საწვავის სიძვირეზე საქართველოში არაერთხელ თქმულა და დაწერილა, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ამ სფეროში საინტერესო პროცესები დაიწყო: გასული წლის ოქტომბერში კომპანია "ვისოლმა" ბენზინი რვა თეთრით გააიაფა, საწვავი გააიაფეს სხვა ფირმებმაც, თუმცა ეს პროცესი შემდეგ თანდათან შენელდა. გაიაფების ტენდენციას სპეციალისტები ბაზრის გახსნით ხსნიან, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ბიზნესში არსებული მონოპოლიები პოზიციებს არ თმობენ, რის გამოც გაიაფების პროცესი შეფერხდა. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძეც.
- ბატონო ალექსანდრე, ბოლო წლებში მსოფლიოში ნავთობის გაძვირებასთან ერთად მისი ფასი საქართველოშიც მყისიერად მატულობდა. რით შეიძლება აიხსნას ასეთი სწრაფი რეაქცია?
- ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა შევეხო სხვა საკითხს: საერთოდ, საწვავის ფასის სტრუქტურაში ნედლი ნავთობის წილი არის მცირე: დიზელის საწვავში - დაახლოებით 30 პროცენტი, ხოლო ბენზინის ფასში - დაახლოებით 35-40 პროცენტი. ამიტომ ნედლ ნავთობზე ფასის მერყეობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ განაპირობებს ფასების ცვალებადობას საწვავზე. ახლა კი მეორე საკითხი: საწვავი იყიდება ე.წ. ფიუჩერსული, ანუ წინმსწრები კონტრაქტებით, რომელთა მინიმალური ხანგრძლივობა არის სამი თვე, ხოლო ნორმალური - 15 თვე. ამ კონტრაქტში ფასი ფიქსირებულია, ამიტომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების მერყეობა მყისიერად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის საწვავის ფასს საქართველოში. დავუშვათ, დღეს თუ შეიცვალა ნედლი ნავთობის ფასი, მისი ზეგავლენა საწვავის ფასზე გამოვლინდება მხოლოდ 15 თვის შემდეგ. ასე რომ, საწვავის ფასის უეცარი მატება სულ სხვა, შინაურ ფაქტორებს უნდა დავაბრალოთ.
- ბოლო ხანს საქართველოში ახალგამოჩენილ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი საკმაოდ იაფია: ერთი ლიტრი ბენზინის ფასი იქ 1,85-1,90 ლარის ფარგლებში მერყეობს, ცნობილი ბრენდების ქსელში კი 15-20 თეთრით ძვირია.
- ამ შემცირებას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მეწარმეებს რეალური კონკურენციის იმედი გაუჩნდათ. ე.წ. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე კი, რომლებიც ეკუთვნის ან "ვისოლს" ან "სოკარს", ან "გალფს" და სხვა ცნობილ ფირმებს, ფასები არ იცვლება. როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საწვავის ფასი დაეცა. შემდეგ მათ დაინახეს, რომ ახალი ხელისუფლება მეწარმეებს არ ერჩის და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებას ელოდება, ამიტომ ამ ბიზნესში არსებული მონოპოლიები დარჩენილ დროს მაქსიმალურად იყენებენ, რომ რაც შეიძლება მალე გამდიდრდნენ. რასაკვირველია, ეს არის ამ ფირმების ხელმძღვანელებს შორის კორპორაციული შეთანხმების ნაყოფი. არ გამოვრიცხავ, რომ მათ ერთი და იგივე დამფუძნებლები ჰყავდეთ და გარიგებას ჰქონდეს ადგილი.
- სხვათა შორის, ბენზინის ფასი "ლუკოილმაც" შეამცირა. როგორც ჩანს, დიდი ფირმებიც იძულებული არიან, საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარება გაითვალისწინონ.
- "ლუკოილი" სპეციფიკური ფირმაა, რომელიც ვაგიფ ალეკპეროვის - "ლუკოილის" მფლობელისა და პრეზიდენტის, ბიზნესს უკავშირდება. ეს არის რუსულ-აზერბაიჯანული კომპანია, ვაგიფ ალეკპეროვი კი მსოფლიოში განთქმული ბიზნესმენია და ის ამ გარიგებებში, ალბათ, არ მონაწილეობს. მას აქვს თავისი პოლიტიკა, ზოგჯერ მიდის შეთანხმებაზე სხვა მომწოდებელთან, ზოგჯერ - არა, მაგრამ ალეკპეროვი ის ადამიანი არ არის, ვისაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ აზრს თავზე მოახვევდნენ მაშინაც კი, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს არის საერთაშორისო რანგის ბიზნესმენი, რომლის ქონებაც დაახლოებით 10 მილიარდს აღემატება და ბიზნესის კანონებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე ხელისუფლების ინტერესებს. კიდევ გავიმეორებ: ფასების შემცირება დაიწყო ოქტომბერში, შემდეგ ნავთობის მომწოდებლებს შიშის სინდრომი გაუქრათ ახალი ხელისუფლებისადმი და ისინი კვლავ განაგრძობენ ადრინდელ პოლიტიკას, ცდილობენ, ვიდრე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შემოვა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახონ. განსხვავება არის ასეთი: როგორც გითხარით, დამატებული ღირებულება მსოფლიოს ბენზინგასამართ სადგურებზე არის 12-15 პროცენტი, ჩვენთან კი - 100 პროცენტი, შესაბამისად, 80-85 თეთრი არის იმ ფირმების ზემოგება, რომლებსაც ხელისუფლება მფარველობდა და რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ და დღემდე იღებენ.
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 40-45-თეთრიან ზემოგებაზე საუბრობენ.
- მეჩვენება, რომ მოგება უფრო მეტია, რადგან საწვავი 2 ლარი ღირს. მე ვგულისხმობ, რომ კომპანიების მოგება სადღაც 85 თეთრს აღწევს. სამწუხაროდ, საბუთი ხელთ არა მაქვს, მაგრამ მოდი, მივიჩნიოთ, რომ ეს არის ჩემი ექსპერტული თვალსაზრისი, რომელიც ლოგიკურ გათვლებს ემყარება. თავისთავად საინტერესოა, რა რაოდენობის საწვავი შემოჰქონდათ ამ კომპანიებს და საბოლოოდ რამდენ მოგებას იღებდნენ. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ყოველივე ამას აკონტროლებენ და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიებს დაახლოებით 450 ათასი ტონა საწვავი შემოაქვთ ყოველწლიურად, თითოეულ ლიტრზე, სულ მცირე, 50-თეთრიანი მოგებაც რომ დავთვალოთ, გამოდის, მათ დღემდე ასეულობით მილიონი შემოსავალი აქვთ.
- რა შემთხვევაში შეიცვლება ეს ვითარება?
- შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ამუშავდება ანტიმონოპოლიური სამსახური და გვექნება ბერკეტი, რომელიც გააკონტროლებს ამ სფეროს. ამ ეტაპზე კი საქართველოში ფასების დაწესებას მანიპულაციები არც სჭირდება. ქართული კანონმდებლობით ბიზნესმენს აბსოლუტური თავისუფლება ეძლევა - რამდენადაც მოისურვებს, იყიდის პროდუქციას და რამდენადაც მოისურვებს - გაყიდის. ახლა რაც შეეხება მონოპოლიებს, ქართულ ბაზარზე მათი წარმოქმნა თანდათანობითი პროცესი გახლდათ. როდესაც ამჟამინდელი ხელისუფლება მოვიდა, უკვე არსებობდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის "ლუკოილი", "ეკო ჯორჯია", "როპმეტროლი" და სხვები. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ორი კომპანია შემოიყვანა - "ვისოლი" და "გალფი". 2006 წლიდან უკვე დაიწყო საწვავის ბიზნესის წილში ჩაჯდომა და ამ კომპანიების წილის მოპოვება. ამ პროცესის ერთ-ერთი მოთავე იყო ყველასათვის ცნობილი პიროვნება - დავით კეზერაშვილი.
- არსებობს მოსაზრება, რომ ამ ბიზნესის ხელში ჩასაგდებად საეჭვო სქემები გამოიყენებოდა.
- რთული, მაგრამ სტანდარტული სქემა გამოიყენება: ანონიმური საზოგადოება ფუძნდება სადღაც ოფშორულ ზონაში და თქვენ არა გაქვთ იურიდიული შესაძლებლობა, დაადგინოთ, ამ ფირმის დამფუძნებელი ვინ არის, შემდეგ ეს მოჩვენებითი კომპანია გადადის ვითომ სახელმწიფოს, სინამდვილეში კი კერძო პირების ხელში და შემდეგ ისინი ახორციელებენ ქვეყანაში საწვავის შემოტანას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა - "რომპეტროლშიც", "გალფშიც" და "ვისოლშიც" კაპიტალის 100 პროცენტი არის ქართული, როგორც ვიცი, მათ ეს ბრენდი იყიდეს, მათ სახელს იყენებენ და ამისათვის იხდიან გარკვეულ საფასურს. რასაკვირველია, რამდენ პროცენტს იხდიან, ეს გასაიდუმლოებულია.
- ყოველთვის, როცა ნავთობპროდუქტების ბიზნესზეა ლაპარაკი, სააკაშვილის ძმის სახელიც ამოტივტივდება ხოლმე.
- იმიტომ, რომ "ვისოლის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავითი. სხვათა შორის, მის სახელთან არის დაკავშირებული "კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის" შენობის გაყიდვაც, რომელიც 1929 წელს დაფუძნდა. ეს არის კავკასიაში ერთადერთი ამ ტიპის ინსტიტუტი, რომელიც გამოასახლეს თავისი შენობიდან და ეს შენობა 2009 წელს შეისყიდა "ვისოლმა". რასაკვირველია, მეც და ყველას ძალიან გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს და ინსტიტუტის შენობა კანონიერ მფლობელებს გადაეცეს, მაგრამ კარგად ვხვდები, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, ვიდრე სასამართლოებში "ნაციონალური მოძრაობის" კადრები რჩებიან, ამის მიღწევა შეუძლებელია. ვიდრე ჩვენს სასამართლო სისტემაში იქნებიან კოტე კუბლაშვილი და მისი თანამზრახველები, სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას თითქმის ყველა სფეროზე საქართველოში, მათ შორის ნავთობის ბიზნესზეც.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)