წლებია სოფელი ვეძათხევი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფელში მისვლა ორი გზით: სოფელ ანანურიდან, ორი მდინარის გავლით და ველთაურებიდან მდინარე ვეძას გავლით არის შესაძლებელი. გზები მთლიანად ატალახებულია, დამეწყრილ მიწაში გამდნარი თოვლი რომ ჩადის, მთელი სოფელი წყალში დგას, სახლებს კი ბზარები დღითიდღე ემატება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა გაზაფხულზეა, როცა ნალექი მატულობს და დამეწყრილ სახლებშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. მოსახლეობამ საძირკველში მილები დააყენა და სახლებიდან წყალს ასე ტუმბავენ. ადგილობრივებს პროდუქტები მეზობელი სოფლიდან სახედრით, უამინდობის დროს კი ზურგით გადმოაქვთ. მათ გასაჭირს უწყლოობის პრობლემაც ემატება, ერთადერთ წყაროზე წყალი ხშირად წყდება და სანამ საკუთარი ძალებით დაზიანებულ მილს შეაკეთებენ, სოფელი უწყლოდაა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ ზამთარს, 1 თვე იმ წყალს სვამდნენ, რასაც საქონელი სვამს.
ვეძათხეველების თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. 2011 წლის შემდეგ ისინი აღარც სამინისტროს გახსენებია, გუბერნატორის ადმინისტრაციას კი ყურადღება არასდროს გამოუჩენია. მათი თქმით, ხელისუფლება ყურადღებას იმიტომ არ აქცევს, რომ რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ.
სრული ვერსია
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი