დილიდან "გურია ნიუსის" აბაშის ბიუროში სოფელ სამიქაოს მაცხოვრებლები რეკავდნენ. მათი ინფორმაციით, ორი დღეა მოსახლეობასთან მიდის კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი შტაბის კოორდინატორი კარლო კვანტალიანი და რაღაც სიებს ადგენს "ქართული ოცნების სახელით". ადგილობრივების განცხადებით, კვანტალიანი მოსახლეობას პირადობას და ხელის მოწერას სთხოვს და ვინც არ იქნება სიაში ხვნა-თესვისთვის ვაუჩერს ვერ მიიღებს, ამასთან მათ კოორდინატორი პირდება, რომ ეს სია პარტიის წევრობის მსურველებისთვის სარეკომენდაციო იქნება.