რას საყვედურობს 16 წლით უმცროს ცოლს ბაკურ ბურდული

რას საყვედურობს 16 წლით უმცროს ცოლს ბაკურ ბურდული

მომღერალ ბაკურ ბურდულისა და მომავალი მსახიობის მარიამ მონიავას სიყვარულის ამბავი სოციალურ ქსელში დაიწყო. 16 წლით უფროსმა მომღერალმა ისე მოხიბლა მარიამი, რომ პირველი შეხვედრიდან ორ კვირაში ცოლად გაჰყვა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს - უფროსი გუჯა მსახიობი ბაბუის მოსახელეა, პატარა ნანუკა კი მხოლოდ თვე-ნახევრის წინ მოევლინა ქვეყანას.

ინტერვიუ ცოლ-ქმართან ცალ-ცალკე ჩავწერეთ. მას შემდეგ, რაც მარიამი "დავკითხეთ", უფლება მივეცით ქმრის ინტერვიუს დასწრებოდა. ოღონდ მინიშნებები და კარნახი ავუკრძალეთ. ზოგ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ბაკური ცოლისკენ თვალს რომ აპარებდა და მისგან ვერაფერს იგებდა, ბრაზობდა, ეს რა დესპოტი ჟურნალისტი შემოვუშვი სახლშიო. მინიშნება კი ნამდვილად არ სჭირდებოდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ცოლ-ქმრის პასუხების 99% დაემთხვა.

- სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?

მარიამი:

- ინტერნეტით გავიცანი ბაკური, "ოდნოკლასნიკში" ფოტოები შევუფასეთ ერთმანეთს. მომწერა, ძალიან ლამაზი ხარო, შენც კარგი ბიჭი ხარ-მეთქი, ვუპასუხე და ასე დაიწყო ყველაფერი. მანამდე ვიცნობდი როგორც მომღერალს. ჩემს სკოლაში ერთხელ მოიწვიეს კიდეც. რომ გითხრათ, მისი ფანი ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა სიმპათიები მქონდა. ერთმანეთს რომ შევხვდით, იმ დღიდან ორ კვირაში გავყევი ცოლად.

ბაკური:

- ხუთი წლის წინ მარიამის სკოლაში მიმიწვიეს, როგორც მომღერალი და იქ ვნახე პირველად, მაგრამ მაშინ ისე კარგად არ დამამახსოვრდა. უფრო ახლოს სოციალურ ქსელში გავიცანი. როგორც ხდება ხოლმე, მივწერეთ ერთმანეთს, ფოტოები შევუფასეთ და მერე შევხვდით.

- რა ეცვა, როცა პირველად ნახე? შენ როგორ გამოიყურებოდი?

მარიამი:

- შავი კედები, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მწვანე სპორტული ჟაკეტი და ძალიან ლამაზი შავი ქურთუკი, რომელიც, როგორც გავარკვიე, ლონდონში შეუძენია. მე ჯინსის ნაცრისფერი მოტკეცილი შარვალი მეცვა, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ზემოთ არ მახსოვს. თვითონ ეხსომება. ასე მითხრა, პირველად რომ გნახე, გავგიჟდიო...

ბაკური:

- შავი შარვალი ეცვა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზემოთ არ მახსოვს. მე ძალიან სპორტულად მეცვა. კედები, სპორტული შარვალი, შავი ქურთუკი.

- ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?

მარიამი:

- ორივე ერთდროულად გამოვტყდით. ინსტიტუტში ვიყავი ლექციაზე, მომწერა მომენატრეო. მე ვუპასუხე, მიყვარხარ-მეთქი და მეც მიყვარხარო, მომწერა.

ბაკური:

- ინიციატივა ჩემგან წამოვიდა, მაგრამ მარიამმა დამასწრო (იღიმის). მივწერე, მომენატრე-მეთქი და მიყვარხარო, მომწერა. ეს ყველაფერი წერილობით რომ არ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, ყველაფერს ვერ დაგეგმავ.

- ქორწინების თარიღი?

მარიამი:

- 2010 წლის 21 იანვარი.

ბაკური:

- 2010 წლის 21 იანვარს.

- თუ იცი რამდენჯერ ჰყვარებია შენამდე? შენ?

მარიამი:

- ბევრჯერ. სულ ამბობს, შეყვარებული როცა არ ვიყავი, კარგ სიმღერებს ვერ ვწერდიო. 34 წლის იყო, როცა ცოლად გავყევი. სამჯერ სერიოზულად ჰყვარებია და გატაცებებიც ჰქონდა, მე როგორც ვიცი, არაერთი. მე 19 წლის ვიყავი, ბაკურს რომ გავყევი, მაგრამ ერთი სიყვარულის ისტორია მეც მქონდა მანამდე.

- ე.ი. თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა არც ისე მცირეა...

- 16 წლით უფროსია ბაკური ჩემზე.

ბაკური:

- ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი ცოლი მომეყვანა, არავის არ ჰყვარებოდა მანამდე. მე როგორც ვიცი, ჩემამდე ერთხელ იყო შეყვარებული. მე აღარ მახსოვს (იცინის). ძალიან ბევრჯერ, ალბათ 10-12-ჯერ. 36 წლის ვარ უკვე.

- რისი გაკეთება ეზარება საოჯახო საქმეებიდან? შენ?

მარიამი:

- მე ძალიან ზარმაცი ვარ. ბაკური მეხმარება ყველაფერში. მეხმარებოდა ორივე ფეხმძიმობაზე, ბავშვების გაზრდაში, ღამითაც დგება, როცა საჭიროა. საჭმელებს აკეთებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კაცის საქმეები კარგად გამოსდის. ხომ ნახეთ თავად, როგორ ააგიზგიზა ბუხარი. მე რაც შემეხება, თითქმის არაფერს ვაკეთებ საოჯახო საქმეებიდან, კი მინდა, ვასიამოვნო ბაკურს, საჭმელი მოვუმზადო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობ, ორი წელია ზედიზედ ფეხმძიმედ ვარ, სახლიც ვალაგო და საჭმელებიც ვაკეთო, არ გამომდის.

- ვინ აკეთებს ამ ყველაფერს შენ მაგივრად?

- დედამთილი და ძიძა მეხმარებიან.

ბაკური:

- ორი წელია დავქორწინდით და სულ ორსულად არის. ამიტომ ვერ ვიტყვი, ეზარება თუ არ შეუძლია, აწი უკვე დავაკვირდები, პაუზა გვექნება გამრავლებაში ცოტა ხანს და გამოვცდი, ზარმაცია თუ არა (იღიმის). მე არ ვარ ზარმაცი. თუ საქმეს სჭირდება და სხვა არავინაა გამკეთებელი, გავაკეთებ.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?

მარიამი:

- ზღვის პროდუქტები უყვარს. ჩინურ რესტორანში გვიყვარს ორივეს ვახშმობა.

ბაკური:

- ახლა ისეთ დიეტაზეა... ისე, ჩინური სამზარეულო გვიყვარს ორივეს.

- რომელი უფრო დამთმობია თქვენ შორის?

მარიამი:

- ორივენი ჯიუტები ვართ. სულ ვამბობთ ხოლმე, ასე რომ არ გვიყვარდეს ერთმანეთი, ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივეჯერ რთული ფეხმძიმობა მქონდა, ცუდ დღეში მქონდა ნერვები, შეიძლება ვთქვათ, რომ ბაკური უფრო თმობდა. ვაღიარებ, რომ რასაც ბაკური იტანს, სხვა ქმარი ვერ აიტანდა.

ბაკური:

- მე. თუმცა არის საკითხები, სადაც საერთოდ არ ვთმობ.

- რას გსაყვედურობს ხშირად? შენ მას?

მარიამი:

- სიგარეტის მოწევას. მე ის არ მომწონს, რომ სუქდება. ახლა მომატებულია და მინდა დაიკლოს.

ბაკური:

- წონაში მოიმატე და დიეტა უნდა დაიცვაო. არ უყვარს, როცა ვსვამ. ზედმეტად ემოციური ვარ ამ დროს და იმიტომ, თუმცა უმიზეზოდ არასდროს გამოვხატავ ემოციებს. მე რაც შემეხება, ყველაზე მეტად მინდა, სიგარეტი არ მოსწიოს არასდროს.

- შენ არ ეწევი?

- მეც ვეწევი და ერთ დღეს ორივე ერთად დავანებებთ თავს.

- ბოლოს რაზე იკამათეთ?

მარიამი:

- ღამის ოთხი საათი იყო, ვთხოვდი პამპერსი გამოუცვალე-მეთქი ბავშვს და ვერ ადგა საწოლიდან. მაგრად ვიჩხუბეთ, აღარ შემიძლია-მეთქი, ვსაყვედურობდი.

- შენ რას აკეთებდი ამ დროს?

- ძუძუს ვაჭმევდი ბავშვს. ეს საწოლშიც მოსახერხებელია. ადგომა მეზარებოდა და ვთხოვდი, ადექი, გამოუცვალე-მეთქი და არ ადგა.

ბაკური:

- არ მახსოვს, კაი ხანია არ გვიჩხუბია.

- რა წიგნს კითხულობს ახლა? შენ?

მარიამი:

- ახლა არაფერს. თავის სტუდიას აშენებს აქვე სახლთან ახლოს და მთლიანად ამ საქმეებშია ჩართული. სახლში ორი ბავშვის პირობებში ვეღარ მუშაობს და ცდილობს სამუშაო გარემო შეიქმნას. მე ძირითადად პიესებს ვკითხულობ. ახლა "კალიგულას" ვკითხულობ, ინსტიტუტში ვდგამთ და...

- შენს პროფესიას ხომ არ აპროტესტებს ბაკური?

- არა, სპექტაკლშიც მითამაშია. ახლა გასტროლზე ვაპირებ წასვლას მარტო და არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა არის როლები, რომლებსაც არ ვითამაშებ. ის, რაც მიუღებელია ბაკურისთვის, მიუღებელია ჩემთვისაც. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუ მსახიობი ხარ, ყველაფერი უნდა ითამაშო.

ბაკური:

- ძირითადად პიესებს კითხულობს. ბოლოს კითხულობდა "სამანიშვილის დედინაცვალს" და ახლა კითხულობს "კალიგულას". მე ახლა ვერაფერს ვერ ვკითხულობ. ძალიან დაკავებული ვარ. სტუდიას ვაშენებ, ამიტომ მიწევს ელიავაზე სიარული, პარალელურად მაქვს რეპეტიციები.

- სად გაისეირნეთ ბოლოს მხოლოდ თქვენ ორმა?

მარიამი:

- ჩვენ თითქმის ყოველდღე გავდივართ ერთად სახლიდან, ან სტუმრად, ან რომელიმე რესტორანში, ან კლუბში. მყავს ძიძა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და გასვლის პრობლემა არ გვაქვს. ბოლოს ბაკურის დეიდაშვილთან ვიყავით სტუმრად.

ბაკური:

- ბოტანიკურში ვიყავით, მგონი, თუ ჩემს დეიდაშვილთან, ზუსტად არ მახსოვს.

- რას ვერ იმახსოვრებს? შენ?

მარიამი:

- მაღაზიიდ­ან მოსატანი პრ­ო­დუქტებიდან გა­მორჩება ხოლმე რა­იმე აუცილებლად. მაგალითად, დავაბარე ბანანი და კივი, ერთ-ერთი აუცილებლად დაავიწყდება. მე არ ვიცი, რა მავიწყდება, ბაკურს ემახსოვრება.

ბაკური:

- ზოგჯერ რაღაცები ავიწყდება, მაგრამ კონკრეტულად არ მახსოვს. მე მაღაზიაში ძალიან ვიბნევი, ერთი რაღაცის ყიდვა ყოველთვის მავიწყდება.

- რისი ფობია აქვს? შენ?

მარიამი:

- ერთხელ მითხრა, პარაშუტიდან გადმოხტომის მეშინიაო. სხვა არაფერი შემიმჩნევია. მე თვითმფრინავის ხმის მეშინია, იმდენად, რომ მაგიდის ქვეშ ვძვრები.

- რატომ?

- აგვისტოს ომის დროს აბასთუმნიდან მოვდიოდი, გორში გამოვიარეთ და ის ხმები მწარედ მახსოვს, მას მერე დამრჩა ეს ფობია.

ბაკური:

- თვითმფრინავის ხმის ეშინია. მე სიკვდილის მეშინია.

- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

მარიამი:

- მე ყველაფერი სიმართლე გითხარით და თუ ბაკურიც არ მოიტყუება, დაემთხვევა.

ბაკური:

- 90%-ით დაემთხვევა, ალბათ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება