ლადო გუდიაშვილის მიერ დასურათებული "ვეფხისტყაოსანი" მერაბ კოკოჩაშვილს უშანგი ჩხეიძემ პირველ დაბადების დღეზე აჩუქა. გადმოცემით იცის, რომ ფეხი ამ მსახიობმა აადგმევინა. თურმე, როცა ის გაჩნდა, უშანგი უკვე ავად იყო და თეატრში აღარ დადიოდა. ისინი მეზობლები იყვნენ და გვერდიგვერდ ოთახებში ცხოვრობდნენ. მსახიობი თავის ოთახში იწვა და ბალს შეექცეოდა, როცა მის გვერდით ოთახში მერაბ კოკოჩაშვილი იატაკზე დაფორთხავდა. ალბათ ბავშვთან სათამაშოდ და გასართობად უშანგი ჩხეიძემ ბლის ყუნწს ძაფი გამოაბა, გადააგდო და ნელ-ნელა თავისკენ გასწია. მერე უყვებოდა, ბალს რომ ვერ მისწვდი, ჯერ ფორთხვით მოჰყევი, მერე წამოდექი და ჩემკენ წამოხვედიო...
არჩილ კოკოჩაშვილი და მარინე ჯორჯაძე რუსთაველის თეატრში მუშაობდნენ. 1937 წელს მამა სახლიდან გაიყვანეს და მხოლოდ 1956 წელს მიიღეს ცნობა, რომ ის დაჭერიდან ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილა. დედა რეპრესიებს გადაურჩა და ერთადერთ ვაჟს მარტო ზრდიდა. ლიტერატურით გატაცებულმა, პროფესიად კინორეჟისორობა აირჩია. 1-ლი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს მოსკოვში სასწავლებლად გაემგზავრა...
დღემდე აქტიურ მკითხველად რჩება. რეჟისორი ნაწარმოებებს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში ეცნობა. ამას წინათ გიუნტერ გრასის "ჩემი საუკუნე" წაიკითხა. ცნობილი გერმანელი მწერალი ამ რომანში ერთ საუკუნეს ატევს და 1900 წლიდან 2000 წლამდე გერმანიის ცხოვრებას აღწერს. როგორც გვითხრა, ამ ავტორის შემოქმედებით დაინტერესებულია, იმავდროულად 70-იან წლებში დასავლეთ ბერლინში გიუნტერ გრასი გახლდათ მერაბ კოკოჩაშვილის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევრის "დიდი მწვანე ველის" პრემიერის წარმმართველი. ლიტერატურაზე სასაუბროდ მისულს, სამწუხაროდ, ჩემი ტრადიციული შეკითხვა, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები ოჯახში, ვინც წიგნთან დააახლოვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უადგილო აღმოჩნდა. და ამის მიზეზს თავად მერაბ კოკოჩაშვილისგან მოისმენთ...
- სამწუხაროდ, არ მყავდა ბებიები, რომლებსაც შეეძლოთ ჩემთვის ბავშვობაში წიგნები ეკითხათ. ბაბუა ქუთაისში ცხოვრობდა და მას მხოლოდ ზაფხულობით, მასთან ჩასვლის დროს ვხედავდი. დედა პროფესიით მუსიკოსი გახლდათ. რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, კონსერვატორიაში, მუსიკალურ ათწლედში და შინ ძალიან გვიან ბრუნდებოდა. ამიტომ წიგნების კითხვა თავად დავიწყე. ზღაპრები იმდენად არ მაინტერესებდა, უფრო მეტად სათავგადასავლო ლიტერატურა და ისტორია მიტაცებდა. ჩემს წინაპრებს სახლის ერთი სართული ეკავათ, მაგრამ მე რომ დავიბადე, იქ უკვე შვიდი ოჯახი ცხოვრობდა. ბავშვები სპორტთან ერთად, საომარი თამაშებსაც ვთამაშობდით და პარალელურად ამისა, ინტენსიურად ვკითხულობდი. ქართული ლიტერატურა თავიდანვე საინტერესო იყო ჩემთვის. ვკითხულობდი ილია ჭავჭავაძის, ეგნატე ნინოშვილის და ცოტა უფრო მოგვიანებით, მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებს.
- იმ პერიოდში ჯავახიშვილი აკრძალული იყო. როგორ მოიპოვებდით ამგვარ ლიტერატურას?
- ოჯახებში ასეთი წიგნები მაინც იყო. მართალია, მამა 1937 წელს გადაასახლეს, და მთელი სახლი გადააქოთეს, მაგრამ წიგნები მაინც დაგვრჩა. ბაბუაჩემს, დავით ჯორჯაძეს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. როცა უნივერსიტეტი შეიქმნა, 1918 წელს მან თავისი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა. სანაცვლოდ ამ ქველმოქმედებისა, მას საშუალება მისცეს, უნივერსიტეტის წინ ჭადარი დაერგო. არ ვიცი, რომელი ხეა, მაგრამ იმ რამდენიმე ჭადარს შორის ბაბუას დარგული ხე დღესაც დგას. პირველი ნივთი, ანუ ჩემი პირველი საკუთრება, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, უშანგი ჩხეიძის ნაჩუქარი "ვეფხისტყაოსანია". წიგნს თან ახლავს წარწერა: "ჩემო პატარა მერაბ, ეს უდიდესი სიხარული ჩვენი ხალხის - იყოს შენი პირველი საკუთრება".
- ავტორების მიერ ნაჩუქარი წიგნებიც ბევრი გექნებათ...
- დიახ, საკმაოდ ბევრი მაქვს. მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარია. ესენია: ერლომ ახვლედიანის, მერაბ ელიოზიშვილის, გურამ გეგეშიძის, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის და სხვათა წიგნები. მათ ცალკე ვინახავ, რადგან ჩემთვის ძალიან ძვირფასია. დროგამოშვებით ვუბრუნდები და ვკითხულობ. წელს ზაფხულში ხელახლა წავიკითხე "დათა თუთაშხია" და გურამ გეგეშიძის რომანები. ეს ისეთი ლიტერატურაა, რომელიც არასოდეს კვდება. ისეთი სიღრმეებია, რომელიც შენი ქვეყნის სიცოცხლის გამგრძელებელია. საერთოდ, ლიტერატურასთან ურთიერთობა ჩემი არსებობის მუდმივი ნაკადი იყო. ხშირად, როცა სკოლაში მეზარებოდა წასვლა, თავს მოვიავადმყოფებდი და შინ დარჩენილი წიგნებს ვკითხულობდი. ომის წლებში გათბობა არ გვქონდა, თერმომეტრს ნავთქურასთან ახლოს დავიკავებდი, ტემპერატურა რომ იწევდა, დედას ვანახვებდი და ვატყუებდი, ვითომ სიცხე მქონდა. წიგნებს თავზე საბანგადაფარებული ვკითხულობდი და ასე კითხვა უფრო საინტერესოდ მეჩვენებოდა.
- თქვენს შვილებში, შვილიშვილებში ასეთი შემთხვევები თუ დაფიქსირებულა?
- შვილებში კი, შვილიშვილებში არა. უფროსი 15 წლისაა, უმცროსი 13-ის გახდა. ისინი კომპიუტერს არიან მიჯაჭვული და ინფორმაციას იქიდან იღებენ. კითხვით ნაკლებად კითხულობენ. უყურებენ ფილმებს და მუსიკას უსმენენ. იმ ჟანრს, რომელიც მათთვის საინტერესოა და ხშირ შემთხვევაში ეს კარგი მუსიკაცაა. ჩემთვის რთული გასაგებია ურთიერთობების ამგვარი ფორმა მეგობრებთანაც. ჩემი ერთი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი ბელგიაში ცხოვრობენ, ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან "სკაიპის" მეშვეობით ვსაუბრობთ. ელექტრონულმა სისტემებმა ბევრი რამ გაამარტივა, მაგრამ ჩემთვის მაინც წარმოუდგენელია კომპიუტერმა წიგნი ჩაანაცვლოს. არაფერი სჯობს იმას, როცა სადმე სოფელში, ხის ქვეშ ჩრდილში წამოწვები, ნიავი უბერავს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ძაღლები ყეფენ და შენ კითხულობ. ძილი რომ მოგერევა, ცოტას წათვლემ და მერე ისევ წიგნს დაუბრუნდები. შეიძლება, ეს XXI საუკუნეს არ მოერგოს, სადაც ცხოვრების სხვა ტემპია და სხვაგვარი მოქმედებებისკენ გვიბიძგებს, მაგრამ პირადად მე ასე მირჩევნია კითხვა. შემდეგ ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა კითხვისას წიგნისა და სიტყვის სილამაზეს გრძნობ, რისი აღქმის უნარიც, ვფიქრობ, დღევანდელ ახალგაზრდებს გაცილებით ნაკლებად აქვთ. სხვათა შორის, ჩემი ერთი შვილიშვილი ლიტერატურით ძალიან დაინტერესდა. თავადაც წერს ლექსებს, ოღონდ ფრანგულად, თუმცა ქართულიც მშვენივრად იცის. როგორც ჩანს, ფრანგული მისთვის მაინც მშობლიური ენაა. მეორე შვილიშვილს ლიტერატურის მიმართ ისეთივე გამძაფრებული ინტერესი არ აქვს, მაგრამ შარშან ზაფხულში ისეთ დიდ რომანს მოჰკიდა ხელი, როგორიცაა: "დათა თუთაშხია". ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ მან წაიკითხა "ოსტატი და მარგარიტა" და ახლა "ძაღლის გულს" კითხულობს. როგორც ჩანს, ლიტერატურისადმი ინტერესი მხოლოდ ახლა ჩნდება. ჩემს დროს ეს გაცილებით ადრე დაიწყო. 12-13 წლის ასაკში უკვე სხვა ლიტერატურა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოეზია და მისი ფილოსოფია, რომელიც აბსოლუტურად არღვევს ზღვარს წარმოსახულსა და რეალობას შორის და შენ წინაშე ყველაფერი სიმართლეა. ის გაცილებით მეტია, ვიდრე კონკრეტულ რეალობაზე აგებული სინამდვილე. ისევე, როგორც პიკასოს შემოქმედებაში, როცა ტილოზე ხედავ ორცხვირიან, სამყურიან ადამიანს და ის იმდენად ცოცხალია, რომ შენი წარმოსახვისთვის იმაზე მეტად საინტერესო შეიძლება იყოს, ვიდრე კონკრეტული რეალობა. ბოლშევიკები გვინერგავდნენ, რომ ხელოვნება კონკრეტული ცხოვრების ანარეკლია, სინამდვილის ასახვა მხატვრულ რეალობაში და როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ასე არ ყოფილა (იღიმის). ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელოვნება გაცილებით მრავალფეროვანი აზროვნების საშუალებას გაძლევს და ყველაფერი ეს ნელ-ნელა, კითხვასთან ერთად ვითარდება.
- ბატონო მერაბ, ზოგჯერ წლების წინ წაკითხული ნაწარმოებებიდანაც კი დიდხანს გვამახსოვრდება ის პერსონაჟები, რომლებიც მოგვწონს თავიანთი თვისებებით, ან პირიქით - დადებითად არ განგვაწყობენ. თქვენთვის ვინ არიან ეს გმირები?
- უცებ თქმა მიჭირს, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვაჟას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ მისი პერსონაჟები არასოდეს "დაიხოცებიან". ვთქვათ, აღაზა და მისი მეუღლე ჯოყოლა. აღაზამ დაიტირა მისთვის ახლობელი და იმავდროულად მტერი ზვიადაური. ამ ფაქტზე კი მას მეუღლე ეუბნება: "დიაცს მუდამაც უხდება, გლოვა ვაჟკაცის კარგისა..." ასევე არიან "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები. წარმოდგინეთ, ჩვენი პატარა ერი, რომელიც მუდამ გაჭირვებაში იყო, რა სიღრმეებს სწვდებოდა, რა მარგალიტებს ქმნიდა.
- სხვადასხვა ნაწარმოების კითხვისას თუ ფიქრობდით, "აი, მე რომ რეჟისორი გავხდები, ამას აუცილებლად გადავიღებ?.."
- (იღიმის) კი, როგორ არა, მაგრამ მაშინ ფილმებით გატაცების გამო უფრო მსურდა ამ პროფესიას გავყოლოდი. ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან წამოიღო უამრავი ფილმი, გამოფენა. მაშინ ბევრი ფილმი ვნახე. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ სხვას გაუჩნდა რეჟისორობის სურვილი. ქართველ კინემატოგრაფისტთა მთელი თაობა ვსწავლობდით მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, საიდანაც დაბრუნებულებმა ის კინო შევქმენით, რასაც 60-იანელებისა და 70-იანელების კინო ჰქვია და ვფიქრობ, მაშინ მართლა საინტერესო ქართული ფილმები შეიქმნა.
- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას თუ ეცნობით?
- ვცდილობ, სულ ვიკითხო. არიან თანამედროვე მწერლები, რომლებიც მიყვარს და არიან ისეთებიც, რომლებსაც ვერ ვითვისებ. დღევანდელ საქართველოში ჩემთვის ძალიან საყვარელი და საჭირო მწერალია აკა მორჩილაძე. აკასთან ერთად ვმუშაობდი, მისი მოთხრობის "ტოტო მუკამბას ბიჭების" მიხედვით ფილმი გადავიღეთ, რომელსაც "ვარიაციები ოტელოს თემაზე" ერქვა. ასევე ერთად ვიმუშავეთ ფილმზე "სახლი სიხარულისა". ეს ფილმი თბილისზეა და აკამ, ანუ გიომ კარგად იცის ეს თემა.
- თქვენ როგორ მიმართავთ, აკას ეძახით თუ გიოს?
- მე გიოს და გიორგის ვეძახი (იღიმის). გიო ისტორიკოსია და კარგად იცის როგორც საქართველოს, ისე თბილისის ისტორია და ძალიან დაგვეხმარა ამ ფილმისთვის გარკვეული მასალების მოძიებაში. მეტსაც გეტყვით, მისი მოთხრობების მიხედვით სცენარი გავაკეთე. ასევე ძალიან საინტერესო მწერალია ლაშა ბუღაძე. დიდი ინტერესით ვკითხულობ მის ნაწარმოებებს. სხვათა შორის, ჩემმა შვილიშვილმაც ბუღაძის სასკოლო რომანი "ბოლო ზარი" ძალიან სწრაფად "ჩაყლაპა". იმიტომ, რომ ეს თემა მისთვის გასაგები და ნათელი იყო. ძალიან მიყვარს ირაკლი ლომოურის მოთხრობებიც, მაგრამ ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, არ მინდა ვინმეს ეწყინოს. თან ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც საქართველოში იყო, თანამედროვე ქართული ლიტერატურა მაინც არსებობს და მომავალში უფრო სერიოზულად განვითარდება. ხელის შემშლელი ფაქტორები მხოლოდ ისაა, რომ კულტურას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ყველა ხელისუფლების მხრიდან ასე იყო, კულტურა მეორეხარისხოვნად მიაჩნდათ, რაც უბედურებაა... ველი, რომ ახალი ხელისუფლება სხვანაირად მიხედავს ამ თემას. ეს არ იქნება ერთი ადამიანის მიერ აჩემებული მოსაზრებები, ვთქვათ, შენობაზე. შეიძლება ის შენობა თავისთავად ცუდი არ იყოს, მაგრამ ისე დგას, რომ არავის სჭირდება, ან დგას იქ, სადაც არ უნდა იდგეს და არღვევს შენი ქალაქის ტრადიციული ან ურბანული განვითარების სწორ ხაზს.
- ბატონო მერაბ, ბატონ მიხეილ ჭიაურელსაც ხომ არ აქვს თქვენთვის რამე წიგნი ნაჩუქარი, მან ჯერ კიდევ ბავშვობაში, 6 წლის ასაკში "გიორგი სააკაძეში" გადაგიღოთ?..
- არა, წიგნი არ უჩუქებია, თუმცა ამ ფილმის მერეც ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მოსკოვში სასწავლებლად რომ ჩავედი, დედამ მირჩია, ძია მიშასთან მივსულიყავი. მაშინ ის ძალიან ირონიულად მელაპარაკა და მითხრა, რომ სისულელე იყო, რასაც ვაპირებდი. საბჭოთა კავშირში სულ ოც ფილმს იღებენ, სულელები ხართ, შენ და შენმა მეგობრებმა რაღა უნდა გადაიღოთო (იღიმის), მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ მაინც მოვახერხეთ ფილმების გადაღება. ძია მიშა არაჩვეულებრივი მთხრობელი იყო, გარდასახვის საოცარი უნარი ჰქონდა, როცა რამეს ჰყვებოდა, თან წარმოგიდგენდა მათ სახეებს, წაიმღერებდა ხოლმე. მასთან ურთიერთობა არაჩვეულებრივი იყო და ცხოვრებას გვიხალისებდა.
საერთოდ, ვინაიდან მე ლიტერატურა მიყვარს, ხშირად მივმართავდი ლიტერატურას, როგორც კინოს საფუძველს. პირველი ჩემი სტუდენტური ფილმი იყო "ხმელი წიფელი". შემდეგი ჯავახიშვილის მიხედვით "მიხა" უნდა გადამეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ არ გადამაღებინეს და ეს მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შევძელი. ვინაიდან ძალიან მიყვარდა რეზო ინანიშვილის ლიტერატურა, იმავე პერიოდში ჩვენ ერთად დავსხედით და რეზოს ნოველების მიხედვით გავაკეთეთ ფილმის სცენარი, რომელსაც "არდადეგებზე" ერქვა. როგორც გითხარით, ახლა აკას მოთხრობებზე ვმუშაობ, ასე რომ, ლიტერატურასთან კონტაქტს არასოდეს ვწყვეტ.
- ხშირად, როცა წიგნს ვინმეს ვათხოვებთ, აღარ გვიბრუნებენ. ასეთი შემთხვევები თუ გქონიათ? ძვირფასი ნივთები დაგიკარგავთ?
- როგორ არა და ეს ძალიან მწყინს. იმავდროულად, სისტემატურად ვკარგავ ჩემს ფილმებს. განსაკუთრებით ამას ტელეჟურნალისტები აკეთებენ. მეტყვიან, ბატონო მერაბ, მათხოვეთ, გადავიწერთ და მოვიტანთო. იშვიათი გამონაკლისების გარდა, აღარ მოაქვთ და სამწუხაროდ, დედნები დაკარგულია. ჩვენ, ფილმის ავტორებს, დედნები არ გვაქვს, რადგან მათი ნეგატივები რუსეთშია. ახლა მიდის "ბრძოლა" იმაზე, რომ როგორმე ყველა იმ ფილმის ელექტრონული ვერსიები გაკეთდეს, რომელიც რუსეთში საცავში ინახება. მაშინ გვექნება საშუალება, ისინი გაცილებით აქტიურად მივაწოდოთ ქართველ მაყურებელს და მათი ხილვის საშუალება ახალგაზრდა თაობასაც ექნება.
- ბატონო მერაბ, პოეზიაზე არაფერი გვითქვამს...
- ამ თემაზე ლანა ღოღობერიძეს რომ დაელაპარაკოთ, გაცილებით საინტერესო საუბარი გექნებათ. ლანას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს, უჭკვიანესი ადამიანი, შესანიშნავი პოეტი და მთარგმნელია. თუ საჭიროება მოითხოვს, შეიძლება ორი საათის განმავლობაში სულ ლექსებით გელაპარაკოთ (იღიმის). მე ამ თვალსაზრისით კარგი მეხსიერება არ მაქვს, თუმცა ძალიან მიყვარს პოეზია, ქართულ პოეზიაში არაჩვეულებრივი მუსიკაა და სიტყვის სიმძლავრე ჩანს.
- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, თითქმის ყველა ქართველი წერს რაღაცას...
- ლექსები არ დამიწერია, თუმცა... პირველ სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ, ლექსის დაწერა დაგვავალეს. ოთახში, სადაც გაკვეთილები გვიტარდებოდა, კედლები სავსე იყო სტალინის, ლენინის, ბერიას, ჟუკოვის, მარშლებისა და გენერლების ფოტოებით. იქვე გამოკრული იყო მათი ლოზუნგები. მაშინ 7 წლის, ანუ მეორე კლასში ვიყავი. ამ გარემოში მოქცეულმა ყველა ბავშვმა ლექსები ბელადებზე დავწერეთ. მე ბერიაზე დავწერე და ამით ძალიან ამაყი გახლდით. იმ დღეს დედა სახლში სამსახურიდან გვიან დაბრუნდა. მე უკვე ლოგინში ვიწექი. დავაჭყიტე თვალები და ვუთხარი, დედა, ლექსი დავწერე-მეთქი. დაინტერესდა და წავუკითხე ჩემი ერთსტროფიანი ლექსი. როცა ჩავამთავრე, მითხრა, მეტი აღარ ვნახო, ლექსი დაწეროო. წარმოიდგინეთ, მამა 1937 წელს რეპრესირებული იყო და როგორი იქნებოდა დედასთვის იმ ლექსის მოსმენა (იღიმის)?!
- და მას შემდეგ აღარაფერი დაგიწერიათ?
- არა, ეს კიდევ ერთხელ მოხდა. სკოლაში მოთხრობის მოკლე შინაარსი რატომღაც ლექსად დავწერე და მახსოვს, იმ თემაში ძალიან ცუდი ნიშანი მივიღე (იღიმის).
ანა კალანდაძე
(გამოდის ორშაბათობით)