ახლახან "კომედი შოუს" სკეტჩში პრემიერ-მინისტრის პაროდისტი გამოჩნდა. ეს ადამიანი ნიკა კაკაბაძე გახლავთ. ის უნივერსიტეტში იურისტის პროფესიას ეუფლება და ცდილობს, პრემიერს მიჰბაძოს. უყურებს მის გამოსვლებს, აკვირდება მოძრაობას, მიმიკას, საუბრის მანერას...
- ნიკა, შენი თავი გაგვაცანი...
- 22 წლის გახლავართ, სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი. წარმოშობით ხონის რაიონიდან ვარ. 2 წელია, სახელმწიფო უნივერსიტეტის "კავეენში" გამოვდივარ. შარშან იუმორისტულ ფესტივალზე ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მუდმივად ახლდება, სახელი ძველი შემოგვრჩა - "გედევან ფოფხაძის ექვსეული", მაგრამ ბატონ გედევანთან და პოლიტიკასთან კავშირი არ გვაქვს. ჩვენი გუნდი იურისტებისგან შედგება.
- ახლა მიამბე, როგორ გახდი "ბიძინა ივანიშვილი"...
- ოქტომბერში "კავეენი" ჩავატარეთ, რომელსაც "კომედი შოუს" წევრებიც ესწრებოდნენ. მაშინ ბიძინა ივანიშვილის პაროდია პირველად გავაკეთე და ყველას მოეწონა. მეორე კონცერტზეც ბატონი ბიძინას პაროდიით გამოვედი და ჩემით დაინტერესდნენ.
- მიმიკით ჰბაძავ და თითქოს, სახის ნაკვთებითაც ჰგავხარ.
- ჰო, ასე ამბობენ...
- შენც იმერელი ხარ და ივანიშვილიც. საინტერესოა, მის ოჯახთან ნათესაობა ხომ არ გაკავშირებს?
- სამწუხაროდ, არა (იცინის)... საერთოდ, როცა ვიღაცის პაროდიას აკეთებ, მის შინაგან სამყაროსაც სწვდები. პრემიერ-მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ ვგრძნობ, კარგი ადამიანია.
- მოკლედ, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გაგიმართლა, სამუშაო გაგიჩნდა.
- შეიძლება, ამ საქმეს თავისებური ხიბლი აქვს და საინტერესოცაა, მაგრამ მომავალში ჩემი პროფესიით ვაპირებ მუშაობას. მინდა, კარგი იურისტი გავხდე.
- პაროდიაზე როგორ და ვისთან ერთად იმუშავე?
- ის ანეკდოტი გავიხსენე, ბატონმა ბიძინამ მოსახლეობასთან შეხვედრისას რომ თქვა. "რუსთავი 2"-ში მეგობრულად მიმიღეს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს "კომედი შოუს" მსახიობებს წლებია, ვიცნობ. კარგი, მეგობრული გარემოა. ამ გუნდში ჩემს მეგობარ თორნიკე მაჩიტაძესთან ერთად მივედი. ისიც პაროდიებს აკეთებს.
- ვის ჰბაძავს?
- ლევან ბერძენიშვილს და კახი კალაძეს. როგორც ვიცი, მიშა ანდღულაძის იდეა იყო, სკეტჩში ბიძინა ივანიშვილის პერსონაჟი გამოჩენილიყო.
- საკუთარ თავზე როგორ მუშაობ? ალბათ, ბატონი ბიძინას გამოსვლებს ადევნებ თვალს, იმახსოვრებ მისი საუბრის მანერას...
- რა თქმა უნდა, ასეა! იცით, პაროდიებს სკოლის ასაკიდან ვაკეთებ. თემურ ქეცბაიას მიბაძვაც გამომდის, მაგრამ ამბობენ, რომ ივანიშვილი უფრო მეტად "ვარ".
- ხონში პოპულარული ბიჭი ხარ?
- ხონი იმდენად პატარა რაიონია, რომ იქ ყველა ყველას იცნობს. ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, მერე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე და 70%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. მინდა, სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო. ჩემი ოჯახი ხონში ცხოვრობს.
- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?
- ყველაზე მეტად, ისინი მაკრიტიკებენ. გადაცემის "პრომო" რომ გავიდა, ჩემმა დამ და სხვა ახლობლებმაც დამირეკეს და მითხრეს, - მოგვეწონაო.
- პრემიერის პაროდია პირველად როდის გააკეთე?
- ალბათ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი საჯარო განცხადება რომ გააკეთა, მერე ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა. მის მიმართ დიდი ინტერესი იყო, რადგან მისი სახელი წლების განმავლობაში გვესმოდა, გარეგნულად კი ბევრს ნანახიც არ გვყავდა. მის პირველ ბრიფინგს ვუყურე და მეორე დღესვე ვცადე, მისთვის მიმებაძა. პაროდია პირველად თორნიკე მაჩიტაძეს ვუჩვენე... ყველას რაღაც გვაქვს დამახასიათებელი ქცევაში, მოძრაობაში, მიმიკაში. ბატონ ბიძინას წარბების მაღლა აწევა ახასიათებს.
- უნივერსიტეტში პედაგოგები რას გეუბნებიან?
- ერთ დღეს "კავეენის" გამო ჩათვლას ვერ დავესწარი. ლექტორს მიზეზი ავუხსენი: ივანიშვილის პაროდიას ვაკეთებდი და ამიტომ ვერ მოვედი-მეთქი. მთხოვა, - ბიძინას პაროდია ახლაც გააკეთეო. როცა ვუჩვენე, ჩათვლა დამიწერა (იცინის). ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მქონდა. ძალიან მაინტერესებს, ჩემს პაროდიას თავად ბატონი ბიძინა როგორ მიიღებს...
- წარმატებას გისურვებ!
- გმადლობთ, რომ ჩემით დაინტერესდით. ეს ჩემი პირველი ინტერვიუა.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)