ის, რომ ერთი და იგივე ობიექტი რამდენჯერმე გაძარცვო, მინიმუმ გამბედავი ხარ და თავზეხელაღებული მძარცველების შესახებ გადაღებული ფილმებიც ნანახი გაქვს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ობიექტის პატრონი ბრიყვია და იღბალიც ყოველთვის შენს მხარეს იქნება.
მგონი "ზედმეტი" მოგივიდა ძმაო - ამ სიტყვებს გულწრფელად ვეტყოდი ახალგაზრდას, რომელმაც მეტროსადგურ "სამგორთან" პრესის ჯიხური ზედიზედ 5 ჯერ გაძარცვა, და მხოლოდ ბოლო ცდაზე არ გაუმართლა. არ გაუმართლა იმიტომ, რომ ეს ჯიხური "მედია პალიტრის" შემადგენლობაში შემავალი პრესის გამავრცელებული ჯიხურების ქსელ "ელვა მარკეტს" ეკუთვნის, "მედია პალიტრაში" კი მოგეხსენებათ ფოტო და ვიდეო ტექნიკის გამოყენება საკმაოდ კარგად იციან.
მძარცველი, რომელსაც სიგარეტის მოწევა უფრო ცუდ ჩვევაში გადაეზარდა და "ელვა მარკეტის" ჯიხურს თამბაქოს ნაწარმის და ფულის მოსაპარად 5-ჯერ მიაკითხა, თანამზრახველთან ერთად სამართალდამცავებმა 26 იანვარს დააკავეს. გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარა მეპატრონეების მიერ ჯიხურში დამონტაჟებული ფარული კამერით გადაღებული მასალა, სადაც ძარცვის სრული პროცესია დაფიქსირებული და მძარცველიც კარგად ჩანს. (იხილეთ ვიდეო)
როგორც "ელვა მარკეტის" დირექტორი, ვახტანგ მაისურაძე ამბობს, ძარცვის ხუთივე შემთხვევის შედეგად, დაახლოებით 5 000 ლარის ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ზარალის დაბრუნებაა. ამასთან, სურს შესაძლო დაუპატიჟებელ სტუმრებს შეახსენოს, რომ სარისკო თამაშისგან თავი შეიკავონ.
ვახტანგ მაისურაძის თქმით, მისი თვითმიზანი ახალგაზრდის ციხეში ჩასმა არ არის, თუმცა კეთილი ნების მიუხედავად, სამართლებრივად საქმე სხვაგვარად არის.
ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით თ. -ს წინააღმდეგ, რომელიც 1992 წელს არის დაბადებული, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.