76 წლის ზუგდიდელმა მურმან როგავამ თითქმის 6 წელი გაატარა ციხეში. იქიდან კი ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული გამოვიდა. ყოფილ პატიმარს მუხიანში, ნაქირავებ ბინაში შევხვდი.
მურმან როგავა: - 1997 წლის ბოლოს მე და ჩემმა ნათესავმა ზუგდიდში ტერიტორია შევიძინეთ. გვინდოდა ხილ-ბოსტნეულის სავაჭრო ცენტრი აგვეშენებინა. ის იყო, დასუფთავება დავიწყეთ, რომ პროკურატურაში როლანდ ახალაიამ დამიბარა (მაშინ რიგითი პროკურორი იყო) და მითხრა, წილი მეც მინდაო. მაშინ ყველაფერს ძალოვანები აკონტროლებდნენ და ვუთხარი, თუ წილი გინდა, შემოგიამხანაგებთ, და შენი ფულით შემოდი-თქო. ფული არა მაქვსო, მომიჭრა სიტყვა. პროკურორი კაცი ხარ, გავლენა გაქვს და სამშენებლო მასალით მაინც შემომეშველე-მეთქი. არც ეს მაქვს, წილში ისე უნდა ჩამსვა, თანაც ყველაფერი დოკუმენტურად უნდა გამიფორმოო. მაშინ მივახალე, არაფერსაც არ მოგცემ-მეთქი. ამ დიალოგს ჩემი მეწილეც ესწრებოდა.
მითხრა, ეს არ მოგვეშვება, ამ საქმიდან უნდა გავიდეო. მარტო დავრჩი, სარემონტო ფული არ მქონდა, მთელი თანხა ტერიტორიის შესყიდვაში წავიდა. ამიტომ მისი გაყიდვა გადავწყვიტე, მაგრამ მყიდველიც არ გამოჩნდა. ცოტა ხანში როლანდ ახალაიას საქმე ცუდად წაუვიდა - გამწარებულმა თანამშრომლებმა კარი აუჭედეს. ამასობაში მე პარტნიორები მოვიძიე, ბიზნესი ავაწყვე და 310-ადგილიანი ბაზარი გავაკეთე. 2004 წელს კი ყველაფერი თავდაყირა დადგა... ახალაია დაბრუნდა... მოულოდნელად სამსახურში უშიშროების თანამშრომლები მოვიდნენ - აქ ხელყუმბარა ინახებაო. ეზოში ვაგონი იდგა, სადაც ოთახი მქონდა მოწყობილი. ერთ კუთხეში ჭურჭელი მელაგა და დავინახე, ხელყუმბარა როგორ ჩადეს. ავტეხე ერთი ამბავი, მათთვის ავტომატის წართმევაც კი დავაპირე. დამაკავეს. არც ერთ დოკუმენტს ხელი არ მოვაწერე, მაგრამ ინფარქტგადატანილ კაცს შეტევა მომცა და ზუგდიდის საავადმყოფოში გადამიყვანეს. მეორე დღეს სამთვიანი პატიმრობა მომისაჯეს. იქიდან თბილისში, "რეზბალნიცაში" გადმომიყვანეს.