"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა, მისი მოადგილე დავით ჩხაიძე და ნუგზარ ღლონტი ლანჩხუთს რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. სამივე მათგანი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია.
რატომ დაიბარეს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი პირები პოლიციაში, ამაზე კომენტარს მხოლოდ ნუგზარ ღლონტი აკეთებს, დავით ჩხაიძე უარყოფს ინფორმაციას, კახა ასკურავა კი კომენტარს არ აკეთებს.
"სტადიონთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, მე ვიყავი ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც ჩავიბარე ეს ობიექტი. რაც ხელშეკრულებით იყო, ის ნორმალურად არის ჩაბარებული. როდის დაიწყო მშენებლობა, ვინ იყო მშენებელი და ამაზე მომიწია პასუხის გაცემა. ვერ გეტყვით რა კუთხით მიმდინარეობს გამოძიება. არ არის გამორიცხული, რომ გიორგი გოგუაძეც დაიკითხოს, გამგებელი იყო იმ პერიოდში, თუმცა ის შვებულებაში იყო და ხელი არ აქვს მგონი მიღება-ჩაბარების აქტზე მოწერილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიბარონ. დაიბარებენ ალბათ. მგონი, მე მეტს აღარ დამიბარებენ, თუ დამიბარებენ მივალ, არაა პრობლემა" - ამბობს ნუგზარ ღლონტი.