საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, გრიგოლ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან არ წავა. ამის შესახებ გრიგოლ ქათამაძემ უკრაინულ გამოცემა segodnya.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ქათამაძის განცხადებით, ამის თქმის საფუძველს რამდენიმე მიზეზი აძლევს. "ერთი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. მეორე - მას ჯერ ბევრი რამ აქვს კიდევ გასაკეთებელი და მესამე - ჯერ ის მხოლოდ 45 წლისაა", - განაცხადა ქათამაძემ.
მისი თქმით, ძალიან მოსწონს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ქვეყანაში ჩვეულებრივად ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობენ, თავისუფლად გამოთქვამენ თავის აზრს "და ეს ძალინ კარგია".
"ამ დროს რა ხდება თანამედროვე საქართველოში? პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოსახლეობის 98%-მა აირჩია, მკვდარია. მეორე აიძულეს პოსტი დაეტოვებინა. მართალია, საქართველოში ცხოვრობს, ინტერვიუებსაც იძლევა და მის წინააღმდეგ არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, თუმცა მაინც იზოლაციაშია. ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი უყვარს, ვიღაცას-არა. მე არ მესმის, საერთოდ რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი, თუმცა პატივისცემით მოპყრობა აუცილებელია",-განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, გრიგოლ ქათამაძემ განაცხადა, რომ ის უსურვებს საქართველოს პრემიერს, რომ შეძლოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ისე, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სახლემწიფოებრიობა და მოსახლეობა.
ქათამაძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებისთვის ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას.
რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხს, ქათამაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მას ძალიან სურს, ფიქრობს, რომ ახალ მთავრობას ეს არ გამოუვა.
"ძალიან რთულია თქვა, როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაწყდეს რუსეთთან, რომელმაც აღიარა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა და რომელიც აცხადებს, რომ ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა ქათამაძემ.
გრიგოლ ქათამაძეს რამდენიმე დღეში როტაციის ვადა ეწურება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის უკვე გამოიწვია. საგარეო უწყებას ჯერ მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია. თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ელჩის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მიხეილ უკლება შეცვლის.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.