სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის გაფიცვის გაგრძელებასთან დაკავშირებით უთანხმოებაა.
კერძოდ, მძღოლების ნაწილს მუშაობის განახლება სურს. როგორც აღნიშნული მძღოლები პირად საუბრებში ყვებიან, გაფიცვის შეწყვეტას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაფიცულთა ერთი ჯგუფი. ერთ-ერთი მძღოლის თქმით, ვაგზლის მოედანი-ლილოს ხაზის მიკროავტობუსების მძღოლები მუშაობის განახლებას აპირებდნენ, თუმცა ზემოხსენებულმა ჯგუფმა ამის საშუალება არ მისცა.
"უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახში ფული არ შემიტანია. არადა, ოჯახი სარჩენი მყავს. ჩემს დღეშია მძღოლთა უმრავლესობა. რამდენიმე ხაზის მძღოლები მუშაობის განახლებას აპირებდნენ, თუმცა სხვა მძღოლებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მანქანის დამტვრევით დაემუქრნენ, ბოლომდე უნდა გამოგვიცხადოთ სოლიდარობაო. ძალიან გვინდა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, მაგრამ რა ვქნათ, რომ ოჯახი მშიერი გვრჩება", - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
ასევე, მძღოლები პირად საუბრებში იმასაც აცხადებენ, რომ მძღოლების ნაწილი მერიასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლამდე საკუთარი ავტომანქანებით ტაქსაობს.
"რა უნდა ქნან იმათ, რომლებსაც მანქანა არ ჰყავთ?!", - აღნიშნავენ მძღოლები.
თბილისში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები უკვე მეოთხე დღეა, გაფიცული არიან.