ავღანეთში ოთხთვიანი მსახურობის შემდეგ ბრიტანეთის პრინცი ჰარი ლონდონში მშვიდობიანად დაბრუნდა. თუმცა სანამ მშობლიურ მიწაზე დადგამდა ფეხს, რამდენიმე დღე კვიპროსში სამხედრო ბაზაზე გაატარა, სადაც ჟურნალისტებს შეხვდა და გულახდილი ინტერვიუც მისცა.
"ვერტმფრენ "აპაჩის" მეორე მფრინავი ვიყავი. დიახ, რამდენიმე ბოევიკი მოვკალი. იქ სხვანაირად არ შეიძლება, ერთეულებს სიცოცხლე უნდა მოუსწრაფო - ტერორისტებს, რომ სხვები გადაარჩინო - მშვიდობიანი მცხოვრებნი", - აღნიშნა 28 წლის მამაცმა პრინცმა.
თავის რაზმში კაპიტან ჰარის არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიები არ ჰქონია: მუშაობდა, ჭამდა და ეძინა იმავე პირობებში, როგორც სხვა მფრინავებს, როგორც თვითონ აღიარა, მსახურობის პერიოდში ყველაზე საყვარელი გასართობი მისთვის კომპიუტერული თამაშები ყოფილა. "მე ერთ-ერთი ვარ იმ ბიჭებს შორის, რომლებსაც უყვართ "პლეისტეიშენების" და სხვათა თამაში. ასე მგონია, რომ თამაშის დროს კარგად გავავარჯიშე თითები და ამიტომაც ვისვრი ასე ზუსტად, - ხუმრობს პრინცი, - გულწრფელად რომ გითხრათ, სკოლასა და კოლეჯში გამუდმებით ვფლავდებოდი წერით ტესტებზე, სამაგიეროდ, კომპიუტერულ თამაშებში ტოლი არ მყავს. ჰკითხეთ ბიჭებს, ფეხბურთში სულ ვუგებ!"
პრინცმა აღიარა, რომ ჯარში პრაქტიკულად დაავიწყდა კიდეც, რომ პრინცია. "მამაჩემი, პრინცი ჩარლზი სულ მეუბნებოდა: "არ დაივიწყო შენი წარმომავლობა! არ დაივიწყო, რომ პრინცი ხარ! სათანადოდ მოიქეცი". მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს "კაპიტან ჰარის" როლში, ვიდრე "პრინცი ჰარის".
თუმცა მსახურობის დროსაც მონარქიული ოჯახის წევრი საკუთარი თავის ერთგული დარჩა – როცა კი ეს შესაძლებელი იყო, კარგად ერთობოდა. მაგალითად, შობას სანტას წითელი ქუდი დაიმხო თავზე, ნაწნავებიანი, და ასე მიართვა ჯარისკაცებს სადღესასწაულო საუზმე.
პრინცმა იმაზეც ისაუბრა, რომ მოუთმენლად ელოდება, როდის გახდება ბიძა, - კეიტ მიდლტონი ხომ ივლისისთვის შვილს ელოდება. "ძალიან მიხარია უილიამისა და კეტრინის ამბავი! ორივენი ძალიან ბედნიერები არიან. როცა გავიგე, რომ კეიტი ორსულად არის, ლონდონში დავრეკე და მომავალ მშობლებს მივულოცე. უსამართლობაა, რომ უილიამსა და კეიტს ასე ადრე მოუხდათ ჰერცოგინიას ორსულობის ამბის გამხელა (კეიტს ძლიერი ტოქსიკოზი ჰქონდა და საავადმყოფოში მოხვდა, მერე კი ჟურნალისტებმაც შეიტყვეს ყველაფერი - მთარგმ.). ყველას იმედი გვაქვს, კეტრინი სათანადოდ იქნება დაცული, რომ დედობით დატკბეს, ფოტო და ვიდეოკამერების ობიექტივების გარეშე. მისი და უილიამის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს", - ამბობს ჰარი.
პრინცმა ლას-ვეგასის ცნობილ სკანდალზეც გააკეთა კომენტარი, როდესაც მისმა შიშველმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. "არ ვკამათობ, მთელ ოჯახს მივაყენე ტკივილი, ადამიანებს... მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაშინ ვიყავი ოთახში, რომელიც უცხო თვალთაგან ჩაკეტილი იყო! და ეს ჩემი პირადი საქმეა, რას ვაკეთებდი. დაუშვებლად მიმაჩნია ის, რომ მასმედიამ დამიწყო სწავლება, როგორ უნდა მოვიქცე".
პრინცს დაოჯახების გეგმებზეც ჰკითხეს. "კაცს ვერ აიძულებ დაჭკვიანებას. ასე არ ხდება, ერთბაშად. თუ ვიპოვი ჩემთვის შესაფერის ქალს, ვისთანაც თავს კარგად ვიგრძნობ, მაინც დამჭირდება ბევრი დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო... მე და ჩემს ძმას ამ საკითხში ძალიან რთულად გვაქვს საქმე (პრინცმა უილიამმა კეიტ მიდლტონი მათი რომანის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ მოიყვანა ცოლად - მთარგმ.). საერთოდაც, ძალიან რთულია კეთილი, მომხიბვლელი გოგონას პოვნა, რომელსაც არ შეეშინდება, რომ მისი პირადი ცხოვრება საჯარო გახდება. თანაც, ისეთი მჭირდება, რომელიც არ მიმუხთლებს..."
ბოლო დრომდე ჰარი 23 წლის მოდელ კრესიდა ბონასს ხვდებოდა, მაგრამ "შიშველი" სკანდალის შემდეგ გოგონამ მასთან დროებით დაშორება გადაწყვიტა.
Washington Post
(გამოდის ორშაბათობით)