გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ

გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ

შპს "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ, - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტმეტრში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ექნება კითხვები, რადგან უგულავამ პირადად მიიღო გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" 764 აქტივისტის დასაქმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის შექმნის გამო.

"ის იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული. კონკრეტული პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც ამ ფაქტს იძიებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე მერი იქნეს დაკითხული", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმეზე 200-ზე მეტი პირი დაიკითხა, რომლებიც პირდაპირ და გულწრფელად ამბობდნენ, რომ სამსახურთან შეხება არ ჰქონიათ და ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს. "ამ ადამიანების პარტიული დასაქმებისთვის დაიხარჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. გაიფლანგა ბიუჯეტის თანხები და შესაძლოა კიდევ ჰქონდეს ადგილი სხვა თანამდებობრივი ტიპის დანაშაულს. ეს არის ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი ღერძი", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ 514 საშტატო ერთეულზე ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს 764 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებიც პარტიული საქმიანობისთვის დამატებით თანხას იღებდნენ და საბიუჯეტო სახსრები იხარჯებოდა. "არის კიდევ ერთი საინტერესო თანხვედრა. ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მტკივნეული გახდა იმ ინფორმაციის მიღება, რომ ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადი მიება. ამ პრობლემას სათავე საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებამ დაუდო, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. საყურადღებოა, რომ შპს "თბილსერვის ჯგუფი" თვითდაფინანსებაზე 1-ელი ივლისიდან გადავიდა. ერთდროულად ხდება დასუფთავების გადასახადის მიბმა და ამ სერვის ჯგუფის თვითდაფინანსებაზე გადასვლა. ანუ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ გაზრდილ გადასახადს დასუფთავებისთვის, ეს გადასახადი მნიშვნელოვანწილად ხმარდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს, რათა მათ პოლიტიკური საქმიანობა ეწარმოებინათ", - დასძინა კბილაშვილმა.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს და აცხადებს, რომ ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება.

"საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, როგორც იცით, შპს "თბილსერვის ჯგუფის" –  საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, დაიკითხოს გიგი უგულავა - არჩილ კბილაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ