ქალების ცნობილმა გულთამპყრობელმა მსახიობმა მიშა გომიაშვილმა წლების წინ მასთან ინტერვიუზე მისულს ეს მშვენიერი ქალბატონი, პროფესიით ჟურნალისტი მაკა თვალჭრელიძე გამაცნო, - ფისო (ასე ეძახდა მეუღლეს - ავტ.) ჩემი უკანასკნელი და ნამდვილი სიყვარულია, ჩემთან ინტერვიუზე მოვიდა და აღარ გავუშვიო. მათმა თანაცხოვრებამ ხუთ წელს გასტანა. როგორც მაკა ამბობს, ეს რეკორდი იყო მიშასთვის. შემდეგ კი მსახიობმა "უკანასკნელ სიყვარულს" გამოუცხადა, სხვა შემიყვარდაო და წავიდა. ეს სხვა დიზაინერი ქეთი კალანდაძე გახლავთ. კულუარული ინფორმაციით, მსახიობი მასაც დაშორდა. მაკა დიდხანს დუმდა. შეიცვალა ტელეფონის ნომერი, აკრძალა ინტერვიუები, არ ურთიერთობდა მეგობრებთანაც კი. მას ჩვენ რუბრიკისთვის "ძლიერი ქალი" დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ სალაპარაკო მართლაც ბევრი დაუგროვდა და პირად ამბებზე გულახდილად ისაუბრა.
- მაკა, როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ?
- ასე ამბობენ ჩემზე, თუმცა თავი ძლიერად არ მიმაჩნია. მარტო როცა ვრჩები, სუსტი ვარ. ისე არ გამიგოთ, რომ გარშემო მყოფებთან ვთამაშობ. უბრალოდ, არ მიყვარს ჩემი პრობლემების ხაზგასმა. არასდროს ვაჩვენებ სხვას, რომ რაიმე მიჭირს, სხვების თანდასწრებით არ ვტირი. ის კი არა, როცა რომელიმე ჩემი მეგობარი თავისი პრობლემით მოდის, იქით ვაწყნარებ. გაჭირვების ტალკვესს მეძახიან. ეს ალბათ ძლიერი ხასიათია. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ოჯახი დამენგრა. არ არის დასამალი, რომ საშინელი სტრესი იყო ეს ჩემთვის. ერთი წლის განმავლობაში უკონტაქტო ვიყავი, ინტერნეტითაც კი არ ვსარგებლობდი. ტელეფონის ნომერიც კი შევცვალე, მაგრამ ღმერთის წყალობით დავძლიე სტრესი და გამოვედი ამ მდგომარეობიდან. ეს პირველი შემთხვევა არ იყო ჩემთვის.
- პირველად როდის დაგჭირდა ძლიერი ხასიათი?
- 18-20 წლის ასაკში. როცა აღმოვაჩინე, რომ არჩევანში შევცდი.
- იმ ასაკში ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავდა...
- მყავდა და მყავს კიდეც. ჩემი შვილი ხუმრობს ხოლმე ამაზე, თავის დაქალებს ეუბნება, აღარ წავიყვანოთ არსად, თორემ ჩვენ ვერ გავთხოვდებითო (იცინის).
- რა ასაკის არის თქვენი ქალიშვილი?
- 22 წლის არის ანასტასია იოსელიანი. ცოტა ხნის წინ რადიო "საქართველოს ხმის" მუსიკალურ რედაქტორად დაინიშნა. პროფესიით დიპლომატია, მაგრამ ეტყობა, დედას დაემსგავსა და ძალიან კარგი ჟურნალისტური მონაცემები აქვს.
- თაყვანისმცემლებს დავუბრუნდეთ, ურჩ თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებდი?
- იმ ასაკიდან, როცა მივხვდი რომ ქალი ვარ, დღემდე მათთან ურთიერთობის მეთოდი არ შემიცვლია. მართალი გითხრათ, უხეშად ვერაფერს ვეუბნები ადამიანებს, რომლებიც სიმპათიასა და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ, ძალიან მიჭირს. რა დააშავა იმ ადამიანმა, თუ მე არ მომწონს? თუმცა ბოლო დროს, ეტყობა ნერვების ბრალიც არის, თან ცოტა ასაკიც მომემატა (ეღიმება) და ცოტა ვბრაზდები ხოლმე, ზოგს ტელეფონში დაბლოკვა უწევს, ზოგს - ინტერნეტსაიტზე.
- ასაკი მომემატაო, მითხარი. გაგვიმხელ ასაკს?
- რატომაც არა, 43 წლის ვარ. არასდროს დამიმალავს ასაკი. პირიქით, მომწონს, ასაკის გამხელას გაოცებული თვალები რომ ახლავს ხოლმე თან.
- ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე თუ მშობლებთან შეთანხმებით?
- პატარები ვიყავით, 18 წლისანი. იან იოსელიანი ჩემზე თვეებით უმცროსი იყო. პოლონელი ბებია ჰყავდა, რომელმაც გაზარდა და დედამ მის პატივსაცემად დაარქვა პოლონური სახელი. ერთმანეთი კაფეში გავიცანით. ჩემ წინ მაგიდას მიუჯდა. შემომხედა და მაგარი თვალები გაქვსო, მითხრა. ანგელოზივით ბიჭი იყო და არის დღესაც. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პატარები ვიყავით, მერე იმიტომ, რომ გზაზე დასაყენებელი იყო და ოჯახს ვერ შეინახავდა. დედა ჩუმად გამომყვა ერთხელ და ასე გაიცნო იანიკა. ლექციები გავაცდინეთ, გზაზე გადავდიოდით, უკან მოვიხედე და დედაჩემი დავინახე (იცინის). მამაჩემს მე თვითონ გავაცანი შეყვარებული. ხელი რომ ჩამოართვეს ერთმანეთს, სწორედ იმ მომენტში მოხდა სპიტაკის მიწისძვრა (იცინის). მოეწონა მამას, არ შეიძლებოდა იანიკა არ მოგწონებოდა. კარგად გაზრდილი ბიჭი იყო, ისეთი მანერები ჰქონდა 18 წლის ბიჭს, ჟოფრეი გაგახსენდებოდა. ჯარში რომ წავიდა, იქიდან დედამისს ურეკავდა, წამომიყვანეთ აქედან, მაკას მოიტაცებენ და თავს მოვიკლავო. ცოტა ხნით ჩამოვიდა ჯარიდან და გავიპარეთ. ორ წელიწადში დავშორდით ერთმანეთს.
- მიზეზი რა იყო?
- პარადოქსია, მეცინება კიდეც ამაზე, მთელი ცხოვრება მართლა ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არავის ცუდად არ შემოუხედავს ჩემთვის, ყველას სერიოზული გრძნობა ჰქონდა ჩემ მიმართ, მაგრამ ყველა კაცი ქალის გამო მტოვებს. იმან არ დამტოვა, მე დავტოვე, მაგრამ მიზეზი ქალი იყო. თანაც იცით, რა მიკვირს, როცა ქალის გამო ოჯახს ანგრევ, წინამორბედზე უკეთესი მაინც ხომ უნდა იყოს!
- ეს ერთჯერადი ურთიერთობა იყო, თუ სერიოზული გრძნობა და ამიტომ დაშორდით?
- სერიოზულად იყო საქმე, თუმცა დღესაც სიყვარულს მიხსნის, ვერ ინანიებს იმ დანაშაულს. მიშას დროსაც კი მეუბნებოდა, არ მაინტერესებს ქმარი გყავს თუ არა, ჩამოვალ და შენ ისევ ჩემი ცოლი იქნებიო.
- როცა ძალიან უყვართ, ღალატსაც ხომ პატიობენ?
- მეც ვპატიობდი მიშას. ჩემი მეგობრები ამის გამო შოკში იყვნენ. ჩუმად როგორ ხარო, მეუბნებოდნენ. მქონდა იმის უფლება, რომ ხმა ამომეღო ან მუშტი დამერტყა მაგიდაზე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ცოლი არ ვიყავი მიშასთვის. დედები ვერ უკეთებენ შვილებს იმდენს, რამდენსაც მე მას ვუკეთებდი. იმ ქალს ვკითხე კიდეც, დარწმუნებული ხარ, რომ მის მოვლას შეძლებ-მეთქი?
- როგორ გაიგე სხვა ქალის არსებობის შესახებ?
- მიშამ თვითონ მითხრა, სხვა შემიყვარდაო. მიშას ქალებთან დამოკიდებულების ამბავი საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ იცის. ყველა ჯერზე ამბობს, რომ ეს მისი უკანასკნელი სიყვარულია. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ეს მიშას რეკორდია. თან არასდროს მიშა ისეთ ფორმაში არ ყოფილა, როგორც ჩემთან ყოფნის დროს იყო, ჩემი ნერვების ფასად. მაგრამ მე ეს მინდოდა და ვაკეთებდი. თვითონ მე მიშას არასდროს დავტოვებდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზეზი მქონდა. იმის მიზეზიც მქონდა, რომ მასთან მეცხოვრა და ის ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც მისთვის ვაკეთებდი. მიშამ ისე დამტოვა, მოსაკლავი იყო, მაგრამ ერთი სიტყვა არ დავაცდენინე არავის. ვერც ერთი ჩემი მეგობარი მასზე ჩემთან ცუდს ვერ იტყვის დღესაც (აქ ჩემს რესპონდენტს ცრემლი მოერია - ავტ.).
- მაკა, მესმის რომ ძალიან პირადულ თემებს ვეხებით... თუმცა შენ თქვი, რომ იმ ქალს შეხვდი, ვის გამოც ქმარმა მიგატოვა...
- (მაწყვეტინებს - ავტ.) სიმართლე გითხრათ, ქმრის საყვარლებთან მივარდნები ჩემი სტილი არ არის. იმ პერიოდში ექვსი თვის განმავლობაში მიშა ჩემგან რამდენჯერმე წავიდა და დაბრუნდა. პირველივე დღეს, როცა ამ ამბის შესახებ გავიგე, ნივთები ჩავულაგე. კაცი რომ გეტყვის, სხვა ქალი შემიყვარდაო, მის გვერდით წოლა, რბილად რომ ვთქვა, მთლად კარგი საქციელი არ არის. ერთხელ მითხრა, დამტენი მომაწოდე, ტელეფონი დამიჯდა, ქეთუშას უნდა დავურეკოო. ჩემი ხელით შევუერთე ტელეფონი, უკვე ყველაფერი ნათელი იყო. იმ პერიოდში იღებდნენ ფილმს "დარჩი ჩემთან". მორიგი შერიგება შემომთავაზა. თავის ძმასთან ერთად მოვიდა, ჩამეხუტა, ყველაფერი დამთავრდა, მივხვდი, რომ შენ მიყვარხარო, მითხრა. ფხიზელი იყო. დავიჯერე, რადგან მიშას კარგად ვიცნობ და მივხვდი, არ ტყუოდა. გავიდა დრო, არაფრით არ მოასვენა იმ ქალმა. თან იცოდა, რომ სახლში იყო მიშა და გვერდით ცოლი ჰყავდა. გაუთავებლად ურეკავდა. მიშაც ჩაიკეტა, აღარაფერს ამბობდა. ტყუილში ვეღარ ვიცხოვრებდი. უნდა გამერკვია ყველაფერი, მშვიდად მინდოდა დავლაპარაკებოდი იმ ქალს, წავედი. ჩემი შვილი და ჩემი დაქალი გამომყვნენ. სამსახურში მივაკითხე. გარეთ იდგა, სიგარეტს ეწეოდა. რომ დამინახა, შიგნით შესვლა გადაწყვიტა, ერთი წუთით, ვერ მიცანით, მიშას ცოლი ვარ-მეთქი, ვუთხარი. ამის თქმა იყო და დაიწყო ყვირილი, მე რა შუაში ვარ, შენს ქმარს მოჰკითხეო. ვეღარ მოვითმინე და უხეშად ვუყვირე. მერე ჩემი მეგობარი ესაუბრა - სისულელეებს ამბობდა. ვუყვიროდი, ცოლიან კაცს რაჭაში რომ წაჰყევი გასტროლებზე, ეგ ნორმალურია-მეთქი?.. რაჭაში იყვნენ გასტროლებზე, ზურა ყიფშიძეს ცოლი ჰყავდა წაყვანილი, ალეკო მახარობლიშვილსაც და ჩემს ქმარს საყვარელი ახლდა. ალეკოს რომ დავურეკე, მიშა ხომ არ სვამს-მეთქი, დაიბნა კაცი, ენა ჩაუვარდა. მე სულელი ისევ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი. 45 წლის ქალი პირდაპირ სუფრაზე ეზასავებოდა თურმე ჩემს ქმარს. ხალხი დაშოკილი ჩამოვიდა იქიდან. წყობიდან გამოვედი, ეს ყველაფერი გავახსენე, ახლა როგორ უნდა შებრუნდე სამსახურში, არ გრცხვენია, შენს ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში-მეთქი. დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი, ეს მისთვის ნამდვილი სიყვარული იყო, ხმას არ ამოვიღებდი.
- იქნებ მართლაც უყვარდათ ერთმანეთი?
- ასე რომ ყოფილიყო, დღესაც ერთად იქნებოდნენ. ვერ გაუძლო, ეს მე ვიყავი, კუდში რომ დავდევდი მიშას. ქუჩა-ქუჩა ვეძებდი, ნასვამი თუ იყო, რა დამაძინებდა. მასთან ცხოვრობდა მიშა, ერთმა ადამიანმა რომ დამირეკა და მითხრა, ბაღში სკამიდან ჩამოვარდნილი ვიპოვეთ და ჩვენ წავიყვანეთო, ამ საუბრის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, ვიტირე, დედაჩემს ვუთხარი, ზედმეტი მომივიდა, დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდი-მეთქი. ჩემმა მეგობარმა გამაჩერა, შენ ხომ არ გაგიჟდიო. მერე ათ დღეში მიშა სახლიდან გავიდა, ორ საათში მოვალო, თქვა და აღარ მოსულა... ეს არის სიყვარული? შედით "ფეისბუქის" მის გვერდზე, რა მდგომარეობაშია. მე ჩემმა მეგობარმა მითხრა, მისი ფოტოები ნახეო. გავგიჟდი, ეკრანზე მქონდა გაშლილი მისი ფოტო და სამი დღე და ღამე ვტიროდი. ეს არის სიყვარული?..
- ახლა სად არის მიშა?
- ჩემი ინფორმაციით, ნარკოლოგიურშია. რაც ჩემგან წავიდა, ყოველ ორ კვირაში ნარკოლოგიურშია. ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და მათგან ვიგებ ამბავს.
- როცა მიხვდი, რომ საბოლოოდ წავიდა შენგან, როგორ გადაიტანე?
- მაგას ვამბობდი სწორედ ინტერვიუს დასაწყისში. ვახერხებ მდგომარეობიდან გამოსვლას. დედაჩემს ვთხოვე, რამდენიმე დღე ჩემს ოთახში ვიქნები და ნუ შემაწუხებთ-მეთქი. მთავარია, რეალობას თვალი გაუსწორო, გააანალიზო, რა მოხდა და შეეგუო. შენ მაგივრად პრობლემას არავინ მოაგვარებს. ერთხელ, როცა ასე მარტო ვიყავი ჩემს ოთახში, საკუთარ თავს ვუთხარი, როგორ შეიძლება ვინერვიულო იმ ადამიანზე, რომელმაც ამ მდგომარეობისთვის გამიმეტა-მეთქი. ამ ფრაზას რამდენიმე დღე ვიმეორებდი.
- მაკა, დიდხანს იყავი ჩუმად... დღეს რატომ გადაწყვიტე ამ ყველაფრის თქმა, ბრაზმა გადაგიარა?
- გადამიარა (იღიმება).
- სიყვარულმაც გადაგიარა?
- არ ვიცი. ამაზე ხშირად ვფიქრობ. ზოგჯერ მგონია, რომ არ დამრჩა გრძნობა მის მიმართ. თუმცა ზოგჯერ, ცოტას თუ დავლევ, არ არის ჩემთვის ადვილი... ახლა პირველად ვილაპარაკე მასზე საჯაროდ. ჩემი ცრემლებიც ამით აიხსნება. ისეთი წამები აქვს მიშას ჩემთვის ნაჩუქარი, დეგენერატი უნდა იყო, ეს რომ დაივიწყო (ცრემლს იწმენდს - ავტ.).
(გამოდის ორშაბათობით)