უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქში" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალურ პასუხს აქვეყნებს, რომელიც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა ოფიციალური შეკითხვის პასუხად მიიღო. უმცირესობის წევრები მთავრობასა და "ენერგო-პრო-ჯორჯიას", ასევე მთავრობასა და "საპარტნიორო ფონდს", "ინტერ რაო ეეს"-ს, "თელასს", "მტკვარი ენერგეტიკას", "ხრამჰესი 1"-სა და "ხრამჰესი 2"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის დეტალებით ინტერესდებოდნენ.
წერილის თანახმად, ეს დოკუმენტები კონფიდენციალურია და შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე კომისიას მათი გასაჯაროება ეკრძალება.
"ეს, გურამ ჩალაგაშვილის ოფიციალური პასუხია, ჩვენს ოფიციალურ შეკითხვაზე. საქართველოს მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია! საინტერესოა, რის ფასად გაიაფდა დენი 3,5 თეთრით?
ახალი ხელისუფლება, ცოტა ხნის წინ საზეიმოდ გამოტყდა, რომ ხალხს ატყუებდნენ და ენგურჰესი არ გაგვიყიდია.
დიდი მადლობა!
ახლა ჩვენ გვაინტერესებს რა გაიყიდა?! რა ვალდებულებები გაუქმდა?! რას მალავს ხელისუფლება ზ.ა. შეთანხმებებში?!", - წერს გოგა ხაჩიძე.
ერთი თვის წინ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით გაფორმებული დროებითი მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის ტარიფები 3,5 თეთრით შემცირდა.
იხილეთ ასევე: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე დროებითი მემორანდუმი გაფორმდა
ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი იანვრიდან შემცირდება
კახა კალაძე - "3 თვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაიწიოს"