალი არ არის ლოკალური ხასიათის მოვლენა და ის იმ არაჯანსაღი გარემოს ლოგიკური შედეგია, რომელშიც უწევს მუშაობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს.

"სახელმწიფო დასაზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა ერთიან ორგანიზმს უნდა წარმოადგენდეს. თუ რაიმეს მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო ბატალიებიდან ინერციით გამოყოლილი კონფრონტაციული რეჟიმი და სეპარაცია, ეს სწორედ უსაფრთხოების სფეროა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების დეპოლიტიზაციისა და კოჰაბიტაციის აუცილებლობაზე. 8 თებერვლის მოვლენებმა დაგვანახა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტისა და მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს), რომელიც 1998 წელს აშშ-ის უდიდესი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური ინვესტიციის შედეგად ჩამოყალიბდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სდსს დღემდე საქართველოს პრეზიდენტის იურისდიქციის ქვეშ მყოფ სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენდა და წლების განმავლობაში უშუალოდ ოპერატიულად ხელმძღვანელობდა უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტის მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებებს.

"შსს-ს ასეთ ღონისძიებებზე ყოველთვის დამხმარე როლი ჰქონდა განსაზღვრული და იგი მკაცრად ასრულებდა დასაცავ პირთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურის დაკვეთას. სდსს უსაზღვრავდა შსს-ს იმ ძალებს და საშუალებებს, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, გასული წლის ოქტომბრიდან სდსს-მ პრაქტიკულად გაწყვიტა ინტენსიური ოპერატიული კავშირი ჩვენთან, რაც საფრთხის შემცველია. არსებული პრაქტიკის თანახმად, წინასწარ ხორციელდება დაცვითი ღონისძიებები სდსს-ს მიერ და არა შსს-ს მიერ. სდსს-მ ერთი დღით ადრე იცოდა, რომ 8-ში პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას აპირებდა. ამის მიუხედავად, არ გაატარა ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. კერძოდ, სდსს-ს ერთობლივი დაცვისთვის საჭირო ერთჯერადი გეგმა უნდა შეემუშავებინა, ასევე არ გასულა ობიექტზე ერთობლივი ჯგუფი, რომლის დროსაც უნდა განსაზღვრულიყო პოლიციის მოქმედების არეალი, შსს-ს მიერ გამოსაყენებელი ძალების და საშუალებების ოდენობა და დამცავი ჯებირების გამოთხოვა ქალაქის მერიიდან. სდსს-მ 15:00 საათისთვის მოითხოვა საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟის და რაიონული პოლიციის ადგილზე გამოცხადება. ადგილზე პოლიციამ იმოქმედა სიტუაციური რეაგირების რეჟიმში. გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ეს ღონისძიება და ჩემი ბრძანებით, ერთი ეკიპაჟის ნაცვლად მობილიზებული იყო 55 ეკიპაჟი, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ქალაქის მთავარი სამმართველოს დაახლოებით 200 პოლიციელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და თითოეულ პოლიციელს "ღირსეულად გაწეული სამსახურისთვის" მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.

"სდსს-ს უმოქმედობამ გამოიწვია დაცვითი ღონისძიებების უსაფრთხოების ერთიანი სისტემის რღვევა. სდსს-ს მიერ პერიმეტრი არ იყო დაცული და არ იყო სპეციალური ჯებირები, რის გამოც პოლიციას მოუწია ცოცხალი კედლით უსაფრთხო დერეფნის მოწყობა და პრაქტიკულად ჩავანაცვლეთ აღნიშნული სამსახური", - განაცხადა მინისტრმა და დიპლომატიურ კორპუსს იმ სათადარიგო შესასვლელების გრაფიკული გამოსახულება წარუდგინა, რომელიც მისი თქმით ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებობდა.

ღარიბაშვილის ინფორმაციითვე, პრეზიდენტის გამოსვლის გადადებაზე პრესსპიკერის განცხადების შემდეგ შსს-მ დაუყოვნებლივ უზრუნველყო ავლაბრის რეზიდენციასთან მისასვლელი გზების უსაფრთხოება.

"არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ბიბლიოთეკასთან ვითარების დაძაბვა ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიციის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო დერეფნების მიუხედავად, თბილისის მერმა, საპარლამენტო უმცირესობამ და მათმა თანმხლებმა პირებმა დერეფნის გამოყენებაზე უარი განაცხადეს და გამიზნულად გაემართნენ აქციის აღელვებული მონაწილეებისკენ, რომელთა უმეტესობა იყო 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევისას დაზარალებულები, ყოფილი პოლიტპატიმრები და მათი ახლობლები", - განაცხადა მინისტრმა და დიპლომატიურ კორპუსს დაპირისპირების ამსახველი 10-წუთიანი ვიდეომასალა წარუდგინა.

მისივე განმარტებით, ჯებირების არსებობის შემთხვევაში, მომხდარის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს არის მარტივი ღონისძიება, რომლის განხორციელება შსს-საც შეეძლო, თუმცა ეს მის პრეროგატივას არ წარმოადგენდა.

"მომხდარზე დავიწყეთ გამოძიება. იმავე ღამეს დაკითხული და დაკავებული იყვნენ დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პირები. მომხდარი ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამ საქმეზე დავაკავეთ ოთხი პირი, ორი ადმინისტრაციულ, ორი სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხულია 43 მოქალაქე. გამოძიების ფარგლებში ჩვენება უნდა მიეცათ თბილისის მერს და საპარლამენტო უმცირესობას და მათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. ის რეჟიმი, რასაც მერი და საპარლამენტო ოპოზიცია გვთავაზობენ და დემონსტრაციულად უარს აცხადებენ გამოცხადებაზე, არის პირდაპირი დარტყმა საგამოძიებო ორგანოებზე. პატივი სცენ კანონის უზენაესობას, დაივიწყონ თანამდებობრივი ამბიციები და კანონის შესაბამისად ითანამშრომლონ. არ დავუშვებთ, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პრივილეგირებულთა კასტა. მათი ლოგიკით, მწვრთნელები დარბაზში უნდა დავკითხოთ, პედაგოგები - სკოლებში. საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა ვერ იარსებებს. ასეთი სახელმწიფოს მშენებლობა გვსურს ჩვენ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა