სამი წლის ბრიტანელი შერვინ შარაბი, რომელიც ქალაქ ბარნსლიში ცხოვრობს, საერთაშორისო "გენიოსთა საზოგადოების" Mensa-ს სიაში მოხვდა. ეს საზოგადოება მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ადამიანებს აერთიანებს.
ამ პატარა ბიჭმა IQ-ს ტესტში 136 ქულა აიღო. საშუალო სტატისტიკური ადამიანის IQ-ს მაჩვენებელი 100, ხოლო ჭკვიანი ადამიანის IQ-ს მაჩვენებელი 136 ქულაა.
შერვინმა ლაპარაკი 10 თვის ასაკში დაიწყო. წლინახევრისა უკვე თავისუფლად საუბრობდა რთული წინადადებებით. ახლა კი, სამი წლის ასაკში 200-მდე დათვლა იცის, რუკაზე ყველა ქვეყანას და დროშას ცნობს.
"საოცრად ერუდირებულია, აბსოლუტურად ყველაფერი იცის. არ უყურებს მულტფილმებს და ხშირად ადევნებს თვალს ახალ ამბებს. მე არასდროს ვაძალებდი რაიმეს სწავლას, თვითონ ითვისებს ყველაფერს", - განაცხადა პატარა ვუნდერკინდის დედამ, 26 წლის ამანდა შარაბიმ.
ინტელექტის ასეთი მაღალი დონე ასეთ პატარა ასაკში იშვიათი შემთხვევაა. ბრიტანეთში Mensa-ს წევრი 22 000 ადამიანია და მათგან მხოლოდ 100-მდე წევრია 10 წელზე ქვემოთ.
მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.