ბრიტანეთის არმია საკუთარ განკარგულებაში არსებულ ჯავშანტექნიკას ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებისგან, ბადეების მეშვეობით დაიცავს. გამოცხადებულ კონკურსში ფირმა AmSafe Bridport Limited-ის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა Tarian გაიმარჯვა. გარიგების ღირებულება 17 მილიონი ამერიკული დოლარია.
Tarian მაღალი გამძლეობის გვარლებისგან წარმოქმნილი დრეკადი ბადეა, რომელიც ჯავშანმანქანის პერიმეტრზე მაგრდება. სისტემა საკმაოდ კომპაქტურია და მისი გამოყენება HMMWV-ის (Hummer) ტიპის მსუბუქ ჯავშანმანქანებზეც შეიძლება. დაზიანების შემთხვევაში, ბადის აღდგენა საკმაოდ მარტივია. ბრიტანელებმა სისტემა Tarian რეალურ საბრძოლო პირობებში 2009 წლის მაისში ავღანეთში გამოსცადეს.
მსგავს ბადეებს, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების კუმულაციური ჭავლისგან დასაცავად მრავალი ქვეყანა იყენებს. პირველები ამ სფეროში შვეიცარიელები იყვნენ. კომპანია RUAG Land System-მა სისტემა Side PRO-LASSO შექმნა. კონსტრუქციულად ის ძალზე მარტივია. ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოზე რკინის ბადეა დაჭიმული. 2008 წლის შემოდგომაზე, ავღანეთში მოქმედი საკუთარი ჯავშანტექნიკის დასაცავად, დანიის არმიამ რამდენიმე ათეული Side PRO-LASSO შეიძინა.
შვეიცარიელების შემყურე, გულხელდაკრეფილები არც ამერიკელები იყვნენ. ამერიკულმა QinetiQ-მ, ჯავშანტექნიკის დასაცავად შვეიცარიული დამცავი სისტემის საკუთარი ვერსია შექმნა. მასში რკინის ბადის ნაცვლად კევლარის გვარლებია გამოყენებული. სისტემას Q-Net II ჰქვია. სისტემის ერთი კომპლექტი 62 400 აშშ დოლარი ღირს. თუმცა ტექნიკა, რომელსაც ის იცავს, გაცილებით ძვირადღირებულია.
სიმსუბუქის წყალობით, სისტემის დამონტაჟება ჯავშანტექნიკაზე საველე პირობებში, ორ ჯარისკაცსაც შეუძლია. პოლონელების გარდა, Q-Net II-ს საკუთარი VBCI-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების დასაცავად, ავღანეთში მოქმედი ფრანგული კონტიგენტიც იყენებს.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.