ამერიკული ყოველთვიური გაზეთი The Washington Diplomat აქვეყნებს ლარი ლაქსნერის სტატიას, სათაურით - "ქართველი ელჩი ახალ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებს". მასალა თემურ იაკობაშვილს ეხება.
"თემურ იაკობაშვილის პრიალა, ავიატორის ფრთით დამშვენებული სამუშაო მაგიდა – მცირე ნაწილია ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის ნამუშევრისა, რომელიც P-47-ისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სხვა ბომბდამშენების ავტორია – დაფარული ალუმინის ნაწილებითა და ფოლადის ხრახნებით შეკოწიწებული, განსაკუთრებულ რეტრო შეგრძნებებს უღვივებს მას.
გულდასაწყვეტია, რომ სიგარის მწეველი დიპლომატი იძულებულია თავისი საყვარელი სამუშაო მაგიდა მიატოვოს. 1-ელ მარტს იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დატოვებს.
კომუნიკაბელური დიპლომატი სამსახურს იმიტომ კი არ ტოვებს, რომ უნდა ეს, არამედ იმიტომ, რომ გრძნობს, ვეღარ გააგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში მაშინ, როცა მის სამშობლოში პოლიტიკური დაძაბულობაა", - აღნიშნულია სტატიაში.
"აშშ ჩვენი ყველაზე დიდი, ძლიერი პარტნიორია და ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოსტია, რომელიც შეგიძლია წარმოიდგინო, - აცხადებს 45 წლის იაკობაშვილი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, - იმიტომ, რომ ვინც არ უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას ამ პოსტზე, უნდა ჰქონდეს პირდაპირ კონტაქტები ქვეყნის მმართველებთან. ყველა ჩემს წინამორბედს ჰქონდა ეს ისევე, როგორც მე. თუმცა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა".
განსხვავება - წერს სტატიის ავტორი, - ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.
"გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მილიარდერი ბიზნესმენის "ქართულმა ოცნებამ", რომელიც ექვს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა – 54%-ით გაიმარჯვა და 150-კაციან პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა. ახლა, ოპოზიციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა რამდენიმე თვეში ეწურება და ორმა მოწინააღმდეგე ძალამ უნდა გამონახოს გზა ერთად გაუძღვეს საქართველოს, ჯერაც მძიმე პოსტ-საბჭოთა გზაზე",-აღნიშნავს სტატიის ავტორი.
იგი წერს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა, 2004 წლის იანვარში კი ოფიციალურად ჩაიბარა ქვეყანა. დასავლეთზე ორიენტირებულმა პრეზიდენტმა უმალ დაიწყო საქართველოს რუსეთისგან გამიჯვნა, ნატო-ს წევრობა გადაწყვიტა და თავისი ჯარები აშშ-ერაყის ომში გააგზავნა საომრად. მან აპლოდისმენტები დაიმსახურა თავისი "ნულოვანი ტოლერანტობისთვის" ქვეყანაში გავრცელებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის. თუმცა, ის მკაცრად გააკრიტიკეს დასავლეთის მხარდაჭერის არასათანადოდ დაფასებისთვის 2008 წელს, რუსეთთან მცირე, მაგრამ სისხლიანი ომის დროს, რომლის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი მოსკოვთან სადავო ორ ტერიტორიაზე, კოლუმბიაში განათლებამიღებული დემოკრატი ლიდერი არადემოკრატიული ტენდენციისთვის, მათ შორის ბოლო წლებში ანტისამთავრობო მიტინგების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებისთვის. სწორედ ამიტომ მაღალი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც შესაძლოა, კვლავ მოჰყოლოდა შეტაკებები, თუმცა სააკაშვილის მიერ მარცხის მშვიდად აღიარებამ ბევრი გააოცა და მოხიბლა.
"არჩევნებში მარცხი საფასურია, რომელსაც რეფორმებისთვის იხდი. ცხადია, რომ რეფორმა არასოდეს სარგებლობს პოპულარობით. თქვენ ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ნახეთ. განსაკუთრებული ამაში ისაა, რომ ეს მშვიდობიანი და დემოკრატიული ნორმების დაცვით ხდება", - აცხადებს იაკობაშვილი "ვაშინგტონ დიპლომატთან" საუბრისას.
"რა თქმა უნდა, ელჩი სიამაყით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ხალხმა ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"ყველა წინა ხელისუფლება ან რევოლუციის ან ძალადობის გზით იცვლებოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, ეს იყო საუკეთესო არჩევნები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა", - ამბობს იაკობაშვილი.
შესაძლოა, ეს ასეც იყო, - წერს სტატიის ავტორი, - მაგრამ არჩევნებით არ დასრულებულა პოლიტიკური გაურკვევლობა ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლების მოპოვების მწვავე ბრძოლას აწყდება ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში.
"კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილებების თანახმად, საქართველო 2013 წელს საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება და მმართველობა ძირითადად პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, თუმცა მანამდე დაძაბულობის ბევრი თვე გასტანს - პოლიტიკურ კულტურაში არსებული საშიშროება მიმართულია საკუთარი ოპონენტის განადგურებაზე", - მოჰყავს სტატიის ავტორს ციტატა "ნიუ იორკ პოსტიდან" და დასძენს, რომ ივანიშვილს – განდეგილ ფილანტროპს, ომის გზაზე დადგომისთვის ბევრი დრო არ დასჭირვებია.
"ივანიშვილი გამარჯვებამდე სიღარიბითა და უმუშევრობით გამოწვეულმა საყოველთაო უკმაყოფილების ტალღამ მიიყვანა. მისი წარმატება ასევე განაპირობა წინასაარჩევნოდ, ბოლო წუთებში გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც ნაჩვენები იყო ციხის ბადრაგების მიერ პატიმრების სადისტური მოპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში ქება დაიმსახურა, მისი მმართველობის პერიოდში ციხეში ჩადენილმა დანაშაულმა ოთხეჯერ მოიმატა და შეურაცხყოფის კადრები ამის ნათელი დადასტურება იყო. მართალია, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ სისტემას გაწმენდდა და შეცვლიდა წინამორბედის მიერ დატოვებულ რთულ გზას, მაგრამ მომხიბლავი ვერც მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი სამი თვე იყო. სინამდვილეში კი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებიდან რამდენიმე საათში, ივანიშვილმა თავისი მანამდელი შეთავაზება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ უკან წაიღო საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე. თუმცა, მას შემდეგ, ივანიშვილმა დაიწყო, როგორც ბევრი ამბობს, პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალური დევნა, დაადანაშაულა რა ყოფილი ხელისუფლების ათობით წარმომადგენელი სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულში და ამით დემოკრატი დამკვირვებლების აღშფოთება გამოიწვია, რომელთაც ხელისუფლების მშვიდად გადაბარების იმედი ჰქონდათ.
"სამწუხაროდ, ძალადობას კვლავ აქვს ადგილი. მართალია, დაკავებები აღარ ხდება, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კვლავ გვესმის შემაშფოთებელი ამბები", - აცხადებს "ვაშინგტონ დიპლომატთან" საუბრისას ქართველი დიპლომატი და დასძენს, რომ უკანასკნელ ხანებში განხორციელებული დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო".
საუბრის დასასრულს კი, - წერს ლაქსნერი, - იაკობაშვილი აცხადებს, რომ 4,7-მილიონიანი ქვეყანა უნდა გაექცეს ისეთ მენტალობას, რომელიც სახელმწიფოს დაკავებებით მართავს.
"გამარჯვებულმა უნდა გააანალიზოს, რომ მათ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს და არა საპრეზიდენტო ან ადგილობრივ არჩევნებში. ახალმა მთავრობამ არა მხოლოდ დააშინა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, არამედ ძალიან ღია შეტევა განახორციელა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ჩვენ უამრავი შემთხვევა გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე მასობრივი შეტევისა, რითაც ეწინააღმდეგებიან მათ ფუნქციონირებას და მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებსა და საბჭოს წევრებს გადადგომისკენ უბიძგებენ. ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა", - აცხადებს იაკობაშვილი გაზეთთან საუბრისას.
როგორც საქართველოს ელჩი ამბობს, - წერს სტატიის ავტორი, - ამერიკელი კანონმდებლები ამ თემას საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას შეეხნენ, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას.
"კონგრესი შეშფოთებული იყო საქართველოში განხორციელებული დაშინებებით. ჩემი აზრით, მათი გზავნილი გარკვეულწილად მივიდა ადრესატამდე, თუმცა ერთია, ამ გზავნილის გზაგზავნა და მეორე, გაიზიარებს თუ არა ხალხი მას", - აღნიშნავს თემურ იაკობაშვილი.
". . . ხელოვნების ნამუშევრების კოლექციონერი, ჯაზის მოყვარული ყოფილი აქტივისტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში სასჯელს იხდიდა თბილისში პროისრაელური გამოსვლისთვის, თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ "უნდა გაათავისუფლოს ეს ადგილი იმისთვის, ვისაც ახალ ხელისუფლებასთან უკეთესი ურთიერთობა და მათი მეტი ნდობა აქვს. ჩემთვის არავის უთხოვია თანამდებობის დატოვება, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და პრეზიდენტიც დამეთანხმა. ცხადია, რომ ახალ ხელისუფლებას უნდა საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეს ყველგან. ელჩების დანიშვნა და უკან გაწვევა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ასე რომ, ახალი პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრეზიდენტის გარეშე მას არ შეუძლია ელჩების გაწვევა ან დანიშვნა".
სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, იანვრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკობაშვილის მაგივრად, აშშ-ის ელჩის პოსტზე არჩილ გეგეშიძე წარადგინა. აკადემიკოსი, რომელიც ახლა რთული ამოცანის წინაშე დგას – დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მის ხელმძღვანელს – ამოუცნობ, როგორც ზოგიერთი მას უწოდებს ექსცენტრიულ მილიარდერს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, - არ სურს დასავლეთზე უარის თქმა, მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების სურვილის პარალელურად.
"მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, როგორც ჩანს, საქართველოს ახალი მთავრობა უკან იხევს ნატო-ში გაწევრიანებისგან და აშშ-ისთან ახლო ურთიერთობის მხარდაჭერისგან", - აცხადებს "ვაშინგტონ დიპლომატთან" საუბრისას იანუშ ბუგაისკი, სტრატეგიული და საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი და დასძენს, რომ – პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, პოლიტიკური ანგარიშსწორების ატმოსფერო, ნაკლებად ამბიციური რეგიონალური პოლიტიკა და კავკასიაში რუსეთის ამბიციებისადმი ნაივური მიდგომა, გაურკვეველს ხდის მომავალში საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ინტეგრაციის საკითხს.
როგორც იაკობაშვილი ამერიკულ გაზეთთან საუბრისას აცხადებს, უკვე აქვს შეთავაზება ევროპის ხუთი და აზიის ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.
"საქართველოს არ ვშორდები, - აცხადებს იაკობაშვილი, - მაგრამ ვფიქრობ საუკეთესო, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება და საქართველოსთვის გარჯაა საერთაშორისო დონეზე".
დაბოლოს, - როგორც სტატიის ავტორი წერს, - იაკობაშივილი ამბობს, რომ საქართველოს "უკრაინიზაცია" ყველანაირად უნდა აღიკვეთოს.
"თუ საქართველოს უკრაინის მსგავსი მოვლენები დაემუქრება, ეს იქნება ძალიან ნეგატიური მაგალითი ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის", - აღნიშნავს იაკობაშვილი.
მომზადებულია The Washington Diplomat-ის მიხედვით.