ქალბატონი ნინო ქადაგიძე მეუღლემ, ტრაგიკულად დაღუპულმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სწორედ ინტელექტითა და განათლებით მოხიბლა. ნინო ქადაგიძე დღესაც გაოცებით ლაპარაკობს ზურაბ ჟვანიას წიგნისადმი სიყვარულზე... "რაც უნადა დაღლილი მოსულიყო შინ, საკითხავად მაინც პოულობდა ენერგიას", - იხსენებს ქალბატონი ნინო და ნატრობს, მათ შვილებსაც ასევე უყვარდეთ წიგნი.
- კითხვა მშობლებმა შემაყვარეს. კონკრეტული ნაწარმოები არ მოუციათ - ეს უნდა წაიკითხოო, უამრავი წიგნი მოჰქონდათ შინ და მეც მათში ვიქექებოდი. ბაბუაჩემი, დედის მამა, ბიბლიოფილი იყო და "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა კოლექცია ჰქონდა. შინ უწიგნოდ არ შემოვიდოდა. პლეხანოვზე ვცხოვრობდით და სასეირნოდ რომ წამიყვანდა, აუცილებლად შემიყვანდა წიგნების მაღაზიაში და რამეს მიყიდდა.
საკმაოდ ადრე დავიწყე კითხვა. 5 წლისამ "ტომ სოიერის თავგადასავალი" წავიკითხე. დღესაც მახსოვს ის განცდა... ისე ცხადად წარმოვიდგინე სასაფლაოზე მომხდარი ამბავი, რომ შემეშინდა და ოთახიდან თავპირისმტვრევით გამოვიქეცი. მახსოვს, "შვლის ნუკრის ნაამბობს" რომ ვკითხულობდი, ვიწექი და ვტიროდი... ჩემმა თაობამ ძალიან ადრე ისწავლა წერა-კითხვა და ბევრსაც ვკითხულობდით, რადგან მეტი გასართობი არ გვქონდა. დღეს ბავშვები უამრავ ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან. თუმცა, ადამიანი თანდათან ვითარდება და განსაზღვრულ ასაკში მაინც იწყებს სერიოზული ლიტერატურის კითხვას, რადგან გვერდს ვერ აუვლის იმას, რაც რეალურად წასაკითხია.
- ზღაპრები არ გიყვარდათ?
- ვგიჟდებოდი "პეპი გრძელწინდაზე", გაუთავებლად ვკითხულობდი. სამწუხაროდ, პეპის სამშობლოში, შვედეთში, არ ვყოფილვარ, მაგრამ ხშირად მიმოგზაურია მის სამყაროში. ყოველთვის მინდოდა, პეპის დავმსგავსებოდი. ეს არის სუპერადამიანი, საოცარი იუმორის პატრონი, ხალისიანი პიროვნება, რომლისთვისაც არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება და, ამასთანავე, ძალიან ადამიანური და გულჩვილია.
მოწაფეობისას რუსულმა კლასიკამ გამიტაცა. უფრო რომ წამოვიზარდე, ვკითხულობდი მარკესს, ბულგაკოვს, ჰესეს...
- უცხოურ ლიტერატურას რა ენაზე კითხულობთ?
- მიჭირს ინგლისურ ენაზე კითხვა, ამიტომ მირჩევნია, ქართულად და რუსულად ვიკითხო. ქართულ ენაზე ძალიან ცოტაა კარგი თარგმანი, ამიტომ უცხოური ლიტერატურის კითხვას რუსულ ენაზე ვამჯობინებ. თუმცა გვაქვს კარგი თარგმანებიც, მაგალითად, მაჩაბლის ნათარგმნ შექსპირს არაფერი შეედრება. მისი წყალობით რუსულად შექსპირი არც კი გადამიშლია.
- ნაწარმოების გმირებსა და საკუთარ თავს შორის საერთო თუ გიპოვიათ?
- ბოლოს ფედერიკ ბეგბედერი წავიკითხე და მის პერსონაჟებთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი, კულტურა აქვთ, მაინც უამრავი საერთო ვიპოვე. ყველაზე მეტად კი "იდეალისტის დღიურსა" და "სიყვარული სამი წელი გრძელდებაში" დავინახე ჩემი თავი.
- ბოლოდროინდელი საქართველო რომელ ნაწარმოებს გახსენებთ?
- სააკაშვილის უშუალო მმართველობის დროინდელი საქართველო ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმას" ჰგავს. დღევანდელზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით; ვნახოთ, რას მოუტანს ქვეყანას ახალი მთავრობა.
- თქვენმა განსვენებულმა მეუღლემაც, ალბათ, უწინარესად ინტელექტით, განათლებით მოგხიბლათ...
- სწორედ ამით (იღიმის). ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წინასაარჩევნო კამპანიაზე ვმუშაობდი. სწორედ იქ, სამუშაო ვითარებაში გავიცანი ზურა და როდესაც ალაპარაკდა, მაშინვე მივხვდი, რომ მოაზროვნე პიროვნება იყო. უდიდესი სიამოვნება გახლდათ ზურასთან საუბარი, მასთან ერთად მსჯელობა...
- ვინ იყო მისი საყვარელი მწერალი?
- უცნაურია, მაგრამ არ ვიცი... თუმცა შინ ჯერალდ დარელის უამრავი წიგნი ჰქონდა - უნივერსიტეტში ცხოველთა ქცევას სწავლობდა.. ღამის 2-3 საათზე რომ მოსულიყო შინ, წიგნისთვის მაინც პოულობდა ენერგიას. ჩემგან განსხვავებით, ზურა ინგლისურადაც თავისუფლად კითხულობდა, 1-2 დღე ჰყოფნიდა სქელტანიანი წიგნის წასაკითხავად.
- თქვენთვის წიგნი უჩუქებია?
- ჩემთვის არა, მაგრამ ბავშვებს რეგულარულად ჩუქნიდა. მახსოვს, ჩვენმა ქალიშვილმა, ლიზამ, ახალ წელს თოვლის ბაბუას წერილი მისწერა, გამომიგზავნე, რაც შენ გაგიხარდება, ოღონდ წიგნი არაო (იცინის). ლიზამ სერიოზული ლიტერატურის კითხვა ცოტა გვიან, 15-16 წლისამ დაიწყო, ბუსამაც - ამ ასაკში, ოღონდ ერთი მიმართულებით კითხულობს. მარიო პიუზოს "ნათლიას" ყველა ტომი გადაიკითხა (იცინის). მთავარია, რომ კითხვა ისწავლა, კითხვის კულტურას ეზიარა. ჩვენს ოჯახში ყველაზე მეტს ნაბოლარა ანჩო კითხულობს. ეს მისი სკოლის დამსახურებაა, სადაც კითხვის გაკვეთილებიც უტარდებოდათ. ჩემი შვილები ძირითადად ინგლისურად კითხულობენ.
- თქვენს გამორჩეულ თაროზე რომელ წიგნებს დააწყობთ?
- ვგიჟდები მაილს დევისის ბიოგრაფიაზე, აგრეთვე - ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტაზე", პილევინის "ჩაპაევის სიცარიელეზე", რომელიც რაღაცით ჰგავს ბულგაკოვს.
- თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს თუ ეცნობით?
- თავდაპირველად ძალიან მოვიხიბლე აკა მორჩილაძის ნაწარმოებებიით, განსაკუთრებით მომეწონა "გაფრენა მადათოვზე", დიდი იმედით შევცქეროდი, თუმცა დღესაც არ დამიკარგავს იმედი, რომ დაუბრუნდება თავის სამყაროს და იქ ჩვენც დაგვაბრუნებს.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)