საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს, 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეები ერთმანეთის პოზიციას ბევრ რამეში არ ეთანხმებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ დიალოგი შესაძლებელია.
"თუკი მართალია ის მზადყოფნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა, პრეზიდენტი 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მის განცხადებაში დასახელებულია მომლაპარაკებლად. ჩვენი მხრიდან გვაქვს შიში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი იცვლება და გვინდა, ეს შიში მოვხსნათ საკონსტიტუციო ჩანაწერების გზით. გვაქვს შიში, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროექტი შეიძლება დასრულდეს და ამიტომ ქუთაისის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. გვინდა, შევქმნათ გარანტიები, რომ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე უმრავლესობა ვერ მიიღებს, ამიტომ სასაუბრო გვაქვს საკონსტიტუციო კვორუმზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ მათი შიშიც პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, დაითხოვოს ერთპიროვნულად მთავრობა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ განხაცდება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდეს.