რუბრიკას, რომელსაც ჩვენს ჟურნალში "დაუსრულებელი წინადადება" ჰქვია, "ნანუკას შოუში" წამყვანი ბლიც-ინტერვიუს უწოდებს. ამჯერად, ნანუკა ჟორჟოლიანი თავად გახლავთ ჩემი (და მისი) რუბრიკის სტუმარი. რა მოხდებოდა, მეტად თვითკრიტიკული რომ იყოს, რა მოსწონს ან არ მოსწონს საკუთარ თავში, რატომ მიიჩნევს, რომ ცუდი დედაა, რისი ეშინია და რას არ გააკეთებს დიდი ფულის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაშიც კი? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ნანუკა, შენს შოუში ბლიც-ინტერვიუების მომზადების იდეა "გზის" "დაუსრულებელმა წინადადებამ" ხომ არ გიკარნახა?
- შეიძლება ასეც იყო... ბლიც-ინტერვიუების გაკეთება პროდიუსერმა შემომთავაზა. მერე ოპრა უინფრის შოუში ამ რუბრიკის რამდენიმე სატელევიზიო ვერსიაც ვნახეთ და გადავწყვიტეთ, რომ "ნანუკას შოუს" მოუხდებოდა.
- "რუსთავი 2"-ში თავს როგორ გრძნობ?
- ისე, როგორც სახლში. ამ სეზონზე მუშაობას ძველი რუბრიკებით გავაგრძელებთ, მომავალში კი ალბათ, სიახლეებიც იქნება. შესაძლოა, წელს უფრო მეტი პოლიტიკოსი მოვიწვიოთ, ვიდრე შოუბიზნესის წარმომადგენელი. პოლიტიკოსები არაპოლიტიკურ ამპლუაში მაყურებელს ძალიან აინტერესებს. ჰოდა, მეც გადაცემის რეიტინგზე ვფიქრობ.
- ეთერში გასული გადაცემების რეიტინგით კმაყოფილი ხარ?
- კი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ორი გადაცემა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, "ნანუკას შოუს" მშვენიერი რეიტინგი ჰქონია.
- ახლა კი დროა, ჩემი შემოთავაზებული წინადადებები დაასრულო.
- სიამოვნებით. ძალიან მაინტერესებს, როგორია ამ რუბრიკის რესპონდენტობა.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ჟურნალისტი. დედა იხსენებს, რომ ხშირად მეჭირა ხელში იმ სუნამოს ბოთლი, რომელსაც მიკროფონის ფორმა ჰქონდა. მართალია, მაშინ ინტერვიუებს არ ვწერდი, მაგრამ სარკის წინ ვდგებოდი და ამბებს ვყვებოდი. ჟურნალისტობა 8 წლის ასაკიდან მინდოდა.
- ჩემზე გავლენა იქონია...
- ...პირველი ოჯახის დანგრევამ. ამ ამბის შემდეგ უფრო მეტად მოტივირებული გავხდი. მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ძლიერი ადამიანი ვიყავი. არადა, მეუღლეს რომ არ დავშორებოდი, შეიძლება ჩემი სიძლიერის დამტკიცება არასდროს დამჭირვებოდა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ალბათ ის არის, რომ სხვისი პრობლემის გულთან მიტანა შემიძლია, ამ დროს ადეკვატური ვარ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად არ მომწონს...
- ...ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ პირველ რიგში, ჩემს ფეთქებად ხასიათს დავასახელებ. არ მომწონს, რაღაცებს ძალიან მარტივად რომ ვუყურებ და პროფესიის გამო შვილებს ბევრ დროს რომ არ ვუთმობ: ადრე მარიამი დამეჩაგრა, ახლა - საბა მეჩაგრება.
- ჩემზე ამბობენ, რომ....
- ...ყველაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ ქალად გადაკეთებული კაცი ვარ. თუმცა, იმასაც ამბობენ, - ერთი ჯიგარი გოგოაო და ეს მიხარია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...გავიცანი ირაკლი კოდუა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ბევრს ვფიქრობ. მარტოობის მეშინია და ამიტომაც, შინ მარტო ვერ ვჩერდები. ბავშვობიდან მარტო ვერ ვიძინებ და ამის გამო, ფსიქოლოგთან სიარულიც კი დამჭირდა. ცოტა ხნით განმარტოებაც კი არ მიყვარს.
- ძილის წინ ყოველთვის...
- ...შევდივარ სოციალურ ქსელში და პოსტებს ვნახულობ.
- ვიბნევი, როცა...
- ...ვხვდები ადამიანს, რომელსაც იმ წუთში არ ველოდები. მოულოდნელი შეხვედრები მაბნევს.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...მშვიდ, უემოციო ადამიანს. ასეთების შემხედვარე, უფრო მეტად ვგიჟდები. დედა მშვიდი, დინჯი რაჭველი ქალია. მას შეუძლია, ჩემს ემოციას ძალიან მშვიდად შეხვდეს. ჰოდა, თავისი საქციელით წონასწორობას მაკარგვინებს ხოლმე.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...დედა. მინდა, ბევრად კარგი დედა ვიყო, ვიდრე ვარ.
- მეზარება...
- ...ფეხით სიარული და იმ ადამიანის მოსმენა, რომელსაც ვატყობ, რაღაცას მხოლოდ იმიტომ ჰყვება, რომ უბრალოდ, რაღაც თქვას.
- მაღიზიანებს...
- ...ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აქებს.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...
- ...მიუძღვის ჩემს ოჯახს. მაშინ, როცა პირად ცხოვრებაში კრიზისი მქონდა, მშობლები გვერდით დამიდგნენ. მამა ყოველთვის სწორ პოზიციას იჭერდა და ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მას მიუძღვის. მამის მატერიალურ და მორალურ დახმარებას, მის მხარდაჭერას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამას გაჭრილი ვაშლივით ვგავარ.
- უფრო მეტად თვითკრიტიკული რომ ვიყო...
- ...ავადმყოფი ვიქნებოდი.
- დათმობა შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი ოდნავ მაინც თბილად დამელაპარაკება და გამიღიმებს. მყავს ახლობელი, რომელიც ჩემთან კამათს იწყებს სიტყვებით: "მართალი ხარ, მაგრამ..."
- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...
- ...23 წლის. ამ ასაკში რა ხდებოდა? - ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებდი.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი; ეს ერთი რამ კი ძალიან პირადულია და ამაზე ვერ ვილაპარაკებ.
- ვერაფრით ვისწავლე, რომ...
- ...ცოტა ვილაპარაკო და ბევრი მოვისმინო.
- ხშირად, დაშვებულ შეცდომებს...
- ...ძალიან გვიან ვხვდები და ზოგჯერ, ვიმეორებ კიდეც.
- ცრუმორწმუნე...
- ...ვარ. ცუდი სიზმარი თუ ვნახე, ამეკვიატება, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. არც ის მსიამოვნებს, თუ წინ შავი კატა გადამირბენს.
- ბოლოს მესიზმრა...
- ...ჩემი შვილი - საბა და ცუდად გახდა.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი პროფესიით არ ვიმუშავებ.
- არავისთან ვლაპარაკობ...
- ...ძალიან პირად და ინტიმურ დეტალებზე.
- არასდროს დამავიწყდება...
- ...მომენტი, როცა ირაკლის სიყვარული ავუხსენი, ის კი დაბნეული მიყურებდა. ჰო, სიყვარულში პირველი მე გამოვუტყდი და ჩემგან ასეთ გულწრფელობას არ ელოდა, ამიტომაც დაიბნა.
- სიყვარული ეს...
- ...როგორ გინდა, ის სიტყვები იპოვო, რომლითაც ამ გრძნობის გადმოცემა შეიძლება? მაინც ვფიქრობ, რომ სიყვარული ორ ადამიანს შორის საერთო ღირებულებების ქონაა. ტემპერამენტს, ლტოლვას, უეცრად რომ მოგინდება, მეორე ნახევართან მიხვიდე, აკოცო, ჩაეხუტო, ოდესმე ვადა გაუვა, მაგრამ თუ მეორე ნახევართან ამ ყველაფრის გარდა, საერთო ღირებულებებიც გაკავშირებს, ურთიერთობა აუცილებლად შედგება. როგორი სიმპათიური ქმარიც უნდა გყავდეს (მიმაჩნია, რომ ძალიან სიმპათიური ქმარი მყავს), როგორი კარგი ტიპიც უნდა იყოს, მაგრად გიყვარდეს და უყვარდე, მასთან წამიერ ემოციებზე მეტი თუ არაფერი გაკავშირებს, გამორიცხულია, დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ფერი არ ეცვალოს.
- ვოცნებობ...
- ...საბასთან ისეთივე ურთიერთობა მქონდეს, როგორიც დღეს მარიამთან მაქვს. სულ მაინტერესებს, ვინ უყვართ მარიამის მეგობრებს და რა ხდება ჩემი შვილის ცხოვრებაში? როცა ის სადმე დასასვენებლად მიდის, მინდა, მეც მის მეგობრებთან ერთად ვიყო. ვოცნებობ, საბა ისე თავისუფლად ლაპარაკობდეს ჩემთან ყველა თემაზე, როგორც ამას მარიამი აკეთებს. მარიამი დედასთან ბოლომდე გახსნილია. შეიძლება, რაღაცაში მისი შეზღუდვის სურვილი მქონდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორც კი შევზღუდავ, ჩემთან გულწრფელი აღარ იქნება; ზოგჯერ, როცა გვიან საღამოს მეუბნება, - ცოტა ხნით დაბლა ჩავალო, მისი გაშვება მიჭირს, მაგრამ მირჩევნია, ჩავიდეს და მითხრას, ქვევით ვინ ელოდებოდა, ვიდრე გავიგო, რომ ეზოში გამეპარა.
- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი...
- ...ბოლო წლებში ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ერთხელ ეს ჩემს გადაცემაშიც ვთქვი და უცნობმა ქალბატონმა მომწერა: შვილო, ექიმს გაესინჯე, ჩიყვი ხომ არ გაქვსო?.. ვტირი, როცა ბიჭი ლექსს მაგრად კითხულობს, მაგრად მღერის; ვტირი, როცა ვიღაც ძალიან ბედნიერია ან ძალიან უჭირს. მოკლედ, ვტირი ყველაფერზე, რაც ჩემში ემოციას იწვევს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ოჯახია.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ნიკა წულუკიძემ. ნიკა სამუშაოდ ჩემთან გადმოდის და აწი სულ კარგ ხასიათზე ვიქნები (იცინის).
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...ხშირად მივდივარ. პირად ცხოვრებასა და კარიერაშიც ხშირად ვდგამ რისკიან ნაბიჯს. ვფიქრობ, ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა. საერთოდ, როცა რისკზე წასვლაზე უარს ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, რაღაცის გეშინია.
- მეშინია...
- ...ადამიანების დაკარგვის და ამ შემთხვევაში მხოლოდ გარდაცვალებას არ ვგულისხმობ.
- ვეპრანჭები...
- ...ვაიმეეე!!! რამდენი ხანია, აღარ ვიპრანჭები. ეს რა კარგი რამ გამახსენე.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...თუ ვატყობ, რომ მლიქვნელობაა, ვღიზიანდები, მაგრამ თუ საქებარი სიტყვები გულწრფელია, მსიამოვნებს. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...
- ...ახლობელი ადამიანების გარდაცვალებაა.
- არ მჩვევია...
- ...პირფერობა.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...პირდაპირობისა და უხეშობის გამო.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...მოვატყუო ადამიანი ან ვუთხრა ის, რასაც მასზე არ ვფიქრობ.
- არ მრცხვენია...
- ...სისუსტეების აღიარების, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკის; ბევრ ისეთ კითხვაზე პასუხის გაცემის, რომელიც შეიძლება, ვიღაცას ვერც კი დაუსვა.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატებ.
- ცხოვრებას ვილამაზებ...
- ...ჩემი საქმით, "ნანუკას შოუთი".
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ახლობელმა მითხრა: შვილო, ყველას რომ საკუთარი ცოდვა გაუხსენო, ცხოვრებაში მარტო დარჩებიო.
- ვერ დავიჯერებ, რომ...
- ...ოდესღაც გავიღვიძებ და ირაკლისთან ერთად აღარ ვიქნები.
- ყოველთვის ძალიან განვიცდი...
- ...იმ ყველაფერს, რაც ჩემი ოჯახის წევრებს უკავშირდება.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...ცხოვრებაში მთავარი გულწრფელობაა! ინტერვიუ დასრულდა? გული დამწყდა. ამ რუბრიკის რესპონდენტობა ძალიან საინტერესო ყოფილა.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)