ქართული პოლიტიკა რომ დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან სერიალს ჰგავს, გასულმა კვირამაც დაადასტურა. მოვლენები ერთნაირად დინამიკურად ვითარდებოდა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ არენაზე. პრემიერმა დავოსიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით კულუარული თამაშისთვის გააკრიტიკა და განმარტა, რომ სწორედ ამას შეეწირა ალასანიას ვიცეპრემიერობა.
პრემიერს კი, სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი აკრიტიკებდა და ევროპელებს "აშინებდა" - საქართველოს ახალი ხელისუფლება დასავლურ მისწრაფებებს ხელს შეუშლისო. სტრასბურგშივე შედგა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" წარმატებული კოჰაბიტაცია - დელეგაციაში შემავალმა ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს იმაზე, რომ ასამბლეას საქართველო-რუსეთის ომის თემაზე მკაცრი რეზოლუცია მიეღო. შემდეგ კი ევროსაბჭოში შიდაქართული დაპირისპირება გაგრძელდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, "ნაციონალებმა" ევროპის სახალხო პარტიის დელეგატების დახმარებით მოახერხეს და მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციაში საქართველოს საკითხიც ჩასვეს, რომლის მიხედვით, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. პოლიტოლოგი კოტე ჟღენტი "ნაციონალებს" ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ ზემოხსენებული რეზოლუციის მიუხედავად, საზმაუწყებელთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მაინც განხორციელდება.
- პირველ რიგში, იმ რეზოლუციაზე ვისაუბრებ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო-რუსეთის ომის საკითხზე მიიღო. ძალიან კარგია, რომ რეზოლუციაში ჩაიდო ის, რაც ქვეყნის ინტერესებშია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. იყო მომენტი, როცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, - გვაქვს ინფორმაცია, რომ დელეგაციაში მყოფ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეზოლუციის პროექტში რაღაცის შეცვლა უნდათო. კიდევ ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი - უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათთან დაახლოებულმა ე.წ. ექსპერტებმა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, ეს მაინც არ შესრულდებაო. შევახსენებ მათ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები აუცილებელი შესასრულებელი არც არის და მას რეკომენდაციის ხასიათი აქვს.
მეორეც - როდესაც ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს იღებდა ასამბლეა რეზოლუციებს და ვინმეს წამოსცდებოდა - სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს მექანიზმები, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რეზოლუციაში დაფიქსირებული პრინციპების შესრულება აიძულოსო, ამბობდნენ, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯიაო. ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე და ამას ყველა ხედავს. რაც შეეხება მეორე რეზოლუციას მედიის თაობაზე - ის ეფუძნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ერთხელ თქვა პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლებელია, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სხვა ტელევიზიას შეუერთდესო. პრესკონფერენციაზე ერთხელ ნახსენები რეზოლუციაში რომ მოხვდება, ნიშნავს, რომ ეს "ნაციონალების" მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. იგივე შეიძლება ითქვას რეზოლუციის ყველა იმ ნაწილზე, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეხება. არადა, ყველამ ვიცით, ვის კონტროლს ექვემდებარებოდა "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც ნამდვილად "ნაციონალური" ტელევიზია იყო და, სამწუხაროდ, დღემდე ასეა.
- გადაუმოწმებლად რატომ უჯერებენ "ნაციონალებს"? სხვათა შორის, თუ ტექსტებს შევადარებთ, რეზოლუციაში თითქმის ზუსტად აისახა ის, რაც "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
- გარდა ლობირებისა თუ პირადი კონტაქტებისა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ - ვერ ვიტყვით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები დღედაღამ საქართველოზე კითხულობენ, ფიქრობენ და მიმდინარე პროცესებში ღრმად არიან ჩახედული. ევროპაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი უფრო თავიანთ პრობლემებზე ფიქრობენ, ვიდრე იმაზე, რა ხდება საქართველოში. ისინი უჯერებენ იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად 9 წლის განმავლობაში დადიოდნენ სხდომებზე. სჯერათ მათი და ზოგჯერ თავს არ იწუხებენ გადამოწმებით. ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ - ბოლომდე მივა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული ცვლილება - იგი რეალურად გადაიქცევა ხალხის ტელევიზიად და "ნაციონალური" ბორდი შეიცვლება.
- ანუ ივანიშვილის გუნდს დრო სჭირდება, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მათეულმა ვერსიამ საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა დაიმსახუროს?
- დროც სჭირდება. ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის პიარს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მისთვის მთავარი საქმის კეთებაა. როგორც ჩანს, ეს მიდგომა მთლად სწორი არ არის - დღევანდელ მმართველ ძალას გაძლიერება სჭირდება იმ კუთხით, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ თავისივე მოსახლეობამდე მიიტანოს ინფორმაცია გაკეთებულ საქმეებზე.
- რეზოლუციების დამტკიცებამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. მან ბევრ საკითხზე ისაუბრა, თუმცა მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ახალი ხელისუფლება ევროპულ მისწრაფებებს ხელს შეუშლის. ჰქონდა წიაღსვლებიც, მაგალითად, ის, რომ საქართველოში ოპოზიციას აშინებენ და ის პრემიერზე უკეთესად ლაპარაკობს რუსულად.
- ეს იყო არა ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა, არამედ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალის ლიდერისა, რომელიც თავს ესხმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას და მის ხელმძღვანელს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას უნდა ისაუბრო ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და მისი გაუვნებლების გზებზე. სააკაშვილმა ოკუპაციაზეც ილაპარაკა და ტაშიც დაიმსახურა, როცა რუსი დეპუტატის კითხვას უპასუხა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ რუსეთთან მართალი ვართ - ეს ქვეყანა მართლაც ოკუპანტია, მართლაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და საქართველო არ აპირებს ამასთან შეგუებას. ასევე, ახალ ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი უცვლელია და ეს ასეც არის. შესაბამისად, არც თავის მოტყუება და არც ვინმეს მოტყუებაა საჭირო, თითქოს ქვეყანა საგარეო კურსს იცვლის. თუმცა სტრატეგია შეიძლება იყოს იგივე, მაგრამ ამ სტრატეგიის მიღწევის ტაქტიკა - სხვადასხვაგვარი. სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ მეზობელ რუსეთთან დღეს არსებული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ურთიერთობები გამოსასწორებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია. ამის მიუხედავად, თუ გვინდა ამ ტერიტორიების დეოკუპაციას მივაღწიოთ, ეს მხოლოდ რუსეთთან დიალოგით განხორციელდება.