საქართველოში ნაძალადევი კოჰაბიტაციია რთულად მიმდინარეობს. საახალწლო-საშობაო ზავი, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება საპატრიარქოში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა იყო, დიდხანს არ გაგრძელებულა. ყველაფერი "ძველ კალაპოტს" დაუბრუნდა: პროკურატურა განაგრძობს ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ სკანდალური მასალის გამოქვეყნებას, "ნაციონალური" ოპოზიცია კი პრეზიდენტის მეთაურობით ახალ ხელისუფლებას კრიჭაში უდგას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ერთმანეთთან დაპირისპირებული შტოების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები თუ ინიციატივები მთლიანად ამ პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიას ემსახურება. მაგალითად, ექსპერტებმა სწორედ ასეთი ტიპის ინიციატივებად შეაფასეს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები ეკონომიკური ამნისტიისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი გოგი ხუციშვილი და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის კანონპროექტებს დღის სინათლის ხილვა არ უწერია.
- პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ იმით არის განპირობებული, რომ ძველი ხელისუფლების დროს ჩადენილი ასეთი ტიპის დანაშაულის ამნისტირება მოახდინოს. როგორც ჩანს, "ნაციონალები" ელოდებიან ახალ სამართლებრივ პროცესებს, იციან, რომ ეს არ შეწყდება და უნდათ, დააბრკოლონ. ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ასეთი კანონის დამტკიცების შემთხვევაში გამოძიებას ხელი შეეშლება. ვგულისხმობ იმას, რომ მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს და თითოეულ საქმეს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
- შეიძლება თუ არა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ ინიციატივა უკავშირდებოდეს შიშს, რომ მალე, სავარაუდოდ, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყება?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიწყება. სწორედ ამის აღკვეთას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ, მაგრამ ვიმეორებ, არა მგონია, პარლამენტმა ამას მხარი დაუჭიროს.
- პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვას. სხვათა შორის, უფრო მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ, ჩემი მთავრობის დროს ასეთი მასალა არ ვრცელდებოდაო.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი სწორედ ძველი ხელისუფლების დროს არის გადაღებული და მას დაშანტაჟებისთვის იყენებდნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულთან არა გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაშიც მკაცრად არის განსაზღვრული, რა როგორ უნდა იყოს. ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროება დაუშვებელია. სხვათა შორის, მახსოვს, გაუპატიურებაზე თუ სხვა პირადი ღირსების შემლახავ ბევრ საქმეზე ისეთი მასალები გამოქვეყნებულა, რაც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს ინიციატივა პოლიტიკური თამაშის ნაწილია და შესაძლოა, ისევ და ისევ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს უკავშირდებოდეს. ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ადამიანის პირადი ცხოვრება სახელმწიფოს ჩარევისგან კანონით უნდა იყოს დაცული.
- საზოგადოების ნაწილმა ცნობილი ვიდეოფირის გავრცელებისთვის პროკურატურას უსაყვედურა. ამ სამართალდამცველი უწყების არგუმენტი კი დაახლოებით ასეთია, - რომ არ გაგვევრცელებინა, საზოგადოება არ დაიჯერებდა, ასეთი რამ რომ მართლაც ხდებოდაო.
- როდესაც საქმე დანაშაულს ეხება, ალბათ, ეს აღარც არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და გასაჯაროება შეიძლება დასაშვებად მივიჩნიოთ სამართლებრივი წესების დაცვით. საზოგადოდ, გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ ყველაფერს ტაბუ დაედოს. არის შემთხვევები, როდესაც ხალხს სჭირდება თვალსაჩინო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდებოდა.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი ციხის სკანდალის შემდეგ ყველაზე სკანდალური კადრებია. სხვათა შორის, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირის ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდა და გამოძიებას ახალი ფაქტები და ახალი თანამდებობის პირები დაუსახელა. მის დაბრუნებაზე საზოგადოების აზრი გაიყო, - ნაწილი ფიქრობს, რომ ის გმირია, მეორის აზრით, მედროვე, სხვანი კი მიიჩნევენ, რომ მას მადლობა ეკუთვნის, მაგრამ თავად ბედუკაძის ბრალეულობაც შესასწავლია.
- ვნახოთ, ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც მან დაასახელა. რაც შეეხება პირადად მას, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, აქაც რამდენიმე ფაქტორია ერთმანეთში არეული. ბედუკაძე გაბედული კაცია, მაგრამ ამავე დროს არის პირი, რომელსაც კავშირი აქვს მისივე მასალით გამომჟღავნებულ სისტემასთან. ისიც ამ სისტემის ნაწილი იყო. გასაგებია, რომ განუდგა, მაგრამ ხომ იყო? სხვაგვარად ამ ფირს ვერ მოიპოვებდა. თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბედუკაძეც მონაწილეობდა წამებაში, მან პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ვიდეოფირმა დიდი გარდატეხა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაში.
- გასულ კვირას კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და პრეზიდენტი ცდილობენ, დაგვარწმუნონ, ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალაო. ყოფილ მმართველ გუნდს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ერევანში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის აღდგენის იდეას დადებითად აფასებს.
- ბიძინა ივანიშვილის ზემოხსენებული განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ვექტორის შეცვლად. ვექტორი, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს, არ იცვლება. მაგრამ იმავდროულად, ჩვენ გვქონდა ძალზე უპერსპექტივო და საშიში სამეზობლო პოლიტიკა. რეგიონული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამის ნიშნები უკვე არის. კერძოდ, საწყის ეტაპზეა, მაგრამ მაინც დაიწყო ქართულ-რუსული დიალოგი. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს ცვლილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობაშიც. გარდა ამისა, საქართველო-სომხეთის ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ივანიშვილის განცხადება, რომ სომხეთი, რომელიც უთავსებს ერთმანეთს რუსეთთან, აშშ-სა და ნატოსთან კარგ ურთიერთობას, სამაგალითოა, სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის სქემა უნდა გადმოვიტანოთ. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ივანიშვილი ბალანსისა და დარეგულირების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა.
- თუმცა, "ნაციონალებმა" ეს განცხადებაც მოიშველიეს იმის დასადასტურებლად, რომ საგარეო პოლიტიკა იცვლება.
- ეს იყო მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტით მყოფი კაცის კეთილგანწყობილი განცხადება და სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთის მოდელი სტრატეგიად იქცევა. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც "ნაციონალური" ოპოზიცია აწარმოებს ახალ ხელისუფლებასთან, ეს განცხადებაც გამოიყენეს იმისთვის, რომ აეგორებინათ კამპანია, არიქა, საქართველო სტრატეგიულ კურსს იცვლისო.