კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, გაფიცული მძღოლების დიდი ნაწილი ხვალ სამუშაოს დაუბრუნდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ტექნიკურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, მძღოლების ყველა მოთხოვნა, რომელიც კომპანიის კომპეტენციაში შედიოდა, უკვე დაკმაყოფილებულია. "ყველა ფარეხი დავიარეთ, ავუხსენით მძღოლებს, რომ რაც ჩვენს კომპეტენციაში შედიოდა, ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ნაწილმა თქვა, რომ აქვთ სურვილი ხვალიდან სამუშაოდ გავიდნენ", - აღნიშნა ასანიძემ.
ამასთან, ასანიძეს არ დაუკონკრეტებია სამარშრუტო ხაზები, რომლის მძღოლებიც ხვალ გაფიცვის შეწყვეტას აპირებენ. მისი ვარაუდით, მძღოლები ოთხივე ფარეხიდან გამოვლენ და მუშაობას განაახლებენ. მისივე თქმით, არიან მძღოლები, რომლებიც "პოლიტიკოსებს აჰყვნენ და არასწორი მიმართულებით ცდილობენ მუხტის წაყვანას".