შოტლანდიელმა ტურისტმა ახალი ზელანდიის პოლიციას უცნაური განცხადებით მიმართა. მამაკაცს თუთიყუშმა მანქანიდან 1100 აშშ დოლარი მოპარა. დაზარალებული პიტერ ლიჩის თქმით, ის მანქანით სამხრეთ კუნძულისკენ მიემართებოდა და გზაზე ლამაზი პეიზაჟის გადასაღებად გაჩერდა. სანამ ტურისტი ფოტოს იღებდა, კეას ჯიშის თუთიყუში მის მანქანაში შეფრინდა, 1100 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული მოიპარა და "დანაშაულის ადგილიდან მიიმალა".
პიტერი აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც თვითმხილველმა კანადელმა ტურისტებმა მას მომხდარის შესახებ უამბეს. მამაკაცს მხოლოდ 20 დოლარი დარჩა, რომელიც ამ დროს ჯიბეში ედო.
შოტლანდიელმა მაშინვე პოლიციას მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა - დაკარგულის დაბრუნების შესაძლებლობა ძალიან მცირე იყო.
"ოფიცერი თავიდან ძალიან სერიოზული სახით მისვამდა კითხვებს, შემდეგ კი მკითხა, ხომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ გაეცინა. ვერ დავადანაშაულებ, ნამდვილად სასაცილო სიტუაციაა", - განაცხადა პიტერმა.
ზოოლოგი მარკ კავარდინი არ გაოცებულა თუთიყუშის მოხერხებულობით. მისი თქმით, ეს ჯიში ცნობილია თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით და მავნე ქცევებით.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.