ჟუნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს ეხმაურება. მისი აზრით, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა უმუშევრობის დაძლევას ხელს შუშლის.
"ჩამოვაყალიბებ, თუ რატომ არის წულუკიანის მიერ გაჟღერებული ინიციატივა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მავნებლობა და რატომ შეუშლის ხელს ეს ინიციატივა უმუშევრობის დაძლევას:
შეგახსენებთ: ახალი ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებელს, დასაქმებულის უარგუმენტოდ გათავისუფლება აღარ შეეძლება.
მე ვარ დამსაქმებელი. ვეძებ ნიჭიერ და შრომისმოყვარე კადრებს - გამოცდილებას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ ხშირად, ეს გამოცდილება მანკიერია (ამის თქმის შესაძლებლობას ჩემივე გამოცდილება მაძლევს).
ასეთი კადრების მოძიებისთვის საუკეთესო გზა გამოვნახე - სამსახურში ამყავს თითქმის ყველა, ვინც პირველად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს და პროცესში ვაკვირდები. შემდეგ, ან ვიტოვებ, ან ვითხოვ. დღევანდელი შრომის კოდექსის მოქნილობა ამის შესაძლებლობას მაძლევს. ასე ვიპოვე ყველა კარგი კადრი, რომელიც დღეს "ტაბულაში" მუშაობს და რომელთა წასვლა, მე - დამსაქმებელს - უფრო დამაზარალებს, ვიდრე მათ. მერწმუნეთ, აქედან წასვლის შემთხვევაში, არც ნინო მაჭარაშვილი, არც სალომე უგულავა, არც ნინი გოგიბერიძე, არც ავთო ქორიძე და არც არავინ - უმუშევარი არ დარჩება. მე - დავზარალდები. შესაბამისად, ჩემს ინტერესშია მათ ისეთი პირობები შევუქმნა, რომ არ "მიმატოვონ".
ამასთან, არსებული კანონმდებლობა, შესაძლებლობას აძლევს დასაქმებულს, კონტრაქტის პირობებზე თავად მოილაპარაკოს დამსაქმებელთან - მაგალითად, თავად დააყენოს პირობა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება კონტრაქტზე ხელის მოწერას, თუ დასაქმებული სამთვიან კომპენსაციას მისცემს, ან ბინას უყიდის. შემდეგ დამსაქმებელი გადაწყვეტს, უღირს თუ არა ეს კადრი ამად. რაც უკეთესია კადრი, მით მეტია მისი შესაძლებლობა თავად დააყენოს პირობა.
შემოთავაზებული ცვლილებები მე მოქნილობას მიზღუდავს. თუ ადამიანის სამსახურიდან დასათხოვად, საფუძველი უნდა ვეძებო (რაც თავისთავად საკამათო რამეა - რა არის საფუძველი?) თავს შევიკავებ ერთი ხელის მოსმით ადამიანების დაქირავებისგან. ეს კი შესაძლებლობას მოუსპობს ახალგაზრდა და ნიჭიერ კადრებს, თავი გამოავლინონ.
ცხადია, სახელმწიფოს ჩადგომა, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს არათუ შეამცირებს, არამედ გაზრდის.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა სრულიად არაკომპეტენტურია", - წერს ჩერგოლეიშვილი.
დღეს, სასტუმრო "რედისონში" შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა.
მისივე თქმით, ახალი პროექტის მიხედვით, ეს საკითხი მთლიანად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ხელშეკრულებების ფორმატი, რომელიც ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა. თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხები ცვლილებათა პროექტში ახლებურად რეგულირდება.