ზაზა სინაურიძემ თბილისის საკრებულო დატოვა

ზაზა სინაურიძემ თბილისის საკრებულო დატოვა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარმა ზაზა სინაურიძემ თბილისის საკრებულო დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილმა განუცხადა.

მისივე თქით, საკრებულოს დატოვების შესახებ ზაზა სინაურიძემ განცხადება 4 თებერვალს დაწერა. უფრო ადრე კი, დაახლოებით ერთი თვის წინ, საკრებულო დატოვა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.

შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით თბილისის საკრებულოში 47 დეპუტატია. მათგან 17 - უმცირესობაში. უმრავლესობას კი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" შეადგენს.

ამასთან, მუსხელიშვილმა საკრებულოში ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თაქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 10 დეპუტატთან.

"საკრებულოში ახალი უმრავლესობის შესაქმნელად კიდევ 7-8 წევრია საჭირო, ანუ საერთო ჯამში - 24 დეპუტატი. ჩემი გათვლებითა და მოლაპარაკებების მიხედვით, უახლოეს ორ კვირაში, 20 დღეში ეს პროცესი დასრულდება. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშიაც. ოპოზიციურ დეპუტატებში ერთიანი ფრონტი მუშაობს, რათა შეიქმნას უმრავლესობა", - დასძინა გიორგი მუსხელიშვილმა.

"ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარემ თავი შეიკავა იმ დეპუტატების დასახელებისგან, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ჯაბა სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ შესაძლოა, თავისი ფრაქცია შექმნან, დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნაში არავინ არ იქნება შეზღუდული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა